Thursday, April 22, 2010

თავისუფალი მსოფლიო: ამერიკა, ევროპა და დასავლეთის მოულოდნელი მომავალი. თიმოთი გართონ ეში


Random House, New York. 2004
http://www.timothygartonash.com

„თავისუფალი მსოფლიოს“ ერთ–ერთი ყველაზე საინტერესოდ განხილული თემა „დასავლეთის“ კრიზისია. კერძოდ კი ის დაპირისპირება, რაც შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის წამოიშვა. ამის უშუალო მიზეზი გაარტონ ეშის აზრით ერაყის ომის წამოწყება იყო, მაგრამ ევროპულ–ამერიკულ კრიზისებს უფრო ღრმა საფუძვლები გააჩნია. ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებებში მთავარ როლს საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და რა თქმა უნდა შეერთებული შტატები თამაშობენ. ბრიტანეთი ეშის აზრით ორსახა იანუსს მოგვაგონებს, რომელსაც თანაბრად განვითარებული აქვს როგორც კონტინენტური, ასევე ტრანსატლანტიკური იდენტობა, რაც მის საგარეო პოლიტიკას უნიკალურს, თუმცა პრობლემატურს ხდის. ამასთან, დიდი ბრიტანეთი ის ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც სწორედაც რომ ამ დუალიზმის გამო შეუძლია უმთავრესი როლი ითამაშოს ევროპისა და ამერიკის მჭიდროდ შეკავშირებაში.

კონტინენტური ევროპა თავის მხრივ, ახალი იდენტობის შექმნასა თუ ძიებაშია. მისი დიდი წილი იგება იმაზე, რომ „ევროპა არ არის ამერიკა.“ აღნიშნულის საფუძველი რამოდენიმეა. პირველი, ეს არის საბჭოთა საფრთხის გაქრობა. მეორე ფაქტორია „მოკლევადიანი გაღიზიანება“ – ჯორჯ ბუშის ცალმხრივი საგარეო პოლიტიკა ერაყისა და სხვა საკითხებში, ხოლო მესამე ევროპული ანტი–ამერიკანიზმია (ისევე, როგორც ანტი–ევროპიზმი ამერიკაში). ევროპა ორ განსხვავებულ საგარეო პოლიტიკურ ხედვას შორის მერყეობს: „ევრო-გოლიზმი,“ რომელიც ამერიკისა და ნატოსაგან უფრო იზოლირებული საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს ხედავს და „ევრო-ჩერჩილიზმი,“ რომელიც მჭიდრო
ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობაში ხედავს საუკეთესო არჩევანს.

შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში დიდია რყევები იზოლაციას, უნილატერალიზმსა და მულტილატერალიზმს შორის. ასეთი ცვლილებები არღვევს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ თანამიმდევრობას. ამერიკის ევროპასთან მჭიდრო თანამშრომლობას სტრატეგიულ საკითხებში ისიც ართულებს, რომ ევროპას „ბევრი დედაქალაქი“ აქვს. სამხედრო თვალსაზრისით, ევროპა შეერთებული შტატებისათვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქმე მის ეროვნულ ინტერესებს ეხება. თავის მხრივ, ევროპელები ეძებენ საკუთარი ძალის ახალ განზომილებებს, საკუთარ „უხეშ ძალასაც,“ თუმცაღა რისთვის, ან რის წინააღმდეგ სჭირდებათ ეს ძლიერება ჯერ–ჯერობით ბუნდოვანია.

