Tuesday, April 5, 2011

Moving Blog

Dear readers,

I'm moving my blog to another location. Please visit www.levantsutskiridze.worpdress.com

Best,
Levan

Thursday, March 17, 2011

„სავარძლის ეკონომისტი: ეკონომიკა და ყოველდღიური ცხოვრება”

სტივენ ლანდსბურგი

Free Press (1995) - Paperback - 241 pages - ISBN 0029177766

ეკონომიკა ძალიან საინტერესო მეცნიერებაა, რომლიც ადვილია მოსაწყენად ასწავლო და ბევრ მასწავლებელს ეს ძალიან კარგად გამოსდის. აი სტივენ ლანდსბურგს კი შეუძლია ამ მშრალი გრაფიკებით სავსე მეცნიერებაში სწრაფად და პირდაპირ თავით ჩააყუდოს მსმენელი. მისი წიგნი: „სავარძლის ეკონომისტი: ეკონომიკა და ყოველდღიური ცხოვრება“ პირველივე გვერდებიდანვე ახდენს მკითხველის პროვოცირებას იმდაგვარად, რომ მოგინდება ან მეტი წაიკითხო ამ საკითხებზე, ან გადაწყვეტ რომ პოლიტიკა საინტერესო საქმეა და ან თავიდან გადაიკითხავ მენქიუს, კრუგმანსა თუ ობსტფელდს (თუკი ბოლო ორი ვარიანტი ერთად მოხდება ბევრად უმჯობესია).

ეკონომიკა ცხოვრების მეცნიერებაა, რომელიც ადამიანის ქცევას ხსნის – ეს მთავარი თემა კი ძალიან ხშირად იკარგება საუნივერსიტეტო ლიტერატურაში, მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ წიგნში, რომელიც ეკონომიკას ეძღვნება ეს საკითხი შესავალში მაინც ვრცლად არის ხოლმე განხილული. რაც ძალიან კარგი აქვს ლანდსბურგს ეს არის უნარი, არ მოცილდეს მთავარ თემას და მთავარ ვარაუდს: „ადამიანი რეაგირებს მოტივაციებზე“ და ამ თემის გარშემო ატრიალოს ეკონომიკური თეორია და მისი ინტერპრეტაციები.

წიგნი ისეთი აქტუალური თემით იხსნება (ისევ და ისევ: „ადამიანი რეაგირებს მოტივებზე“), რომ ცოტა ადრე რომ დამეწერა მისი მიმოხილვა ალბათ მრავალ ქართველ მძღოლსა თუ კანონშემოქმედს ახალი (უცნაური) არგუმენტები მიეცემოდა: მისი პირველი თავი იმას განიხილავს, თუ რამდენად საშიშია ავტომობილის უსაფრთხოების ღვედები ადამიანის სიცოცხლისთვის (პასუხი: ზოგიერთი ავტორიტეტული გამოკვლევის თანახმად, უკეთესი უსაფრთხოება ნიშნავს უფრო სახიფათო მოძრაობას ავტომობილით – რადგანაც მძღოლი უფრო დაცულია, იგი უფრო სახიფათოდ მოძრაობს. შესაბამისად, იზრდება ფატალური შემთხვევები ქვეით მოსიარულეებში).

ასეთი, ყოველდღიური თემებით არის სავსე ეს პატარა წიგნი, რომელიც თავებად, მოკლე და საინტერესო მოთხრობებად ანაწილებს ეკონომიკის ძირითად საკითხებს. აი მაგალითად: რატომ არის „კარგი“ სიკვდილით დასჯა? რატომ არის „ცუდი“ თუკი თქვენ მონდომებით ცდილობთ რაც შეიძლება ნაკლები გვერდი დაბეჭდოთ და ამით დაიცვათ გარემო? რა დადებითი შედეგი მოაქვს იმას, რომ არსებობენ მწეველები? რატომ არის სულ ერთი ბიუჯეტი დეფიციტურია თუ არა? როგორ შეიძლება ხორბალის თავთავმა ავტომობილები მოისხას? რითი გავს ამერიკის ორპარტიული პოლიტიკური სისტემა ბიზნეს კარტელს?

გარდა იმისა, რომ ასეთი, ყოველდღიური თემებით ლანდსბურგი ახდენს ინტერესის გაღვივებას, იგი ასევე კარგ, მარტივ მეთოდს ჯერ გვიჩვენებს წიგნის პირველ თავებში, ხოლო მერე უკვე ანალიტიკურ ჩვევაში ნერგავს. ერთ–ერთი მთავარი კითხვა რომელიც ისმის ნებისმიერი თემის განხილვისას არის ის, „თუ ვინ ხეირობს“ ამა თუ იმ ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად. ჩვენთანაც ხომ ხშირად ისმის მოწოდებები ადგილობრივი მეწარმეების დასაცავად? თუმცაღა რა თქმა უნდა არავინ ამბობს იმას, თუ რა დააშავეს ადგილობრივმა იმპროტიორებმა ან ადგილობრივმა მომხმარებლებმა. სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზი, უფრო სწორად ანალიზისათვის საჭირო კითხვების ჩამოყალიბება და მათით გავარჯიშება ამ წიგნის ერთ–ერთი მთავარი საკითხია. მაგალითად, კარგია თუ არა ინფლაცია დასაქმებისათვის და უნდა მოახდინოს თუ არა მთავრობამ ინფლაციით მანიპულირება უმუშევრობის შესამცირებლად? რა უარყოფითი შედეგი შეიძლება მოიტანოს სუფთა ჰაერმა ჩვენს ქალაქებში?

მესამე საინტერესო საკითხი, რაც წიგნში კარგად იკვეთება ეს საჯარო პოლიტიკისა და მორალის საკითხია, რაც ძალზედ ხშირად ხდება პოლიტიკის მსჯელობის საგანი და რის შედეგადაც პოლიტიკის მთავარი იდეა ეფექტიანობა, ყველას ავიწყდება (ან ივიწყებს) ხოლმე. როგორ გავიგოთ რომელი პოლიტიკა ჯობია: რომელიც ახალგაზრდებს ეხმარება და ხანდაზმულებს აზარალებს თუ პირიქით? რითია ცუდი დაბალი საპროცენტო განაკვეთები საბანკო სესხებზე? ვინაიდან არ არსებობს „უფასო ლანჩი,“ პოლიტიკის რეალური კითხვა ხშირად იმაში მდგომარეობს თუ ვისი ჯიბიდან უნდა ამოვიღოთ ფული და ვის ჯიბეში ჩავდოთ. ეკონომისტებისათვის ამ კითხვებზე პასუხები შედარებით ნათელია, სხვა პროფესიის მიმდევართათვის კი ხშირად ეკონომიკური და ღირებულება–ეფექტიანობის ანალიზი გზას პოლიტიკას, ლობიზმსა და სტერეოტიპებს უთმობს. ეკონომიკა საჭირო მეცნიერებაა ისეთი პრობლემების გადასაწყვეტად, რომელთა პოლიტიკურ, მორალურ თუ ეთიკურ მხარეზე მრავალი მოსაზრებაა, ხოლო მისი საჭიროებისა თუ შედეგიანობის შესახებ შეთანხმება რთულია. ასეთ შემთხვევაში ეს მეცნიერება საკმაოდ წონად არგუმენტს გვთავაზობს: ყველა გადაწყვეტილება უნდა შეფასდეს მისი ეკონომიკური ღირებულება–ეფექტიანობით, ვინაიდან არ არსებობს, სხვა, უფრო უკეთესი და უფრო უნივერსალური საზომი.

თუკი თქვენ ეკონომიკას ასწავლით, ამ წიგნის თავები პირველი ლექციების საკითხავ მასალად ნამდვილად გამოგადგებათ. თუ ჟურნალისტი ხართ და მსგავს თემებზე წერთ, ან ხშირად გიწევთ ამ თემებზე მსჯელობა და დისკუსია ასევე ნამდვილად იხეირებთ. ან თუნდაც, თუკი უბრალოდ ცნობისმოყვარე ადამიანი ხართ და გაინტერესებთ პასუხები საინტერესო შეკითხვებზე ეს წიგნი კარგი ზომა–წონისაა, როგორც მოცულობით, ასევე შინაარსით: არც ძალიან რთულია და არც ძალიან დიდი. რაღაც გაგებით ეს წიგნი ცნობილი Freakonomics-ის წინამორბედად შეიძლება მივიჩნიოთ.

ბოლოს კი, აი ჩემი ყველაზე საინტერესო შეკითხვა ამ წიგნიდან: „რატომ აქვთ დიდი კორპორაციების ხელმძღვანელებს ასე მცირე ხელფასი?“ ამბობენ, ეკონომისტებს გული არ აქვთო, ხოდა როგორც ჩანს, ირონია საკმარისი აქვთ.

მიმოხილვა დაიწერა ჟურნალ "ლიბერალისთვის"

Tuesday, February 15, 2011

ეგვიპტის ძველი და ახალი გაკვეთილები


1. პოლიტიკის ტრანსფორმაციისთვის მშვიდობიანი იძულება არა ნაკლებ ეფექტიანი ფორმაა ვიდრე ძალადობა.


