Friday, September 4, 2009

ახალი სტრატეგიის გასაღები

2005-2007 წლებში შექმნილი ძირითადი სამხედრო-პოლიტიკური დოკუმენტები (ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია 2005: „ეროვნული უსაფრთხოების წინაშე მდგარი საფრთხეები, რისკები და გამოწვევები“; თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2007: „ძირითადი სამხედრო ვარაუდები“) ქვეყნის წინააღმდეგ პირდაპირი აგრესიის შესაძლებლობას „მცირედ“ აფასებდა. მაშინ, როდესაც უსაფრთხოების კონცეფცია პირდაპირი აგრესიის შესაძლებლობას ნაკლები ალბათობით განიხილავდა, საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგიის დოკუმენტში (2005) ქვეყნის პირდაპირი აგრესიისაგან დაცვა პრიორიტეტთა ნუსხაში პირველ ადგილზე იყო (თავი II „საქართველოს თავდაცვის ზოგადი პრინციპები“) და აქცენტს სამხედრო და დიპლომატიურ „შეკავებაზე“ აკეთებდა. ერთი მხრივ, ეს იყო პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ერთგვარი კონფლიქტი, ხოლო მეორე მხრივ, მიზნებისა და შესაძლებლობების ერთგვარი ასიმეტრია, ვინაიდან პოლიტიკური ამოცანებიდან და გარემოებიდან გამომდინარე, ქართული ჯარი იწვრთნებოდა უფრო მცირე კონფლიქტებისა და გარე ოპერაციებისათვის, ვიდრე ტერიტორიული თავდაცვისათვის. ეფექტური ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემების სისუსტე სწორედ ამის დადასტურებაა.

სტრატეგიული ანალიზის პრობლემა არის უმთავრესი, ყველაზე მნიშვნელოვანი და გადაუდებელი საკითხი, რისი გამოსწორებაც აუცილებელია. სამხედრო წრეებში ხშირად საუბრობენ დაზვერვის გაუმჯობესებაზე. „დაზვერვა”, ვფიქრობ, ცუდი თარგმანია იმ ტერმინისა, რაც უფრო მრავლისმომცველად ასახავს ამ სფეროს მნიშვნელობას. ინგლისურ ენაზე მას intelligence ეწოდება. მაშინ როდესაც დაზვერვა უფრო ინფორმაციის შეგროვებაზე აკეთებს აქცენტს, intelligence მოიცავს ამ ინფორმაციის დაკვეთას, მოგროვებას, ანალიზს, გავრცელებასა და შეფასებას. მართალია, სამხედრო და ტაქტიკური დაზვერვა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პოლიტიკური დაზვერვა უპირატესია.

სწორი პოლიტიკური ანალიზი განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად ეფექტური იქნება ჩვენი სამხედრო ოპერაციები. ვითარების პოლიტიკური შეფასება განსაზღვრავს იმას, თუ როგორი ჯავშანტექნიკა დაგვჭირდება მომავალში. სწორედ ამიტომ, სტრატეგიული პოლიტიკური ანალიზის გაუმჯობესებით უნდა დავიწყოთ ქვეყნის მდგომარეობიდან გამოყვანა.

ამ კონტექსტში კი აუცილებელია ჯერ გადაიხედოს ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც ქვეყნის მთავარი პოლიტიკური დოკუმენტია, და ამის შემდგომ შევუდგეთ სამხედრო-სტრატეგიული დოკუმენტების ანალიზს, იქნება ეს სამხედრო სტრატეგია თუ რეზერვების რეფორმა. მართალია, რუსეთის ხელახალი აგრესია საკმაოდ რეალისტური დაშვებაა, მაგრამ მისგან თავდაცვის მექანიზმების ვარაუდის დონეზე განსაზღვრა სამხედრო სტრატეგიაში არ შეიძლება. უსაფრთხოების კონცეფცია პოლიტიკური ანალიზის პროცესია და აუცილებელია მისი სიღრმისეული ანალიზი, სანამ მისი სამხედრო რეალიზაციის გზებს დავსახავდეთ.