მნიშვნელოვანია ევროპელებსა და ამერიკელებს შორის განსხვავებები რელიგიის, სახელმწიფოს როლის, უთანასწორობის საკითხების, გარემოს დაცვის, სუვერენიტეტის, იარაღის ფლობის და სიკვდილით დასჯის საკითხებში. მაგალითად: ღმერთი მნიშვნელოვანი ან ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკელთა 83% ის ცხოვრებაში, მაშინ როდესაც, ევროპელთა მხოლოდ 49% მიიჩნევს ასე. ფედერალური გადასახადები ამერიკაში 30%–მდეა, ხოლო ევროპის საშუალო გადასახადი 40%–ს უტოლდება ან სჭარბობს. სიმდიდრის განაწილება ევროპაში უფრო თანაბარია, ვიდრე ამერიკაში. ამ უკანასკნელში, საშუალო ფენა პრინციპში მცირე, მაგრამ ძალიან მდიდარ ფენასა და ქრონიკულად ღარიბ ქვედა ფენას შორისაა მოქცეული. 2001 წლის 9/11–ის შემდეგ ამერიკელების 72% იყო ძალიან ამაყი თავისი ქვეყნით. ამავე კითხვაზე ინგლისელების 49% და გერმანელების 40% უპასუხა ანალოგიურად. ყოველ ათ ამერიკელზე ცხრა იარაღი მოდის, მაშინ როდესაც ევროპაში ათ ადამიანს სამზე ნაკლები ცეცხლსასროლი იარაღი აქვს. „ამერიკული ცხოვრების წესი“ ბევრად მეტ ენერგორესურსს ხარჯავს, ვიდრე ევროპული. თუკი ევროპელებმა საკუთარი სუვერენიტეტის მნიშვნელოვანი წილი ევროკავშირს გადასცეს, ამერიკელებისათვის სუვერენიტეტის „დათმობა“ მიუღებელია. ამ ფონზე, გასაკვირი არ არის, რომ 2003 წელს ევროპელთა 79% ფიქრობდა რომ მათ და ამერიკელებს განსხვავებული სოციალური და კულტურული ღირებულებები გააჩნიათ.

საინტერესო ამ წიგნში ბევრია. თუ ფიქრობთ რომ ამერიკელი კონსერვატორები გარემოსთან მებრძოლი კოვბოები არიან, საინტერესო იქნება წაიკითხოთ რომელ სახელმწიფოს აქვს უფრო „სუფთა დანახარჯი“ ერთ დოლარზე; რატომ ეწინააღმდეგებიან განვითარებადი სახელმწიფოები კარბონ დიოქსიდის გამონაბოლქვის შეზღუდვების დაწესებას მათთვის; რატომ არ ამბობენ უარს ევროპელები და ამერიკელები სუბსიდიებზე საკუთარი ინდუსტრიების მხარდასაჭერად და რა ნეგატიური გავლენა აქვს ამას სიღარიბის შემცირების ძალისხმევაზე. ამ საქმეში „ჩემპიონი“ ევროპაა: 2000 წელს ევროკავშირი 913 აშშ დოლარ სუბსიდიას ხარჯავდა ერთ ევროპელ ძროხაზე, მაშინ როდესაც მისი საგარეო დახმარება შავი აფრიკისათვის 8 აშშ დოლარი იყო ერთ ადამიანზე. მიუხედავად ამისა, ოფიციალური საგარეო დახმარების მხრივ ევროკავშირი უსწრებს შეერთებულ შტატებს.

მიუხედავად ამერიკის უპირობო სამხედრო, ტექნოლოგიური და ეკონომიკური ძლიერებისა, ევროპის მიზიდულობისა („ამერიკელები მარსიდან არიან, ევროპელები კი ვენერადან“), ახალი მოთამაშეები და საფრთხეები მნიშვნელოვნად შეამცირებენ დაასვლეთის მიერ ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების შესაძლებლობას. ამის ისტორიული შანსი არის ახლა და დღეს. ამას კი ვერც ევროპა და ვერც შეერთებული შტატები მარტო ვერ შეძლებს. ტრანსატლანტიკური ურთიერთობების შედუღაბებაში წამყვანი როლი ბრიტანეთმა უნდა ითამაშოს, სადაც ტონი ბლერის პროექტი ბრიტანეთისთვის, როგორც დიდი ტრანსატლანტიკური ხიდისა, ჯერ კიდევ ცოცხალია. ამერიკის სამხედრო და ეკონომიკური ძლიერება საშუალებას აძლევს თავისუფალ სამყაროს ხელი შეუწყოს როგორც თავისუფლების გავრცელებას, ასევე ტერორიზმის დამარცხებას, სიღარიბის დაძლევას და პლანეტის გაჯანსაღებას. ამერიკა, რომელიც „ევროპის ქალიშვილი“ იყო, ახლა „ბიძია სემია“ და მან ეს როლი კარგად უნდა შეასრულოს: მხარი დაუჭიროს ევროკავშირის ინტეგრაციას და კვლავ მიიღოს იგი როგორც სერიოზული და თანასწორი პარტნიორი.