ძალადობა კვლავ დარჩება პოლიტიკის ინსტრუმენტად მომავალში. ზოგჯერ შეუძლებელი გახდება მშვიდობიანი ცვლილება და საჭირო იქნება ძალის გამოყენება. მაგრამ ხშირად ძალისმიერი პოლიტიკა, განსაკუთრებით საშინაო ამბებში, მსგავს რეაქციას ბადებს და ბრძოლის მეთოდს პოლიტიკის მიზნად აქცევს. მეორეს მხრივ, დაწყებული სერბული „ოტპორიდან,“ ეგვიპტური „კიფაია–თი“ (კმარა) დამთავრებული, პროტესტის მშვიდობიანი ფორმა პირდაპირი გაგებით „ანიარაღებს“ სახელმწიფოს რეპრესიულ აპარატს. როდესაც არ არსებობს ძალადობის მიზეზი, ძალადობას არ აქვს გამართლება. შესაბამისად, მას მეტი წინააღმდეგობა ხვდება. შედეგად, რეპრესიული აპარატი მეტად სუსტდება, ხშირად კი სულაც მისი მთავარი ინსტრუმენტის – ფიზიკური ძალის გარეშე რჩება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც სუსტი უფრო ძლიერია. ამ ფილოსოფიისა და პრაქტიკის საფუძვლები აღმოსავლეთშია: ჯერ კიდევ ლაო ძისა თუ სუნ–ცის ნაწერებში, რომლებიც შემდგომ მაოს რევოლუციურ დოქტრინაში ისევე განსხეულდა, როგორც მშვიდობიანი წინააღმდეგობის განდისეულ თუ უფრო თანამედროვე დასავლურ ქმედებებში. დასავლეთი ხომ ასეთია: აღმოსავლურ სიბრძნესა და ინოვაციას ყოველთვის გარდაქმნის ეფექტურ ორგანიზაციად და სამოქმედო გეგმად. აქედანაც შემდგომი გაკვეთილი:

2. სტრატეგიული დაგეგმვა გადამწყვეტია (მით უმეტეს, თუკი შედარებით სუსტი ხარ)


აქციის მონაწილეთა ინტერვიუებიდან, მათი ბლოგებიდან კარგად ჩანს თუ რამდენად ორგანიზებულად იგეგმებოდა ყოველივე: დაწყებული ელემენტარული საკითხებით: რჩევები რომ მომიტინგეებმა თან იქონიონ რძე – ცრემლსადენი გაზის ეფექტის წინააღმდეგ; პოლიციასთან შეტაკებისას დაზიანებულნი გადადიან უკანა ფლანგზე – ჯანმრთელები მოდიან წინ (ფალანგის პრინციპი – რომაელთა ეს უნიკალური სამხედრო ინოვაცია); ორგანიზატორები ამოწმებენ მომიტინგეებს რათა არ დაუშვან იარაღის შეტანა; სამედიცინო ბრიგადები კონფლიქტში არ ერევიან და სხვა... დამთავრებული „დიდი სტრატეგიით,“ რომელიც მოწინააღმდეგის ძალაუფლების ცენტრებზე (პოლიცია, არმია) ზემოქმედებას, მოკავშირეებთან სინქრონიზაციას თუ სამოქალაქო წინააღმდეგობის მსოფლიო გამოცდილების ადაპტირებას ითვალისწინებს. მთავარი (და ტრივიალური, მაგრამ ხშირად დაუფასებელი) გაკვეთილი: სწორი სტრატეგიული დაგეგმვა საშუალებას გვაძლევს ჩვენი სიძლიერე მოწინააღმდეგის სისუსტეს დავუპირისპიროთ.

3. არმია დემოკრატიული ინსტიტუტია

ჯარის კომპოზიცია ყოველთვის უფრო დემოკრატიულია, ვიდრე სპეცსამსახურების. ამასთან, მისი სოციალური მრავალფეროვნებისა და შერჩევის დემოკრატიული პრინციპის (გაწვევა ან მოხალისეობა) გამო, არმიაში უფრო რთულია სელექცია და ინფორმაციის კონტროლი ვიდრე სპეცსამსახურებში. შეიარაღებული ძალები ყოველთვის უფრო ახლოს დგანან საზოგადოებასთან, ვიდრე მეტად ინსულირებული სპეცრაზმები, სადაც აგიტაციასა და პროპაგანდას მეტი თავისუფლება გააჩნია. თურქეთის შემდგომ (სადაც შეიარაღებული ძალები სეკულარიზმის დამცველია) ეგვიპტე (სადაც არმიამ ფაქტიურად აიძულა მუბარაქი წასვლაზე და შექმნა დემოკრატიის განვითარების შანსი) უკვე მეორე დიდი ისლამური სახელმწიფოა, სადაც ჯარი დემოკრატიის ფასილიტატორის როლს თამაშობს. აქედან შემდეგი, შესაძლოა ასევე ერთი შეხედვით პარადოქსული დასკვნაც გამოვიტანოთ:

4. საზოგადოებრივი კონსენსუსი ავტოკრატიასაც სჭირდება.

მიუხედავად ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის სიმდიდრისა, მისი წარსული დამსახურებისა (იგი ეგვიპტის საჰაერო ძალებიდან გამოსული ადამიანია, სადაც ღირსეულად მსახურობდა ისრაელთან ომის დროს 1973–ში) და მის მიერ პოლიციის სრული კონტროლისა, მისი ბედი საბოლოოდ „დემოკრატიულად“ გადაწყდა: როდესაც საზოგადოებრივ–პოლიტიკური ცხოვრების აქტიური მონაწილეები ერთსულოვნად მოქმედებენ, მათ ძლიერი, ეფექტური, დაუნდობელი და მდიდარი ორგანიზაციის დამარცხებაც შეუძლიათ. ავტორიტარიზმს, დიქტატურასაც კი სჭირდება ერთგვარი საზოგადოებრივი კონსენსუსი. ამ კონსენსუსის გახანგრძლივება შესაძლებელია მედიით მანიპულაციითა და ინფორმაციის „სპინით;“ აგიტაციითა და დაშინებით, მაგრამ შენარჩუნება შეუძლებელი. გლობალიზაცია და მისი მოტორები კი (საზღვრების გამჭვირვალობა, მეტი მობილობა და მეტი ინფორმაცია) ამ ვადას მუდმივად და უფრო და უფრო სწრაფად ამცირებენ.

5. კეთილდღეობა და განათლება დემოკრატიის პირობაა

იქ, სადაც არსებობს გარკვეული რაოდენობის დოვლათი და განათლება, ადამიანებს ხელი მიუწვდებათ ელემენტარულ ტექნოლოგიებზე (მობილური ტელეფონი, ინტერნეტი) და იციან რა ხდება მსოფლიოში, დიქტატურის შენარჩუნება მეტად ძვირდება; სადაც ფიქრობენ რომ ნებისმიერ წუთში შესაძლოა დედამიწაზე სიცოცხლე რომელიღაც მოულოდნელად აღმოჩენილმა ასტეროიდმა წამიერად მოსპოს, პოლიტიკისთვის არავის სცალია. მეორე და გადამწყვეტ ტალღას (ისევე როგორც პირველის ორგანიზებას) გუგლის ერთ–ერთი ეგვიპტელი მენეჯერი უდგა სათავეში. მომიტინგეებს დიდი მხარდაჭერა ასევე ამ დროისათვის აგორებულმა გაფიცვების ტალღამაც მისცა. ღატაკ ქვეყანაში საზოგადოებას აკლია ბაზარსა და ბიზნესზე ზეგავლენის ერთ–ერთი მთავარი ინსტრუმენტი – გაფიცვა. საკმარისი განათლება და საკმარისი ფული (ზოგიერთი თეორია ამის რაოდენობასაც გვთავაზობს) საკმარისია დამოკრატიული ცვლილებისათვის.

6. ინტერნეტი დემოკრატიზაციის შემოქმედია

ინტერნეტის შეზღუდვა არაა გამოსავალი, იგი მის ინიციატორს წაგება–წაგების მდგომარეობაში აყენებს. არც კონტროლია ადვილი: კონტროლი და მონიტორინგი ინტერნეტ სივრცეში მხოლოდ მაშინ არის ეფექტური, როდესაც მაკონტროლებელმა იცის, თუ ვინ, სად, როდის და როგორ უნდა გააკონტროლოს. ეს კი ძალიან რთული ამოცანაა. შეზღუდვაზე უკეთესი გამოსავალი მისი კონტრ–გამოყენებაა. ინტერნეტის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ეგვიპტეში ჯინ შარპის წიგნის: „დიქტატურიდან დემოკრატიამდე: გათავისუფლების კონცეფცია“ რომელიც წარმოადგენს მშვიდობიანი რევოლუციების ერთ–ერთ საუკეთესო ანალიზსა და – გზამკვლევს გავრცელება, ისევე როგორც სერბული წინააღმდეგობის გამოცდილების გაზიარება. ინტერნეტი არის არა მარტო თეორიული, არამედ პრაქტიკული პოლიტიკური ცოდნის გავრცელების უმნიშვნელოვანესი (და იაფი) ინსტრუმენტი.