სამხედრო ანალიზი შეუძლებელია პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინების გარეშე. სამხედრო პოლიტიკის ტექსტებში „პოლიტიკური ეფექტიანობა“ უპირველეს ადგილს იკავებს. მოკლედ მისი განსაზღვრება შეიძლება, როგორც პროცესი, რომელიც რესურსებს წარმატებად გარდაქმნის. მსოფლიო ისტორიამ იმის ძალიან ცოტა შემთხვევა იცის, რომ გენერლებს პოლიტიკური წარუმატებლობა წარმატებად ექციოთ, მაგრამ ძალიან ბევრია პრეცედენტი, თუ როგორ შეუძლია წარმატებულ პოლიტიკას სამხედროთა წარუმატებლობის აღმოფხვრა. ამის საუკეთესო მაგალითია მეორე მსოფლიო ომი. მოკავშირეთა სამხედრო წარუმატებლობები ომის პირველ წლებში მათმა პოლიტიკურმა წარმატებებმა გამოასწორა, ნაცისტური გერმანიის ყველა ბრწყინვალე გამარჯვება ბრძოლის ველზე ასევე დიდი ნახტომი იყო მათი საბოლოო კატასტროფისაკენ. სწორედ ეფექტური პოლიტიკით შეგვიძლია რუსეთის საბრძოლო წარმატების შედეგების აღმოფხვრა. ეს არის ისეთი გამოსავალი, რომელსაც დრო, მოთმინება და ცოდნა სჭირდება. მისი შექმნა დღეს უნდა დავიწყოთ.

ამასთან ერთად ომამდელი სამხედრო ხედვა ზედმეტ ნდობას უცხადებდა საერთაშორისო თანამეგობრობას, როგორც შესაძლო ომის შემაკავებელ ფაქტორს. მომავლისთვის მნიშვნელოვანი იქნება, რომ რეალისტურად შევაფასოთ ჩვენი მოკავშირეების როგორც შესაძლებლობა, ასევე მონდომება, პასუხისმგებლობა აიღოს ჩვენ უსაფრთხოებაზე. რაც უნდა დამაჯერებლად ჟღერდეს უცხოელ დიპლომატთა განცხადებები, უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დაცვის ფორმალური პასუხისმგებლობა დღეს არც ერთ ჩვენ მოკავშირეს და არც ერთ ალიანსს არ გააჩნია. სწორედ ამიტომ, კარგი იქნება, თუკი სამომავლო ხედვები სამხედრო პოლიტიკასთან დაკავშირებით იმასაც გაითვალისწინებს, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ იმ შემთხვევაში, თუკი საერთაშორისო მხარდაჭერა არასაკმარისი ან დაგვიანებული აღმოჩნდება. საბოლოო ჯამში, ეს ქვეყანა მისი მოქალაქეების ასაშენებელია და არა უცხოელი დიპლომატებისა.

დღეს ჩვენ ისეთ ვითარებაში ვართ, როდესაც გვაქვს მოკლევადიანი საფრთხეები, რომლებზეც არ არსებობს მოკლევადიანი პასუხები. გვაქვს აგრესიის საფრთხე და არ გვაქვს სათანადო შესაძლებლობა, დამოუკიდებლად დავიცვათ მისგან თავი; გვჭირდება მტკიცე ხასიათის, გამოცდილი, განათლებული სამხედრო ლიდერები და არ გვაქვს საამისოდ საჭირო გამოცდილება და შესაბამისი ინსტიტუტები; გვჭირდება მართებული სტრატეგიული ანალიზი, მაგრამ საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ჩვენი განათლების სისტემა ძალიან ახალგაზრდაა იმისათვის, რომ ეს სწრაფად უზრუნველყოს. სამწუხაროდ, ჩვენი უსაფრთხოება უფრო მეტად ჩვენი მოკავშირეების დიპლომატიაზეა დამოკიდებული, ვიდრე ჩვენს ხელთ არსებულ სამხედრო ინსტრუმენტებზე. ამ ვითარებაში ერთადერთი და სწორი გამოსავალია სამომავლოდ ეფექტური სამხედრო პოლიტიკის შექმნისა და განხორციელების საფუძვლების დღეს შექმნა.