ევროპას თავის მხრივ, აქვს შანსი დაამტკიცოს, რომ სემუელ ჰანტინგტონი ცდებოდა: მან თურქეთი და უკრაინა (მოლდოვასა და ბელორუსიასთან ერთად) უნდა მიიღოს ევროკავშირში და უჩვენოს, რომ მართლმადიდებლურ და მუსლიმანურ საზოგადოებებშიც შესაძლებელია თავისუფალი საზოგადოების არსებობა (საწინააღმდეგო აზრს ეში „ვულგარულ ჰანტინგტონიზმს“ უწოდებს). ამასთანავე, ის რაც რთული გადასახარში იქნებოდა ევროპისათვის, შედარებით ადვილია NATO-სათვის – ასეთი რუსეთია. NATO–ს შეუძლია რუსეთიც ჩააყენოს საერთო ფერხულში და ამით განამტკიცოს საერთაშორისო უსაფრთხოებაც. სწორედ ამიტომ, NATO რუსეთის ინტეგრაციას უნდა შეეცადოს.

მხოლოდ ასეთი, თამამი ისტორიული ნაბიჯებით შეიძლება ისეთი პრობლემების გადაწყვეტა, როგორებიცაა ისრაელ–პალესტინის კონფლიქტი, საერთაშორისო ტერორიზმი, სიღარიბე, ეკოლოგიური პრობლემები და ბირთვული საფრთხეები. ამ გზაზე სავალი დრო შეზღუდულია და მისი ეფექტური გამოყენება მხოლოდ ევროპისა და შეერთებული შტატების მჭიდრო თანამშრომლობითაა შესაძლებელი. სწორედ ამაშია დასავლეთის ერთგვარად მოულოდნელი მომავალიც: თუკი გამბედაობა ეყოფათ, ევროპასა და ამერიკას შეუძლიათ ერთად აჯობონ ლობისტებსა და ინტერეს ჯგუფებს, დაძლიონ „შიდა საოჯახო“ წინააღმდეგობები და გადალახონ ისტორიული ჰორიზონტები. მათ შეუძლიათ, შექმნან ახალი კავშირები და ისეთი მსოფლიო, სადაც მათი შედარებითი დასუსტების შემთხვევაშიც კი ისინი შეძლებენ თავისუფლების მხარდაჭერას მსოფლიოში.


სტატია დაიწერა სპეციალურად ჟურნალ "ლიბერალისათვის"

Saturday, April 17, 2010

ჩანაწერები ვარშავიდან

ორჯერ მომიწია ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენის მომსწრე ვყოფილიყავი სხვა ქვეყნების, სხვა ხალხების ცხოვრებაში, რომლებიც მათ მომავალ ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს და ისტორიაშიც სამუდამოდ რჩება. პირველად 2001 წლის 11 სექტემბერს, პენტაგონთან მდებარე ჩემი სახლი აღმოვაჩინე კვამლში გახვეული. ახლა კი ზუსტად იმ დღეს ჩავფრინდი ვარშავაში, როდესაც პრეზიდენტ კაჩინსკის ცხედარი ჩამოასვენეს.

ყველა სახელმწიფოს ცხოვრებაში ხდება მოვლენები, რომლებიც ერთის მხრივ, ამ ქვეყნისათვის დიდი სირთულე ან ტრაგედიაა, ხოლო მეორეს მხრივ, აჩვენებს ამ საზოგადოების ნამდვილ სახეს და შესაბამისად, საშუალებას გაძლევს დაინახო, თუნდაც ძალიან ზოგადად, თუ სად მიდის ეს ხალხი და როგორ სახელმწიფოს, როგორ მომავალს აშენებს იგი მისთვის და მისი მომავალი თაობისათვის.

მთავარი, რაც იმ დღეებში ვნახე იყო ქუჩის მუსიკოსი, რომელიც პოლონეთის ჰიმნს უკრავდა. ჩემთვის ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იმისა, რომ ამ საზოგადოების არა მხოლოდ მდიდარ, ან საშუალო ფენას აწუხებს საერთო საქმეები, არამედ მის ცალკეულ, ხშირად განცალკევებულ, თითქოს მარტო მდგომ ადამიანებსაც კი.