7. დიდმა ქვეყნებმა ხშირად ძალიან ცოტა იციან

დიდ ქვეყნებს ბევრი საქმეები აქვთ და როგორც ჩანს ხშირად ყველაფერზე იციან – ცოტა. შეერთებულ შტატებს, რომელიც მასიურ დახმარებას უწევს ეგვიპტეს, საიდანაც წელიწადში ერთ მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო სფეროს ხმარდება, გაუჭირდა დროულად დაედგინა თუ რა ხდება ეგვიპტეში (აღარაფერს ვამბობ პროგნოზირებაზე, რაც დიპლომატიის უპირველესი ამოცანაა). მეტიც, “The New York Times-ის“ ინფორმაციით, ტუნისის რევოლუციის შემდგომ პირველ შეხვედრებზე, ობამას ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველებმა (ისევე როგორც ისრაელის დაზვერვამ) მუბარაქის გადადგომის შანსი 20% – ზე მცირედ შეაფასეს. სტატისტიკას ისევ პოლიტიკურმა ალღომ აჯობა – ობამა ამტკიცებდა, რომ ეს არის ტენდენციის დასაწყისი. წარმოუდგენელია, თუმცა ფაქტია რომ შეერთებულმა შტატებმა, ეგვიპტის სახელმწიფო მმართველობაში ასეთი მასშტაბის მონაწილეობის ფონზე ასე ცოტა იცოდა.

8. პოლიტიკა ეგოისტურია, საერთაშორისო განსაკუთრებით

როგორც კი ათწლეულების განმავლობაში ამერიკის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მოკავშირის, ჰოსნი მუბარაქის პერსპექტივა დამძიმდა, დამძიმდა შეერთებული შტატების წნეხიც მისი წასვლისათვის. მათი განცხადებები დაიწყო სტაბილურობის შენარჩუნებისაკენ მოწოდებით და გადაიზარდა ცვლილების მოთხოვნაში, რომელიც უნდა დაწყებულიყო „ახლა.“ გაკვეთილი ტრივიალურია და მუდმივი: პოლიტიკას მართავს ეროვნული ინტერესი, უფრო კი ამ ინტერესის სუბიექტური გაგება მოცემული პოლიტიკური ელიტის მიერ.

9. არაფერია ცხადი

დემოკრატიული რევოლუცია არ ნიშნავს დემოკრატიულ მომავალს. ასეთი მაგალითი ირანია. იქ სადაც რევოლუცია ასევე გაჟღენთილია ეკონომიკური სიდუხჭირის დიდი ელემენტით, დიდია შანსი რომ ეკონომიკურად უფრო ეფექტური ავტოკრატია ჩაანაცვლებს ეკონომიკურად არაეფექტურს. ამიტომაც, იმის მიუხედავად რომ ეგვიპტის რევოლუცია მართლაც მსოფლიო მნიშვნელობისაა, დემოკრატიის შეუქცევად გამარჯვებაზე თავის დადება ჯერ ადრეა. ამას კი ჩემს ბოლო დაკვირვებასთან მივყავართ:

10. ისტორიის დასასრული

ბევრი დაიწერა „ცივილიზაციათა ჯახის“ შესახებ (ჰანტინგტონი და მისი მიმდევრები), რომ არსებობს კულტურები, სადაც დემოკრატია არ გამოდის - „კულტურა არის ბედისწერა“ (ლი კუან იუ); და რომ დემოკრატია რელიგიის მტერია (რადიკალი ისლამისტების მთელი თაობა – ალ ვაჰაბიდან ბინ ლადენამდე). სინამდვილეში კი ისლამმა შესაძლოა დემოკრატიის კატალიზატორის როლიც იკისროს, ვინაიდან იგი ბევრად უფრო მედეგია ტრადიციული ნაციონალიზმის მიმართ ვიდრე სხვა რელიგიები. მისთვის მთავარი გამაერთიანებელი პრინციპი რელიგია და კლანია და არა პოლიტიკური საზღვრები. პან–ისლამური დემოკრატიული მოძრაობა შემდგარი ფაქტი თუ არა, რეალური პერსპექტივა მაინც არის. ასე რომ, ეგვიპტისა და ტუნისის რევოლუციები ახალი რეგიონული ეპიდემიაც შეიძლება აღმოჩნდეს. ეგვიპტეში, ისევე როგორც მთლიანად ახლო აღმოსავლეთში, ჯერ არაფერია ცხადი, მაგრამ ფუკუიამას გადაკითხვა კიდევ უფრო საინტერესო გახდა.

Sunday, August 1, 2010

“ომის წიგნი – ომის ლიტერატურის 25 საუკუნე“

ჯონ კიგენი

Penguin Books

გაინტერესებთ როგორ წერილს მიწერდა ოჯახს ჭურვის 227 ნამსხვრევს გადარჩენილი ჰემინგუეი ? ან რას წერდა ნაპოლეონზე ვიქტორ ჰიუგო? ალბათ არც ის იქნება უინტერესო თუ რას ფიქრობდა რედიარდ კიპლინგი ომზე და როგორ აღწერა საკუთარი მდგომარეობა ფრონტზე ჯორჯ ორუელმა. თუ ასეა, მაშინ ეს წიგნი ნამდვილად დაგაინტერესებთ.

ჯონ კიგანმა, რომელიც მრავალი წიგნის ავტორია ომისა და სამხედრო პოლიტიკის საკითხებზე (მათ შორის ყველაზე ცნობილია „ომის სახე“ და „პირველი მსოფლიო ომი“) თავი მოუყარა მსოფლიოს ლიტერატურულ მეხსიერებაში არსებულ მისი აზრით საუკეთესო ნაწარმოებებს და შემდეგ, საკუთარი შეხედულებისამებრ ყველაზე საინტერესო და ყველაზე მკაფიო ეპიზოდები ერთ წიგნად შეკრა. მიუხედავად იმისა, დაეთანხმებით თუ არა კიგენის არჩევანებს (აქ არ არის „ომი და მშვიდობა“ და მაკედონელს აუცილებლად ეკუთვნოდა დამსახურებული სივრცე) უდავოა, რომ ეს ნამდვილად კარგი კოლექციაა ომისა და კონფლიქტის თაობაზე არსებული მხატვრული ლიტერატურისა, როგორც პროზის, ასევე პოეზიის მხრივ – ეს უკანასკნელი ოქსფორდის ომის პოეზიის კოლექციას ეყრდნობა.

გარდა იმისა, რომ ამ წიგნში „დიდი ავტორებისა“ და პოლიტიკური თუ სამხედრო ლიდერების ნაწარმოებების საინტერესო ეპიზოდებს ნახავთ, არა ნაკლებ საინტერესოა ომის მონაწილეთა და თვითმხილველთა მემუარები და დღიურები. წიგნის პირველი გვერდები (არც თუ მოულოდნელად) „მელოსის დიალოგით“ იწყება – „ყველაზე წარმატებული ის ხალხია, ვინც თანასწორებთან მეტოქეობს, ძლიერებთან სწორად იქცევა და სუსტებს სამართლიანად ეპყრობა“, ხოლო წიგნის ბოლო თავი ერაყის პირველი ომის მონაწილე ბრიტანელი სპეცრაზმის (SAS) მებრძოლის ჩანაწერებით მთავრდება – „ალბათ თხუთმეტი მკვდარი, ბევრად მეტი დაჭრილი. ჩვენ მათ ყურადღება არ მივაქციეთ და გზა განვაგრძეთ. უდიდესი შვება დამეუფლა, როდესაც მათთან კონტაქტი (ბრძოლა) შევწყვიტეთ, მაგრამ მაინც შეშინებული ვიყავი. კიდევ მეტი იქნება ასეთი. ნებისმიერი ვინც ამბობს, რომ არ ეშინია ან მატყუარაა ან გონებრივად შეზღუდული“ ენდი მაქნები – “Bravo Two Zero”).