მინისტრის ხედვა, რომელიც დღევანდელი ომის შემდგომ განახლებული ერთადერთი ფორმალური დოკუმენტია, სამხედრო პოლიტიკაში მართებულად აკეთებს აქცენტს სამოქალაქო განათლების გაუმჯობესებაზე სამხედრო პოლიტიკისათვის მნიშვნელოვან სფეროებში. სამხედრო სისტემის წარმატებას სამოქალაქო სისტემის წარმატება განაპირობებს და აქ საჯარო სექტორის გაუმჯობესება, მათგან „მსწავლელი ინსტიტუტების“ შექმნა გადაუდებელი ამოცანაა.

ჩვენ გვჭირდება ქართული სამხედრო სკოლის შექმნა, ქართული სამხედრო აზრის განვითარება და ქართული სამხედრო კულტურისა და ტრადიციის ეტაპობრივი ჩამოყალიბება. ჩვენ დღეს გვჭირდება სამხედრო ლიდერები, რომელთაც შეეძლებათ როგორც პოლიტიკის ანალიზი, აგრეთვე მებრძოლთა შორის დისციპლინის განმტკიცება და მაგალითის მიცემა. ჩვენ გვჭირდება არსებულ პირობებთან (მცირე სახელმწიფო, დაკარგული ტერიტორიები, ძლიერი და აგრესიული მეზობელი) ადაპტირებული, საქართველოსათვის უნიკალური საბრძოლო დოქტრინის, გნებავთ, სამხედრო სკოლის შექმნა. ამის საფუძვლის ჩაყრა დღეს შეიძლება და, ჩვენი მოკავშირეების დახმარებით, მანამდე უნდა გავძლოთ, სანამ ეს ყველაფერი შედეგს მოიტანს. ისრაელთან ანალოგიები მხოლოდ გეოგრაფიულ განზომილებაშია მართებული, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - სამხედრო-პოლიტიკური, დიპლომატიური ან თუნდაც ტექნოლოგიური თვალსაზრისით. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ისრაელი არაოფიციალური ბირთვული სახელმწიფოა.

სამხედრო წარუმატებლობების ანატომიაში სამი ტიპის წარუმატებლობას გამოყოფენ:
■ წარუმატებლობა მოსალოდნელი სიტუაციისათვის მომზადებაში;
■ წარუმატებლობა ახალ და მოულოდნელ პირობებთან ადაპტირებაში;
■ წარუმატებლობა გამოცდილების გაანალიზებაში.

„ძველმა ხედვამ“ მთავარი რისკი სწორად ვერ გათვალა: საქართველო აღმოჩნდა პირდაპირი აგრესიის წინაშე, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობამ ვერ მოახერხა მისი შეკავება. მცირე მასშტაბის კონფლიქტის ნაცვლად, ქვეყანა ფართომასშტაბიანი, ტრადიციული ომის წინაშე აღმოჩნდა. სამხედრო სისტემას გაუჭირდა მტრის ინიციატივის შედეგად შექმნილ რეალობასთან ადაპტაცია, გვქონდა სერიოზული პრობლემები დისციპლინაში, ორგანიზებასა და კომუნიკაციაში (როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო); ორი შეცდომა რთული შეცდომაა, სამივე ერთად კი - კატასტროფული. სანამ ახალი ხედვა ფორმირების პროცესშია, კარგი იქნება მესამე წარუმატებლობის: „გაკვეთილების გაუთვალისწინებლობის“ თავიდან აცილება. „გაკვეთილების სწავლა“ პოლიტიკური პროცესია, რაც შემდგომ დაგვეხმარება იმაში, რომ მოსალოდნელი სიტუაციაც გავთვალოთ და სწორად ადაპტაციაც მოვახერხოთ.

საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია, რომლის ძირითადი პრინციპებიც საქართველოს თავდაცვის კონფერენციაზეც (19-20 მაისი, ბათუმი) განიხილეს, მართებულად ეყრდნობა სამხედრო სტრატეგიის ფუნდამენტურ პრინციპებს იმ საკითხებში, რომლებიც მნიშვნელოვანია მცირერიცხოვანი შეიარაღებული ძალებისათვის. რუსეთთან შედარებით, ჩვენი სამხედრო სისუსტის გათვალისწინებით, ძირითადი აქცენტი მოწინააღმდეგის სამხედრო-პოლიტიკურ და დიპლომატიურ შეკავებაზე (რომელიც გარკვეულწილად „ძველი ხედვის“ ნაწილიც იყო) კეთდება. განიხილება როგორც კონვენციური, ასევე არაკონვენციური ომის შესაძლებლობები, დეცენტრალიზებული მართვის უპირატესობა, „მაქსიმალური თავშეკავების“ პრინციპი და „ტოტალური და უპირობო თავდაცვის“ კონცეფცია.

დეცენტრალიზაციის პოლიტიკა სწორია, მაგრამ რთული. თუკი ბრძანება უნდა შეიცავდეს ყველაფერს, გარდა იმისა, რასაც ბრძოლის ველზე სამხედრო თავადაც გააკეთებს (ჰელმუტ ფონ მოლტკე), მაშინ სამხედრო ლიდერებს ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღების საუკეთესო შესაძლებლობები უნდა ჰქონდეთ, რაც მათ უკეთესი განათლებით უნდა მიაღწიონ. მოუმზადებელი დეცენტრალიზაცია, შესაძლოა, ქაოსის საწყისი გახდეს. აქცენტები ინიციატივის შენარჩუნებასა და მოქნილობაზე, მობილობასა და ერთიანობაზე, რაც აგრეთვე გათვალისწინებულია სტრატეგიაში, მნიშვნელოვანია მრავალრიცხოვანი მოწინააღმდეგის შემთხვევაში ძალების გადარჩენისა და ოპერაციული წარმატების მიღწევის თვალსაზრისით _ ეს სწორი პრინციპებია არსებული ძალთა ბალანსის გათვალისწინებით. ომის შემდგომ პერიოდში მნიშვნელოვანია პრიორიტეტი მაღალი მორალის შენარჩუნებაზე. მორალის ამაღლებისათვის სოციალური დაცვა და ნათელი პოლიტიკური მიზნები აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობებია. მორალის საფუძველი დისციპლინაა და ის პრობლემები, რაც გასულ წელს გამოჩნდა, მხოლოდ მკაცრი ორგანიზებისა და ერთობლივი, ხშირი რუტინული წვრთნების შედეგად შეიძლება აღმოიფხვრას.

საინტერესოა „მაქსიმალური თავშეკავების“ პრინციპი, რომელიც განიხილება, როგორც ახალი სამხედრო სტრატეგიის ნაწილი. აქ მნიშვნელოვანი იქნება იმ ზღვარის განსაზღვრა, რომლის იქითაც „თავშეკავება“ დაუშვებელია. ეს ზუსტად ისეთი მნიშვნელობის შემთხვევაა, როდესაც ომის საქმეებს მხოლოდ გენერლებს ვერ მიანდობ. ეს არა იმდენად სამხედროების, არამედ უფრო პოლიტიკოსების საქმეა. აქაც სამხედრო სტრატეგია პოლიტიკურ ანალიზთან მჭიდრო კავშირში უნდა იყოს. „ტოტალური და უპირობო თავდაცვის“ კონცეფცია მნიშვნელოვანია მისი პოლიტიკური შინაარსით. მას შეუძლია მოწინააღმდეგისათვის აგრესიის ფასის „აწევა“ არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისითაც. მაგრამ ასეთი კონცეფციის რეალობაში განხორციელება მასშტაბურ ცვლილებებს მოითხოვს სამოქალაქო თავდაცვის, რეზერვების მართვისა და სამხედრო-სამოქალაქო განათლების მხრივ. უკეთესი იქნება თუკი ამ კონცეფციის რეალიზაციის გზები უფრო ნათლად იქნება დანახული.