ადამიანების, ისევე როგორც საზოგადოებისა და ქვეყნების სახეს არა მათი წარმატება, არამედ მათი წარუმატებლობა ან ტრაგედია აჩვენებს. ის, თუ როგორ ზეიმობ გამარჯვებას არაფრისმთქმელია, როგორ უმკლავდები წარუმატებლობასა თუ ტკივილს – ყველაფრის. პირველი და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც შეიგრძნობდი და დაინახავდი ამ დღეებში არის პოლონელების უაღრესად დიდი სოლიდარობის განცდა, მათი ძალიან დიდი პატრიოტიზმი. ამ ქალაქის მაცხოვრებელთა სახეზე იკითხებოდა არა შიში, ან დაბნეულობა, არამედ იმ დიდი ტრაგედიის ღრმა განცდა, რაც ქვეყანას ეწია. ქუჩების პირას, ბარებსა და რესტორნებთან და რაც მთავარია, კერძო საცხოვრებელი ბინებიდან ყველგან გამოფენელი იყო პოლონეთის დროშები შავი არშიებით. ბარები და რესტორნები ცარიელი, თუმცა იქაც, სადაც კანტი–კუნტად ნახავდი ადამიანებს ვერ გაიგონებდი მხიარულებას, ყველა უყურებდა სამგლოვიარო ცერემონიალს რომელიც ქალაქში მიმდინარეობდა. პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, ისევე როგორც სამთავრობო ორგანიზაციების შესასვლელები სავსე იყო სანთლებითა და ყვავილებით, ხოლო ხალხი ჩამწკრივებული პრეზიდენტისათვის უკანასკნელი პატივის მისაგებად.

ყოველივე ეს იმით არის მნიშვნელოვანი რომ პრეზიდენტი კაჩინსკი იყო პრეზიდენტი... პოლონელებისათვის ის არ ყოფილა არც ერის მხსნელი, არც რაიმე დრამატული, დიდი პოლიტიკური გადატრიალების შემოქმედი. მისი მხარდამჭერების დიდი ნაწილი საშუალო და მეტი ასაკის ადამიანები იყვნენ, მას ხშირად აკრიტიკებდნენ ევრო–სკეპტიციზმისა და რუსეთთან გართულებული ურთიერთობის გამო. სწორედ ამიტომ უფრო არის ასეთი სოლიდარობა მნიშვნელოვანი, რადგან ის საზოგადოების პოლიტიკურ შეგნებაზე მიუთითებს. კაჩინსკი არ იყო პოლიტიკური მესია, რომელიც ყველას უყვარს, მაგრამ პოლონეთში არის საზოგადოება, რომელიც აფასებს ადამიანებს, პატივს სცემს და ამაყობს თავისი სახელმწიფო ინსტიტუტებით.

სახელმწიფოებრიობის, ამ სახელმწიფოებრიობისათვის ბრძოლისა და ომის ხანგრძლივი, უწყვეტი გამოცდილება მნიშვნელოვანია ადამიანების შეგნების ჩამოყალიბებაში და იმაში, რომ მათ ზუსტად გაიგონ იმ საზოგადო მოვლენების მნიშვნელობა, რაც მათ გარშემო ხდება. დარწმუნებული ვარ არც ერთ პოლონელს არ შეშლია რა უნდა გაეკეთებინა და როგორ უნდა მოქცეულიყო ამ ვითარებაში: ისინი შეიკრიბნენ პრეზიდენტის სასახლესთან და მას მერე შეუძლებელი იყო თავისუფლად გაგევლო იმ უბანში. იგი სავსე იყო ცერემონიალში მონაწილე ადამიანებით, რომლებსაც მიჰქონდათ ყვავილები და სანთლები, რომლებიც ჩერდებოდნენ ქალაქის ყველა საგაზეთო და სარეკლამო ჯიხურზე განთავსებულ დაღუპულთა პორტრეტებთან და კითხულობნენ მათ ბიოგრაფიებს. ტურისტებიც კი, ხალხი ვისაც ნაკლები საერთო შეიძლება ჰქონდეთ ამ მოვლენებთან, ამ პროცესის მართლაც გულითადი, ნამდვილი მონაწილენი იყვნენ. მათ შორის იყო ქართული სათვისტომოს ნაწილი და იმ დროს იქ მყოფი ქართული დელეგაციებიც.