წიგნი რამოდენიმე განზომილებაში შეიძლება წაიკითხო. პირველი ეს ისტორიული ქრონომეტრაჟია – ომის ევოლუცია და მისი ანარეკლი მსოფლიო ლიტერატურაში – ანტიკური პერიოდიდან თანამედროვე ეპოქამდე, ფარისა და ხმლის შეჯიბრიდან ატომურ ბომბამდე. გარდა ევოლუციისა, „ისტორიულ ქრონომეტრაჟში“ მუდმივსაც ადვილად დავინახავთ: ეს ადამიანია, რომელიც მიუხედავად მექანიზაციისა თუ კომპიუტერიზაციისა მაინც მთავარი მამოძრავებელი ძალაა ბრძოლის ველზე. მუდმივია მისი შიშებიც და რაც მთავარია - მისი უნარი დარჩეს ადამიანად ბრძოლის ველზეც კი. მუდმივია მისი კონფლიქტებიც ხელმძღვანელობასთან, პოლიტიკასა თუ ბოლო დროს უკვე თანამედროვე მედიასთან – „სამწუხაროა, რომ საზოგადოება ისე იქცევა როგორც ეს მედიას სურს... მგლოვიარენი თავს მოვალედ თვლიან კამერების წინ იტირონ (და თან თავი მნიშვნელოვნად იგძნონ ამ კამერების მათთან დგომის გამო). ზარალი, რასაც ეს მოდური დამოკიდებულებები, რომლებიც აისახება და იქმნება ტელევიზიით საზოგადოებას აყენებს უზარმაზარია... ყველას ჰგონია, რომ ვისაც კი ტრამვა მიუღია ან წუხილი განუცდია ფსიქოლოგს საჭიროებს... ნეტავ როგორ მოახერხეს 1940 წლის მებრძოლებმა სამოქალაქო ცხოვრებაში დაბრუნება ფსიქოლოგებისა და „ტვინების გამორეცხვის“ გარეშე? მე ვიცნობდი ახალგაზრდა ლივერპულელს, რომელიც სამსახურში არ წავიდა ჰილბოროს კატასტროფის (როდესაც ლივერპულის ფეხბურთელები დაიღუპნენ 1989 წელს) შემდეგ იმის გამო, რომ დამწუხრებული იყო... ის მათ არ იცნობდა, ის იქ არ იყო, მაგრამ ის ძალიან დამწუხრებული იყო იმისათვის რომ ემუშავა... საინტერესოა რა მოხდებოდა ბრიტანეთისთვის ომის დროს, პოლოტებს რომ ბრძოლაში მონაწილეობა აღარ მიეღოთ მეგობრების დაკარგვის შედეგად გამოწვეული წუხილის გამო? თუმცაღა ძალიან არ უნდა განვსაჯოთ ეს ახალგაზრდა, ის მომზადებული იყო იმისათვის რომ ეფიქრა თითქოს ემოციებს აყოლა სწორი იყო; მეტიც, ის ამაყიც იყო ასეთი ქცევის გამო (ჯორჯ მაკდონალდ ფრეიზერი, „მშვიდობიანად გამომწყვდეული“).

კიდევ ერთი საინტერესო ჭრილი, რომლითაც ეს წიგნი შეიძლება წაიკითხოს კულტურულია. განსხვავებებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს, ისლამსა და ქრისტიანობას, მოდერნიზებულ და არამოდერნიზებულ, ორგანიზებულ და არადისციპლინებულ საზოგადოებებს შორის მსოფლიო ლიტერატურის ეს ნიმუშები და მონაწილეთა მოგონებები მართლაც შთამბეჭდავად აღწერენ. ის უფლებები და შეზღუდვები რაც ქრისტიანული ან თუნდაც მუსლიმანური საზოგადოებისა და შესაბამისად კონფლიქტის modus operandi–ს განსაზღვრავდა სრულიად მოულოდნელად დაშვებული, მეტიც არარსებული აღმოჩნდა ამერიკის კოლონიზაციისას: „ყოველივე ამის (რიტუალური მკვლელობის) შემდეგ, შემპყრობელი, რომელიც მის ტყვეს ასეთი მზრუნველობითა და სიამაყით უვლიდა, უყურებდა მის ანარეკლს საჯაროდ. მისი მეომარი ახლა უკვე მკვდარი იყო, მისი გული დამწვარი ჰუტზილოპოჩტლის (აცტეკების ღვთაება) საპატივცემულოდ, მისი თავი მოჭრილი სარიტუალო ცეკვისათვის და შემდეგ სპეციალურ თავის ქალათა სადგომზე წამოცმული... მის შემპყრობელს ეძლეოდა ხოხბის ბუმბულით დამშვენებული თასი, რომელიც სავსე იყო ტყვის მკერდიდან შეგროვილი სისხლით. ამ ქოთნით მას უნდა მოევლო ქალაქი და ყველა ღმერთის ქანდაკების პირი მოებანა. შემდეგ იგი ბრუნდებოდა თავის ადგილზე, რათა დაენაწევრებინათ და გაენაწილებინათ გვამის ნაწილები. მოგვიანებით, იგი უყურებდა, თუ როგორ ჭამდნენ მის ოჯახში შეკრებილი მეგობრები მოკლულის ხორცის ფრაგმენტს და თან ტიროდნენ, განიცდიდნენ რა საკუთარი ახალგაზრდა მებრძოლის შესაძლო მსგავს მომავალს. ამ მელანქოლიურ „ნადიმზე“ შემპყრობელი გვერდზე გადადებდა თავის სამოსელს და ცარცით თეთრდებოდა, როგორც მისი ტყვე. (ინგა ქლენდინენ, „აცტეკები“).

ადამიანები განსხვავებულად მოქმედებენ, სხვადასხვა დონეზე განიცდიან და აღიქვამენ კონფლიქტს. ამ წიგნის მესამე განზომილებაც სწორედ ესაა: კონფლიქტის შეგრძნება სხვადასხვა სიმაღლეზე: უმაღლესი მთავარსარდლიდან სანგარში ჩამალულ მეომრამდე. თავის ცნობილ მიმართვაში ბრიტანელი ხალხისადმი ჩერჩილი ამბობდა: „მათ (ფრანგების) უკან, ჩვენს უკან, ბრიტანეთისა და საფრანგეთის არმიისა და ფლოტის უკან, დგანან დანგრეული ქვეყნები და სისხლისაგან დაცლილი ერები: ჩეხები, პოლონელები, ნორვეგიელები, დანიელები, ჰოლანგიელები, ბელგიელები – ყოველი მათგანის თავზე ბარბაროსობის გრძელი ღამე ჩამოწვება, რომელსაც იმედის ვარსკვლავიც კი ვერ გააკრთობს, თუკი ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ, და ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ და ჩვენ გავიმარჯვებთ (BBC ტრანსლიაცია, 1940).

სულ სხვაგვარია მათი განცდები, რომელნიც ომის მთავარი და უშუალო მონაწილენი არიან: „რას ფიქრობდნენ ის ადამიანები ახლა ამ საათს, რომელიც მრავალი მათგანისთვის უკანასკნელი იქნება? ყველაზე ახალგაზრდები, ალბათ დაძაბულნი და აღგზნებული, ძლივს მალავენ საკუთარ ნერვიულობას, მაშინ როდესაც სხვები, „მოხუცი ხელები,“ რომელნიც გამოცდილებამ ფატალისტები გახადა ცოტას ფიქრობენ. დაღლილობა ფანტაზიას ეთამაშება და მძიმე ან სასიამოვნო მოგონებებს წამოშლის – სურათები ირეალობის ფონზე. ალბათ სხვებიც იყვნენ ვინც ხმამაღლა ტიროდა, თავჩარგული იდაყვებსა და იარაღში. ისინი გაშლილ მინდვრებზე, ბაღებზე, სინათლეზე, წყლის ხმაურსა და ინგლისის ხეების შრიალზე, პატარა გაშლილ ხელებზე და იმ შიშზე ფიქრობდნენ, რომელიც განშორების დროს მათ თვალებში ჩანდა; მაგრამ რასის თვითდისციპლინის ინსტინქტმა ყველა ტუჩები მოკუმა, ყველა სახეს ნიღაბი ააფარა. ჩირაღდნის უეცარი სხივი, გატყორცნილი შუქი ვერაფერს აჩენდა გარდა დაღლილი და მობეზრებული გამომეტყველებისა, აი მხოლოდ ეს იყო...“ (გენერალი სპეარსი, „გამარჯვების პრელუდია“). ასეთი კონტრასტები სამხედროებსა და პოლიტიკოსებს, მშვიდობიან მოსახლეობასა და ჯარისკაცებს, ქალებსა და კაცებს შორის ძალზედ საინტერესო დასაკვირვებელია ამ კოლექციაში.

ეს წიგნი სწორედ ასეთი შედარებებისთვის უფროა წასაკითხი ვიდრე როგორც უბრალო ლიტერატურის ნაგლეჯების კოლექცია და ამიტომაც საინტერესო არა მხოლოდ ისტორიკოსების ან ომის სტუდენტებისათვის იქნება. „ომის წიგნი“ ასევე კარგია ისეთი ისტორიულად მნიშვნელოვანი, გადაწყვეტი მოვლენების აღსადგენად, როგორებიცაა მაგალითად მალტის ალყა, აჟინკოსა თუ გალიპოლის ბრძოლა, კონსტანტინოპოლის დაცემა, ენიგმას გაშიფვრა და ოპერაცია ულტრა, ნორმანდიის გადასხმა, ატომური ბომბის ჩამოგდება ნაგასაკიში და სხვა. რაც ყველაზე მთავარია, ეს ყველაფერი მონაწილეთა და თვითმხილველთა მიერაა ნაამბობი და არა „სავარძლის ექსპერტების“ მიერ.

დასასრულს, თუკი ჰემინგუეის ბედი ისევ გაინტერესებთ, ის ყველაზე ამაყად პოკერში მოგებულ ორმოცდაათ ლირაზე წერს.