სტრატეგიულ და დოქტრინულ საკითხებთან ერთად გასათვალისწინებელია სამხედრო სტრატეგიის ფინანსური მხარეებიც. შედარებით მცირერიცხოვანი, არაკონვენციური ომის შესაძლებლობების მქონე, მობილური და მოქნილი ძალები ნიშნავს არა უფრო იაფ, არამედ უფრო ძვირ არმიას, რადგან ის მაღალ საბრძოლო თუ საინფორმაციო-სადაზვერვო ტექნოლოგიებზე უფრო მეტად არის დამოკიდებული, ვიდრე მრავალრიცხოვანი, მასობრივი არმიები. დამატებით დანახარჯებს მოითხოვს რეზერვების სისტემის რეფორმა, მასშტაბური თავდაცვის მომზადება და მისი უზრუნველყოფა. რამდენად მოხერხდება შეიარაღებული ძალების ტექნოლოგიური გადაიარაღება, გადამზადება და საერთო „გადაწყობა“ გლობალური და ლოკალური ეკონომიკური და ფინანსური სიძნელეების ფონზე, მნიშვნელოვან კვლევას მოითხოვს. ერთი საკითხია სწორი სტრატეგიული ფორმის შერჩევა, ხოლო მეორეა მისი ტექნოლოგიური და ლოგისტიკური უზრუნველყოფა. ბუნებრივია, რომ ნატო-სთან თავსებადობის მიღწევა უნდა დარჩეს პრიორიტეტად. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ როგორც ქვეყნის პოლიტიკური ვექტორი, რასაც ახალი სამხედრო სტრატეგიის სამუშაო ვერსია პრიორიტეტთა ნუსხაში მართებულად ათავსებს.

მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიის სამუშაო ვერსიაში ჩანს წარსული გაკვეთილების გათვალისწინების მცდელობა, მთავარი პრობლემა არა ხედვაში, არამედ ხედვის რეალიზაციაშია. ჩვენ გვჭირდება „დიდი სტრატეგია“ იმისათვის, რომ სამხედრო სტრატეგიის წარმატებული რეალიზაცია მოვახერხოთ. პოლიტიკური ეფექტიანობის ამაღლება, სტრატეგიული ანალიზის გაუმჯობესება, სამხედრო ლიდერთა უკეთესი განათლება პრიორიტეტებია, რაზეც უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია. სწორედ ამ მიმართულებით იყო შეცდომები და ხარვეზები ძველ ხედვებში და მინდა, იმედი ვიქონიო, რომ ახალი ხედვა უფრო რეალისტური აღმოჩნდება, როგორც ძველის ანალიზში, ასევე ახლის დაგეგმვაში.

პასუხი ჩვენ პრობლემებზე არის - განვითარება, პოლიტიკური სისტემის სიჯანსაღე და მისი სიძლიერე. მხოლოდ მრავალმხრივად განვითარებულ საზოგადოებებს შეუძლიათ ისეთი სამხედრო სისტემების შექმნა, რომლებიც დამარცხებებსაც გაუძლებენ და შეცდომებზეც ისწავლიან. სწორედ ამიტომ ვერ შეძლო რომაელთა დამარცხება ბრწყინვალე ჰანიბალმაც კი.

სტატია პირველად დაიბეჭდა ჟურნალ "ლიბერალის" 2009 წლის 12 აგვისტოს ნომერში