–ეს მიმოხილვა დაიწერა სპეციალურად ჟურნალ "ლიბერალისათვის"–

Friday, May 28, 2010

გადამწყვეტი არჩევანი

გასულ კვირას ევროპულმა სახლმა საინტერესო დებატები მოაწყო ევროკავშირის პოლიტიკის შესახებ. მის გახსნაში მონაწილეობა მიიღო პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდრ კვაშნევსკიმაც.. ჩემ შეკითხვაზე, თუ რა პოლიტიკური, დიპლომატიური ან ეკონომიკური ფასი შეიძლება დაადოს ევროპამ რუსეთის მიერ სამხედრო აგრესიის განმეორებას, კვაშნევსკიმ მიპასუხა, რომ თუკი რუსეთს კარგი ურთიერთობები უნდა დასავლეთთან, აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის საკითხები რაიმე ფორმით უნდა მოგვარდეს. ეს პასუხისაგან თავის არიდება იყო, ვინაიდან, როგორც ჩანს, ევროპას ამ თემაზე ფიქრი არ სურს, ან იფიქრა, მაგრამ პასუხი ჩვენთვის არასასურველია, მისი თქმა კი – უხერხული.

საქართველო რთულ საერთაშორისო პოლიტიკურ ვითარებაშია. შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა და სტრატეგია იცვლება და არა – ჩვენთვის სასიკეთოდ. პრეზიდენტ ობამას უმთავრესი საგარეო პოლიტიკური ამოცანაა ავღანეთი, ერაყი და ირანი. თეირანის ბირთვული პროგრამის პროგრესმა შეერთებული შტატები, შესაძლოა, კიდევ ახალ კონფლიქტში გარიოს – ისრაელის საშუალებით. შესაბამისად, შუა აღმოსავლეთი კვლავ რჩება ამერიკის მნიშვნელოვან პრობლემად. ამას ემატება გლობალური ომი ტერორიზმის წინააღმდეგ, სადაც პაკისტანის გაურკვეველი მომავალი ასევე საფრთხეს წარმოადგენს ამერიკისათვის, ვინაიდან ამ ბირთვული სახელმწიფოს ძალოვან ინსტიტუტებს მჭიდრო და ამასთანავე რთულ ურთიერთდამოკიდებულება აქვთ თალიბების მოძრაობასთან. ობამას მისიის ნაწილია აგრეთვე _ ბირთვული არსენალების შემცირება. ზოგადად, მისი პოლიტიკური მსოფლმხედველობა გახლავთ დიდი, რადიკალური ცვლილებები. ამ დიდი მიზნებისთვის კი, როგორც ჩანს, „პატარა დათმობები“ მისაღებია.

ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ამ ამოცანების გადაჭრაში შეერთებული შტატები რუსეთს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პარტნიორად თვლის და შესაბამისადაც იქცევა. ამერიკამ გადადო სარაკეტო თავდაცვის სისტემა, ნაკლებად უჭერს მხარს NATO-ს გაფართოებას, აღადგენს ბუშის მიერ საქართველოსთან ომის დროს გაუქმებულ ბირთვული თანამშრომლობის პაქტს, ვინაიდან „აღარ მიიჩნევს საქართველოს მდგომარეობას დაბრკოლებად ამ საკითხში“. ამ ყველაფრის სიმბოლური აღმნიშვნელი კი ამერიკელი სამხედრო ქვეითების წითელ მოედანზე 9 მაისის აღლუმში მონაწილეობა გახდა. როგორც quid-pro-quo, ობამამ რუსეთის მიერ ირანის მიმართ „ტონის გამკაცრება,“ მის წინააღმდეგ სანქციებზე ზოგადი თანხმობა და ავღანეთისკენ მიმავალი ტვირთმზიდების რუსეთის ცაზე არც თუ ბევრი გადაფრენა მიიღო. ამერიკამ ბევრი დათმო და ჯერჯერობით ცოტა მიიღო.

ევროკავშირი საკუთარ პრობლემებშია ჩაფლული. ეკონომიკური და ფინანსური კრიზისები, შიდა საკავშირო დაპირისპირება ნამდვილად გაართულებს საქართველოს მიმართ რაიმე მწყობრი საგარეო პოლიტიკური ხედვის აწყობას. მეტიც, ევროკავშირში უკვე ევროზონის რღვევის რისკებზეც საუბრობენ ეკონომისტები და პოლიტიკოსები. რამდენად დარჩება პოლონეთი ჩვენი აქტიური მხარდამჭერი პრეზიდენტ კაჩინსკის დაღუპვის შემდეგ, უახლოეს მომავალში ვნახავთ. დიდი ბრიტანეთი, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერი იყო ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებთან უნისონში მოქმედი NATO-სა და უსაფრთხოების სხვა საკითხებში, ამჟამად კოალიციურ მთავრობას აყალიბებს. ამ მთავრობაში კონსერვატორები და ლიბერალ–დემოკრატები გაიყოფენ ძალაუფლებას. ეს გადაწყვეტილებების მიღების უფრო რთული პროცესის ნიშანია, მით უმეტეს - საგარეო პოლიტიკაში, სადაც ლიბერალ–დემოკრატებსა და კონსერვატორებს ნამდვილად განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ჩვენი სამხედროები ავღანეთში ფრანგული სარდლობის ქვეშ მსახურობენ, ეს სარდლობა კი მისტრალს რუსებზე ყიდის.

ევროპელებს, უფრო მეტად, ვიდრე შეერთებულ შტატებს, სჭირდებათ რუსეთთან თანამშრომლობა და, როგორც მინიმუმ, არ სჭირდებათ პრობლემები. ამიტომაც არსებობს აღმოსავლეთის პარტნიორობის გეგმა, სადაც ვიმუშავებთ უსაფრთხოების „რბილ“ განზომილებაზე, ვისაუბრებთ სავიზო რეჟიმის გამარტივებასა და თავისუფალ ვაჭრობაზე, მაგრამ უსაფრთხოების რთულ საკითხებზე სამოქმედოდ ევროპა მზად არ არის. დასავლეთის მთავარი უსაფრთხოების გარანტი – NATO ამჟამად სტრატეგიის რეფორმის პროცესშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი სტრატეგიის შექმნამდე ეს ორგანიზაცია status-quo მოთამაშედ დარჩება მაშინ, როდესაც ანტი status-quo მოთამაშე რუსეთი აქტიურ საგარეო პოლიტიკას აწარმოებს.

ჩვენს უახლოეს სამეზობლოშიც რთული ვითარებაა. დემოკრატიის ტალღამ, რომელმაც რეგიონს გადაუარა ეკონომიკურ კრიზისებს, კორუფციასა და შიდა სახელისუფლებო დაპირისპირებას დაუთმო ასპარეზი. იანუკოვიჩის პრეზიდენტობისას კარგი შედეგი იქნება, თუკი უკრაინა არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობას. აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა გართულდა, სომხეთი კი რუსეთის ტრადიციული პარტნიორია. რეგიონის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ჯერ კიდევ ერთგული რჩება დასავლეთზე ორიენტაციისა, საქართველოა. ჩვენთან ესმით, რომ სახელმწიფოს მოწყობის დასავლური მოდელი უკეთესია, ვიდრე ის, რასაც რუსეთში ვხედავთ. ამასთან, საქართველოს რუსეთისადმი დიდი „განზიდულობა“ აქვს. ის რომ ამ სივრცეში მარტო ვართ, პრობლემაც არის და შესაძლებლობაც. პრობლემა ცხადია, შესაძლებლობა კი ისაა, რომ საქართველო შეიძლება დასავლეთის პრესტიჟის საკითხი გახდეს.

იმ საერთაშორისო ვითარებაში, რომელშიც დღეს საქართველო მოხვდა, სადაც რისკის ამპლიტუდა დასავლეთის დაბალი ინტერესიდან დიდ სახელმწიფოებს შორის რაციონალურ, თუმცა ჩვენთვის არასასურველ გარიგებამდე მერყეობს, ჩვენი მთავარი ამოცანაა სახელმწიფოებრიობისა და მიღწეული პროგრესის (უკეთესი ადმინისტრირება, კორუფციის შემცირება და სხვა) შენარჩუნება. ამ მხრივ, რამდენიმე რამ აუცილებლად და სწრაფად არის გასაკეთებელი:

პირველი – ეს მოახლოებული არჩევნების კარგად ჩატარებაა. სამართლიანი და მთავარი მოქმედი პირების მიერ მიღებული არჩევნები იმის საწინდარი იქნება, რომ ერთი მხრივ საქართველო გაიუმჯობესებს დემოკრატიის ხარისხს, ხოლო მეორე მხრივ, გამორიცხავს მასობრივ მღელვარებას, რასაც აუცილებლად გამოიყენებენ სახელმწიფოს (და არა მხოლოდ მთავრობის) წინააღმდეგ. „კარგ არჩევნებს“ სხვა დადებითი ეფექტიც ექნება: იგი გახდება საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში იმპულსი პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებისა და ახალი, პოზიტიური პოლიტიკური იდეების განვითარებისთვის, რომელსაც სულ რამდენიმე წელიწადში მნიშვნელოვანი გამოცდა ელის – 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იქნება ჩვენი შანსი, პირველად გადავცეთ უმაღლესი ხელისუფლება მშვიდობიანი გზით. ეს დღევანდელი მთავრობის მნიშვნელოვანი მისიაა, მაგრამ ასევეა ჩვენი დიდი პასუხისმგებლობაც.

მეორე და მნიშვნელოვანი საკითხია შეიარაღებული ძალების რეფორმა. ძალზედ მნიშვნელოვანია ეროვნული სამხედრო სტრატეგიისა და უსაფრთხოების დოქტრინის დროულად მიღება და შეიარაღებული ძალების მათთან შესაბამისობაში მოყვანა. რეზერვის რეფორმა გაჭიანურდა და მისი განხორციელება აუცილებელია. თუკი ჩვენ გვინდა ‘“აგრესიის ფასის აწევა,“ მაშინ მაღალპროფესიულირეზერვის შექმნა გადაუდებელი ამოცანაა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, რეზერვზე საუბარი ძალზედ არაპოპულარულიც იყოს. შეიარაღებული ძალები საზოგადოების ანარეკლია. თუკი ვერ შევქმნით რეზერვს, რომელსაც შეეძლება ქვეყნის თავდაცვაში ეფექტური მონაწილეობა, ეს ნიშნავს, რომ არც არაფერი გვიღირს დასაცავად. ჩვენი მთავარი პრობლემა შეიარაღების ბაზრებიცაა. ჩვენმა დიპლომატიამ აქტიურად უნდა იმუშაოს იმისათვის, რომ საქართველოს ჰქონდეს მაღალტექნოლოგიური თავდაცვითი შესაძლებლობა. ჩვენ უფრო მაღალი ფასი უნდა დავადოთ ქართული არმიის ავღანეთში მონაწილეობას.

მელოსის დიალოგი ისევე აქტუალურია ჩვენს საუკუნეში, როგორც პელოპონესის ომის დროს, სადაც კარგად იცოდნენ, რომ უფლებებისა და სამართლიანობის საკითხი მხოლოდ თანასწორთა შორის განიხილება. ასეთ ასიმეტრიულ ძალთა ბალანსის ვითარებაში, შეცდომას დავუშვებთ, თუკი მცირე ევროპული მისიისა და სარკოზის გეგმის იმედზე დავტოვებთ ქვეყნის უსაფრთხოებას. სახელმწიფოთა უსაფრთხოების გარანტი ყოველთვის იყო ძალა და არა _ შეთანხმებები. ამიტომაც, შიდა ბალანსირება და რესურსების მობილიზება აუცილებელი ხდება, იქნება ეს ფინანსური თუ ადამიანური. ახალი შესყიდვების ბაზრების გახსნა და რეზერვის რეფორმა ორი საშური საქმეა.

ჩვენი პრიორიტეტების მესამე სფეროა დასავლეთის პოლიტიკურ სისტემაში ინტეგრირება. არსებულ ვითარებაში NATO-სა და ევროკავშირის წევრობა მიამიტური მოლოდინი იქნება. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ეს თემა უნდა დავივიწყოთ; მეტიც, სწორედ ამიტომ გვმართებს უფრო მაღალი აქტიურობა. მაგრამ დასავლეთის ხიბლი ისიც არის, რომ თუნდაც მისი ნაწილი არ იყო, შეიძლება ის თავად გახდეს შენი. თუკი ჩვენ ჯერ ვერ მივალთ დასავლეთთან, შეგვიძლია დასავლეთი შემოვიყვანოთ ქვეყანაში. კარგი არჩევნები, გამჭვირვალე საჯარო ინსტიტუტები, ეფექტური რეფორმები, ანგარიშვალდებული მთავრობა, თავისუფალი და პროფესიული მედია, ღირებულებებზე დაფუძნებული, პოზიტიურად მოაზროვნე პოლიტიკური პარტიები და მოქმედი სამოქალაქო საზოგადოება – არის დიდი და ფართო გზა საქართველოს ნამდვილ თანამედროვე სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისთვის.

ყოველივე ეს მხოლოდ სათქმელად არის ადვილი. მაგრამ დასავლეთის „შემოყვანა“ საქართველოში შეიძლება იმის დასაბამიც გახდეს, რომ ასე საჭირო წევრობა დასავლურ სამხედრო-პოლიტიკურ კლუბში შესაძლებელი გახდეს. ეს არის ერთადერთი გზა და იქნებ უკანასკნელი არჩევანიც ქვეყნისათვის, რომელიც თანამედროვე სახელმწიფოდ გადაქცევას ცდილობს, როდესაც დიდ სახელმწიფოს სამეზობლოში არავინ უშლის თავნებობას. ცოტა ირონიაც რომ გავურიოთ (პოლიტიკას უხდება) – ჩვენი თავი ჩვენადვე ახლა ნამდვილად გვეყუდნის.


სტატია დაიწერა სპეციალურად ჟურნალ "ლიბერალისათვის"

Thursday, April 22, 2010

თავისუფალი მსოფლიო: ამერიკა, ევროპა და დასავლეთის მოულოდნელი მომავალი. თიმოთი გართონ ეში


Random House, New York. 2004
http://www.timothygartonash.com

„თავისუფალი მსოფლიოს“ ერთ–ერთი ყველაზე საინტერესოდ განხილული თემა „დასავლეთის“ კრიზისია. კერძოდ კი ის დაპირისპირება, რაც შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის წამოიშვა. ამის უშუალო მიზეზი გაარტონ ეშის აზრით ერაყის ომის წამოწყება იყო, მაგრამ ევროპულ–ამერიკულ კრიზისებს უფრო ღრმა საფუძვლები გააჩნია. ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებებში მთავარ როლს საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და რა თქმა უნდა შეერთებული შტატები თამაშობენ. ბრიტანეთი ეშის აზრით ორსახა იანუსს მოგვაგონებს, რომელსაც თანაბრად განვითარებული აქვს როგორც კონტინენტური, ასევე ტრანსატლანტიკური იდენტობა, რაც მის საგარეო პოლიტიკას უნიკალურს, თუმცა პრობლემატურს ხდის. ამასთან, დიდი ბრიტანეთი ის ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც სწორედაც რომ ამ დუალიზმის გამო შეუძლია უმთავრესი როლი ითამაშოს ევროპისა და ამერიკის მჭიდროდ შეკავშირებაში.

კონტინენტური ევროპა თავის მხრივ, ახალი იდენტობის შექმნასა თუ ძიებაშია. მისი დიდი წილი იგება იმაზე, რომ „ევროპა არ არის ამერიკა.“ აღნიშნულის საფუძველი რამოდენიმეა. პირველი, ეს არის საბჭოთა საფრთხის გაქრობა. მეორე ფაქტორია „მოკლევადიანი გაღიზიანება“ – ჯორჯ ბუშის ცალმხრივი საგარეო პოლიტიკა ერაყისა და სხვა საკითხებში, ხოლო მესამე ევროპული ანტი–ამერიკანიზმია (ისევე, როგორც ანტი–ევროპიზმი ამერიკაში). ევროპა ორ განსხვავებულ საგარეო პოლიტიკურ ხედვას შორის მერყეობს: „ევრო-გოლიზმი,“ რომელიც ამერიკისა და ნატოსაგან უფრო იზოლირებული საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს ხედავს და „ევრო-ჩერჩილიზმი,“ რომელიც მჭიდრო
ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობაში ხედავს საუკეთესო არჩევანს.

შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში დიდია რყევები იზოლაციას, უნილატერალიზმსა და მულტილატერალიზმს შორის. ასეთი ცვლილებები არღვევს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ თანამიმდევრობას. ამერიკის ევროპასთან მჭიდრო თანამშრომლობას სტრატეგიულ საკითხებში ისიც ართულებს, რომ ევროპას „ბევრი დედაქალაქი“ აქვს. სამხედრო თვალსაზრისით, ევროპა შეერთებული შტატებისათვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქმე მის ეროვნულ ინტერესებს ეხება. თავის მხრივ, ევროპელები ეძებენ საკუთარი ძალის ახალ განზომილებებს, საკუთარ „უხეშ ძალასაც,“ თუმცაღა რისთვის, ან რის წინააღმდეგ სჭირდებათ ეს ძლიერება ჯერ–ჯერობით ბუნდოვანია.

მნიშვნელოვანია ევროპელებსა და ამერიკელებს შორის განსხვავებები რელიგიის, სახელმწიფოს როლის, უთანასწორობის საკითხების, გარემოს დაცვის, სუვერენიტეტის, იარაღის ფლობის და სიკვდილით დასჯის საკითხებში. მაგალითად: ღმერთი მნიშვნელოვანი ან ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკელთა 83% ის ცხოვრებაში, მაშინ როდესაც, ევროპელთა მხოლოდ 49% მიიჩნევს ასე. ფედერალური გადასახადები ამერიკაში 30%–მდეა, ხოლო ევროპის საშუალო გადასახადი 40%–ს უტოლდება ან სჭარბობს. სიმდიდრის განაწილება ევროპაში უფრო თანაბარია, ვიდრე ამერიკაში. ამ უკანასკნელში, საშუალო ფენა პრინციპში მცირე, მაგრამ ძალიან მდიდარ ფენასა და ქრონიკულად ღარიბ ქვედა ფენას შორისაა მოქცეული. 2001 წლის 9/11–ის შემდეგ ამერიკელების 72% იყო ძალიან ამაყი თავისი ქვეყნით. ამავე კითხვაზე ინგლისელების 49% და გერმანელების 40% უპასუხა ანალოგიურად. ყოველ ათ ამერიკელზე ცხრა იარაღი მოდის, მაშინ როდესაც ევროპაში ათ ადამიანს სამზე ნაკლები ცეცხლსასროლი იარაღი აქვს. „ამერიკული ცხოვრების წესი“ ბევრად მეტ ენერგორესურსს ხარჯავს, ვიდრე ევროპული. თუკი ევროპელებმა საკუთარი სუვერენიტეტის მნიშვნელოვანი წილი ევროკავშირს გადასცეს, ამერიკელებისათვის სუვერენიტეტის „დათმობა“ მიუღებელია. ამ ფონზე, გასაკვირი არ არის, რომ 2003 წელს ევროპელთა 79% ფიქრობდა რომ მათ და ამერიკელებს განსხვავებული სოციალური და კულტურული ღირებულებები გააჩნიათ.

საინტერესო ამ წიგნში ბევრია. თუ ფიქრობთ რომ ამერიკელი კონსერვატორები გარემოსთან მებრძოლი კოვბოები არიან, საინტერესო იქნება წაიკითხოთ რომელ სახელმწიფოს აქვს უფრო „სუფთა დანახარჯი“ ერთ დოლარზე; რატომ ეწინააღმდეგებიან განვითარებადი სახელმწიფოები კარბონ დიოქსიდის გამონაბოლქვის შეზღუდვების დაწესებას მათთვის; რატომ არ ამბობენ უარს ევროპელები და ამერიკელები სუბსიდიებზე საკუთარი ინდუსტრიების მხარდასაჭერად და რა ნეგატიური გავლენა აქვს ამას სიღარიბის შემცირების ძალისხმევაზე. ამ საქმეში „ჩემპიონი“ ევროპაა: 2000 წელს ევროკავშირი 913 აშშ დოლარ სუბსიდიას ხარჯავდა ერთ ევროპელ ძროხაზე, მაშინ როდესაც მისი საგარეო დახმარება შავი აფრიკისათვის 8 აშშ დოლარი იყო ერთ ადამიანზე. მიუხედავად ამისა, ოფიციალური საგარეო დახმარების მხრივ ევროკავშირი უსწრებს შეერთებულ შტატებს.

მიუხედავად ამერიკის უპირობო სამხედრო, ტექნოლოგიური და ეკონომიკური ძლიერებისა, ევროპის მიზიდულობისა („ამერიკელები მარსიდან არიან, ევროპელები კი ვენერადან“), ახალი მოთამაშეები და საფრთხეები მნიშვნელოვნად შეამცირებენ დაასვლეთის მიერ ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების შესაძლებლობას. ამის ისტორიული შანსი არის ახლა და დღეს. ამას კი ვერც ევროპა და ვერც შეერთებული შტატები მარტო ვერ შეძლებს. ტრანსატლანტიკური ურთიერთობების შედუღაბებაში წამყვანი როლი ბრიტანეთმა უნდა ითამაშოს, სადაც ტონი ბლერის პროექტი ბრიტანეთისთვის, როგორც დიდი ტრანსატლანტიკური ხიდისა, ჯერ კიდევ ცოცხალია. ამერიკის სამხედრო და ეკონომიკური ძლიერება საშუალებას აძლევს თავისუფალ სამყაროს ხელი შეუწყოს როგორც თავისუფლების გავრცელებას, ასევე ტერორიზმის დამარცხებას, სიღარიბის დაძლევას და პლანეტის გაჯანსაღებას. ამერიკა, რომელიც „ევროპის ქალიშვილი“ იყო, ახლა „ბიძია სემია“ და მან ეს როლი კარგად უნდა შეასრულოს: მხარი დაუჭიროს ევროკავშირის ინტეგრაციას და კვლავ მიიღოს იგი როგორც სერიოზული და თანასწორი პარტნიორი.

ევროპას თავის მხრივ, აქვს შანსი დაამტკიცოს, რომ სემუელ ჰანტინგტონი ცდებოდა: მან თურქეთი და უკრაინა (მოლდოვასა და ბელორუსიასთან ერთად) უნდა მიიღოს ევროკავშირში და უჩვენოს, რომ მართლმადიდებლურ და მუსლიმანურ საზოგადოებებშიც შესაძლებელია თავისუფალი საზოგადოების არსებობა (საწინააღმდეგო აზრს ეში „ვულგარულ ჰანტინგტონიზმს“ უწოდებს). ამასთანავე, ის რაც რთული გადასახარში იქნებოდა ევროპისათვის, შედარებით ადვილია NATO-სათვის – ასეთი რუსეთია. NATO–ს შეუძლია რუსეთიც ჩააყენოს საერთო ფერხულში და ამით განამტკიცოს საერთაშორისო უსაფრთხოებაც. სწორედ ამიტომ, NATO რუსეთის ინტეგრაციას უნდა შეეცადოს.

მხოლოდ ასეთი, თამამი ისტორიული ნაბიჯებით შეიძლება ისეთი პრობლემების გადაწყვეტა, როგორებიცაა ისრაელ–პალესტინის კონფლიქტი, საერთაშორისო ტერორიზმი, სიღარიბე, ეკოლოგიური პრობლემები და ბირთვული საფრთხეები. ამ გზაზე სავალი დრო შეზღუდულია და მისი ეფექტური გამოყენება მხოლოდ ევროპისა და შეერთებული შტატების მჭიდრო თანამშრომლობითაა შესაძლებელი. სწორედ ამაშია დასავლეთის ერთგვარად მოულოდნელი მომავალიც: თუკი გამბედაობა ეყოფათ, ევროპასა და ამერიკას შეუძლიათ ერთად აჯობონ ლობისტებსა და ინტერეს ჯგუფებს, დაძლიონ „შიდა საოჯახო“ წინააღმდეგობები და გადალახონ ისტორიული ჰორიზონტები. მათ შეუძლიათ, შექმნან ახალი კავშირები და ისეთი მსოფლიო, სადაც მათი შედარებითი დასუსტების შემთხვევაშიც კი ისინი შეძლებენ თავისუფლების მხარდაჭერას მსოფლიოში.


სტატია დაიწერა სპეციალურად ჟურნალ "ლიბერალისათვის"

Saturday, April 17, 2010

ჩანაწერები ვარშავიდან

ორჯერ მომიწია ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენის მომსწრე ვყოფილიყავი სხვა ქვეყნების, სხვა ხალხების ცხოვრებაში, რომლებიც მათ მომავალ ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს და ისტორიაშიც სამუდამოდ რჩება. პირველად 2001 წლის 11 სექტემბერს, პენტაგონთან მდებარე ჩემი სახლი აღმოვაჩინე კვამლში გახვეული. ახლა კი ზუსტად იმ დღეს ჩავფრინდი ვარშავაში, როდესაც პრეზიდენტ კაჩინსკის ცხედარი ჩამოასვენეს.

ყველა სახელმწიფოს ცხოვრებაში ხდება მოვლენები, რომლებიც ერთის მხრივ, ამ ქვეყნისათვის დიდი სირთულე ან ტრაგედიაა, ხოლო მეორეს მხრივ, აჩვენებს ამ საზოგადოების ნამდვილ სახეს და შესაბამისად, საშუალებას გაძლევს დაინახო, თუნდაც ძალიან ზოგადად, თუ სად მიდის ეს ხალხი და როგორ სახელმწიფოს, როგორ მომავალს აშენებს იგი მისთვის და მისი მომავალი თაობისათვის.

მთავარი, რაც იმ დღეებში ვნახე იყო ქუჩის მუსიკოსი, რომელიც პოლონეთის ჰიმნს უკრავდა. ჩემთვის ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იმისა, რომ ამ საზოგადოების არა მხოლოდ მდიდარ, ან საშუალო ფენას აწუხებს საერთო საქმეები, არამედ მის ცალკეულ, ხშირად განცალკევებულ, თითქოს მარტო მდგომ ადამიანებსაც კი.

ადამიანების, ისევე როგორც საზოგადოებისა და ქვეყნების სახეს არა მათი წარმატება, არამედ მათი წარუმატებლობა ან ტრაგედია აჩვენებს. ის, თუ როგორ ზეიმობ გამარჯვებას არაფრისმთქმელია, როგორ უმკლავდები წარუმატებლობასა თუ ტკივილს – ყველაფრის. პირველი და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც შეიგრძნობდი და დაინახავდი ამ დღეებში არის პოლონელების უაღრესად დიდი სოლიდარობის განცდა, მათი ძალიან დიდი პატრიოტიზმი. ამ ქალაქის მაცხოვრებელთა სახეზე იკითხებოდა არა შიში, ან დაბნეულობა, არამედ იმ დიდი ტრაგედიის ღრმა განცდა, რაც ქვეყანას ეწია. ქუჩების პირას, ბარებსა და რესტორნებთან და რაც მთავარია, კერძო საცხოვრებელი ბინებიდან ყველგან გამოფენელი იყო პოლონეთის დროშები შავი არშიებით. ბარები და რესტორნები ცარიელი, თუმცა იქაც, სადაც კანტი–კუნტად ნახავდი ადამიანებს ვერ გაიგონებდი მხიარულებას, ყველა უყურებდა სამგლოვიარო ცერემონიალს რომელიც ქალაქში მიმდინარეობდა. პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, ისევე როგორც სამთავრობო ორგანიზაციების შესასვლელები სავსე იყო სანთლებითა და ყვავილებით, ხოლო ხალხი ჩამწკრივებული პრეზიდენტისათვის უკანასკნელი პატივის მისაგებად.

ყოველივე ეს იმით არის მნიშვნელოვანი რომ პრეზიდენტი კაჩინსკი იყო პრეზიდენტი... პოლონელებისათვის ის არ ყოფილა არც ერის მხსნელი, არც რაიმე დრამატული, დიდი პოლიტიკური გადატრიალების შემოქმედი. მისი მხარდამჭერების დიდი ნაწილი საშუალო და მეტი ასაკის ადამიანები იყვნენ, მას ხშირად აკრიტიკებდნენ ევრო–სკეპტიციზმისა და რუსეთთან გართულებული ურთიერთობის გამო. სწორედ ამიტომ უფრო არის ასეთი სოლიდარობა მნიშვნელოვანი, რადგან ის საზოგადოების პოლიტიკურ შეგნებაზე მიუთითებს. კაჩინსკი არ იყო პოლიტიკური მესია, რომელიც ყველას უყვარს, მაგრამ პოლონეთში არის საზოგადოება, რომელიც აფასებს ადამიანებს, პატივს სცემს და ამაყობს თავისი სახელმწიფო ინსტიტუტებით.

სახელმწიფოებრიობის, ამ სახელმწიფოებრიობისათვის ბრძოლისა და ომის ხანგრძლივი, უწყვეტი გამოცდილება მნიშვნელოვანია ადამიანების შეგნების ჩამოყალიბებაში და იმაში, რომ მათ ზუსტად გაიგონ იმ საზოგადო მოვლენების მნიშვნელობა, რაც მათ გარშემო ხდება. დარწმუნებული ვარ არც ერთ პოლონელს არ შეშლია რა უნდა გაეკეთებინა და როგორ უნდა მოქცეულიყო ამ ვითარებაში: ისინი შეიკრიბნენ პრეზიდენტის სასახლესთან და მას მერე შეუძლებელი იყო თავისუფლად გაგევლო იმ უბანში. იგი სავსე იყო ცერემონიალში მონაწილე ადამიანებით, რომლებსაც მიჰქონდათ ყვავილები და სანთლები, რომლებიც ჩერდებოდნენ ქალაქის ყველა საგაზეთო და სარეკლამო ჯიხურზე განთავსებულ დაღუპულთა პორტრეტებთან და კითხულობნენ მათ ბიოგრაფიებს. ტურისტებიც კი, ხალხი ვისაც ნაკლები საერთო შეიძლება ჰქონდეთ ამ მოვლენებთან, ამ პროცესის მართლაც გულითადი, ნამდვილი მონაწილენი იყვნენ. მათ შორის იყო ქართული სათვისტომოს ნაწილი და იმ დროს იქ მყოფი ქართული დელეგაციებიც.

რაც შეეხება პოლიტიკას. პოლიტიკა ცოტა ხნით გაჩერებულია, მაგრამ რა თქმა უნდა ცოტა ხნით, რადგან პოლიტიკა პოლიტიკაა, ადამიანები ადამიანები არიან და ქვეყანას მართვა ჭირდება. ორი საკითხი ამ დღეებშივე ამოტივტივდა მსჯელობისათვის: კრიზისის მენეჯმენტი (და ამისათვის საჭირო გეგმები) და შიდა პოლიტიკა. ბუნებრივია, არჩევნები კონსტიტუციის თანახმად დაინიშნება, მაგრამ პოლონეთისთვისაც კი, რომელიც ევროკავშირისა და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრია და შესაბამისად არ ემუქრება რაიმე მნიშვნელოვანი საგარეო თუ საშინაო რყევები ამხელა დანაკლისის ანაზღაურება რთული იქნება. მმართველი პოლიტიკური ელიტის დიდი ნაწილის სიკვდილი რთულია როგორც სახელმწიფოსათვის, ასევე პარტიისათვის. ამასთან, ამ შემთხვევამ გამოავლინა იმ პროცედურების არსებობის მნიშვნელობა, რომელიც ასეთ კრიზისულ ვითარებაში იმუშავებს. სახელმწიფოთა უმრავლესობას (შეერთებული შტატებისაგან განსხვავებით) არ აქვს ზუსტად და სრულად განსაზღვრული პროცედურები იმის თაობაზე თუ ვინ შეიძლება იყოს ერთდროულად ერთ თვითმფრინავში და ვისზე და როგორ გადადის მეთაურობა ზემოდან ქვემოთ კრიზისის შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, ის ადამიანები, რომელთაც ვესაუბრებოდი დარწმუნებულნი არიან, რომ სამართლებრივი, კონსტიტუციური კრიზისის შემთხვევაშიც კი (თუკი მაგალითად პარლამენტის თამჯდომარეც დაიღუპებოდა ავიაკატასტროფაში) პოლონეთი მშვიდად მოახერხებდა ახალ არჩევნებამდე მისვლასა და სტაბილურ ტრანზიციას.

პირველ ნაწილში სოლიდარობაზე მხოლოდ ემოციური შთაბეჭდილების გამო არ მისაუბრია. კანონები ნდობის კომპენსირების საშუალებაა, ხელისუფლება კი ამ კანონების/კონტრაქტების გარანტორი. ხალხებს, სადაც ადამიანები ერთმანეთს არ იცნობენ და ერთმანეთთან ნაკლები საერთო აქვთ, სჭირდებათ დაწერილი წესები, რაც მათ ამ უნდობლობას გადაალახინებს. მაგრამ ისეთ საზოგადოებას, რომელსაც ასეთი სოლიდარობის განცდა გააჩნია, ნამდვილად შეუძლია ღირსეულად გადალახოს დიდი ტრაგედიები და კრიზისები ისე, რომ იქიდან კიდევ უფრო ძლიერი გამოვიდეს. ამითაც განსხვავდება მოქალაქეთა საზოგადოება ხალხთა უბრალო კრებულისაგან. საზოგადოებას მეტხანს შეუძლია თვითორგანიზება, თვითკონტროლი და მობილიზაცია, ეს უკანასკნელი კი კონტროლის დაკარგვის შემთხვევაში უცებ დაქუცმაცდება ტომებათ და უბნებად.

საინტერესოა ამ მოვლენის შესაძლო გავლენა საგარეო პოლიტიკაზეც, მათ შორის ჩვენზე. პოლონეთი ევროკავშირის ერთ–ერთი ცენტრალური ქვეყანაა, დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობით. როგორ იქნება მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ ჩვენზეც აისახება. პოლონეთის საქართველოსადმი სოლიდური მხარდაჭერა ისტორიული გამოცდილების, პოლონეთის პრეზიდენტის საქართველოსადმი პირადი კეთილგანწყობის და პოლონელების რუსეთისადმი ფრთხილი და კრიტიკული პოზიციით იყო განპირობებული. პრეზიდენტ კაჩინსკის პირადი ფაქტორი სამწუხაროდ აღარ არსებობს. რამდენად დიდია პირადი სიმპატიების როლი (თუნდაც პრეზიდენტის) ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ორიენტირებაში ამ და ახალი პრეზიდენტის მაგალითზეც გამოჩნდება.

ერთ–ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ბევრი უკვე ფიქრობს, არის ის, თუ როგორ განვითარდება პოლიტიკური მოვლენები მომავალში. აქ საუბარი იმაზეა, თუ როგორ მოახდენენ პარტიები და პოლიტიკოსები პოზიცირებას მას მერე, რაც ეს მტკივნეული დღეები გაივლის. დასუსტდება თუ არა ძალიან მმართველი პარტია და როგორ გამოიყენებენ ამას ოპოზიციის ლიდერები. ან პირიქით, შეეცდება თუ არა მმართველი პარტია ამ ტრაგედიის თავის სასარგებლოდ გამოყენებას და შესაძლებელია თუ არა ისე მოხდეს, რომ პოლონეთს დომინანტი პარტია ჰყავდეს რომელიმე შემთხვევაში. ბევრი რამ ახლო მომავალში გამოჩნდება, პოლონეთის საშინაო პოლიტიკური ცვლილებების კონტურები, რომლებიც მერე საგარეო პოლიტიკაზეც მოახდენენ ზეგავლენას წინასაარჩევნო პერიოდშივე გამოჩნდება, დღეს ამაზე საუბარი ადრეა. მიუხედავად ყველაფრისა, პასუხისმგებლობის გრძნობა, სოლიდარობა და ნდობა თავის როლს ნამდვილად ითამაშებს და ეს, მინდა მჯეროდეს, სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენი მეგობარი სახელმწიფო ასეთად დარჩება და კიდევ უფრო ძლიერი იქნება. ამასობაში კი ჩვენც და სხვებმაც, ვინც საკუთარ თავს თანამედროვე, დემოკრატიულ სახელმწიფოში ეძებს, შეგვიძლია ბევრი რამ დავინახოთ და ვისწავლოთ კანონის, სოლიდარობის, პოლიტიკისა და ნდობის შესახებ, ქვეყნისათვის ყველაზე მძიმე დროსაც კი.