რაც შეეხება პოლიტიკას. პოლიტიკა ცოტა ხნით გაჩერებულია, მაგრამ რა თქმა უნდა ცოტა ხნით, რადგან პოლიტიკა პოლიტიკაა, ადამიანები ადამიანები არიან და ქვეყანას მართვა ჭირდება. ორი საკითხი ამ დღეებშივე ამოტივტივდა მსჯელობისათვის: კრიზისის მენეჯმენტი (და ამისათვის საჭირო გეგმები) და შიდა პოლიტიკა. ბუნებრივია, არჩევნები კონსტიტუციის თანახმად დაინიშნება, მაგრამ პოლონეთისთვისაც კი, რომელიც ევროკავშირისა და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრია და შესაბამისად არ ემუქრება რაიმე მნიშვნელოვანი საგარეო თუ საშინაო რყევები ამხელა დანაკლისის ანაზღაურება რთული იქნება. მმართველი პოლიტიკური ელიტის დიდი ნაწილის სიკვდილი რთულია როგორც სახელმწიფოსათვის, ასევე პარტიისათვის. ამასთან, ამ შემთხვევამ გამოავლინა იმ პროცედურების არსებობის მნიშვნელობა, რომელიც ასეთ კრიზისულ ვითარებაში იმუშავებს. სახელმწიფოთა უმრავლესობას (შეერთებული შტატებისაგან განსხვავებით) არ აქვს ზუსტად და სრულად განსაზღვრული პროცედურები იმის თაობაზე თუ ვინ შეიძლება იყოს ერთდროულად ერთ თვითმფრინავში და ვისზე და როგორ გადადის მეთაურობა ზემოდან ქვემოთ კრიზისის შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, ის ადამიანები, რომელთაც ვესაუბრებოდი დარწმუნებულნი არიან, რომ სამართლებრივი, კონსტიტუციური კრიზისის შემთხვევაშიც კი (თუკი მაგალითად პარლამენტის თამჯდომარეც დაიღუპებოდა ავიაკატასტროფაში) პოლონეთი მშვიდად მოახერხებდა ახალ არჩევნებამდე მისვლასა და სტაბილურ ტრანზიციას.

პირველ ნაწილში სოლიდარობაზე მხოლოდ ემოციური შთაბეჭდილების გამო არ მისაუბრია. კანონები ნდობის კომპენსირების საშუალებაა, ხელისუფლება კი ამ კანონების/კონტრაქტების გარანტორი. ხალხებს, სადაც ადამიანები ერთმანეთს არ იცნობენ და ერთმანეთთან ნაკლები საერთო აქვთ, სჭირდებათ დაწერილი წესები, რაც მათ ამ უნდობლობას გადაალახინებს. მაგრამ ისეთ საზოგადოებას, რომელსაც ასეთი სოლიდარობის განცდა გააჩნია, ნამდვილად შეუძლია ღირსეულად გადალახოს დიდი ტრაგედიები და კრიზისები ისე, რომ იქიდან კიდევ უფრო ძლიერი გამოვიდეს. ამითაც განსხვავდება მოქალაქეთა საზოგადოება ხალხთა უბრალო კრებულისაგან. საზოგადოებას მეტხანს შეუძლია თვითორგანიზება, თვითკონტროლი და მობილიზაცია, ეს უკანასკნელი კი კონტროლის დაკარგვის შემთხვევაში უცებ დაქუცმაცდება ტომებათ და უბნებად.

საინტერესოა ამ მოვლენის შესაძლო გავლენა საგარეო პოლიტიკაზეც, მათ შორის ჩვენზე. პოლონეთი ევროკავშირის ერთ–ერთი ცენტრალური ქვეყანაა, დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობით. როგორ იქნება მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ ჩვენზეც აისახება. პოლონეთის საქართველოსადმი სოლიდური მხარდაჭერა ისტორიული გამოცდილების, პოლონეთის პრეზიდენტის საქართველოსადმი პირადი კეთილგანწყობის და პოლონელების რუსეთისადმი ფრთხილი და კრიტიკული პოზიციით იყო განპირობებული. პრეზიდენტ კაჩინსკის პირადი ფაქტორი სამწუხაროდ აღარ არსებობს. რამდენად დიდია პირადი სიმპატიების როლი (თუნდაც პრეზიდენტის) ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ორიენტირებაში ამ და ახალი პრეზიდენტის მაგალითზეც გამოჩნდება.

ერთ–ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ბევრი უკვე ფიქრობს, არის ის, თუ როგორ განვითარდება პოლიტიკური მოვლენები მომავალში. აქ საუბარი იმაზეა, თუ როგორ მოახდენენ პარტიები და პოლიტიკოსები პოზიცირებას მას მერე, რაც ეს მტკივნეული დღეები გაივლის. დასუსტდება თუ არა ძალიან მმართველი პარტია და როგორ გამოიყენებენ ამას ოპოზიციის ლიდერები. ან პირიქით, შეეცდება თუ არა მმართველი პარტია ამ ტრაგედიის თავის სასარგებლოდ გამოყენებას და შესაძლებელია თუ არა ისე მოხდეს, რომ პოლონეთს დომინანტი პარტია ჰყავდეს რომელიმე შემთხვევაში. ბევრი რამ ახლო მომავალში გამოჩნდება, პოლონეთის საშინაო პოლიტიკური ცვლილებების კონტურები, რომლებიც მერე საგარეო პოლიტიკაზეც მოახდენენ ზეგავლენას წინასაარჩევნო პერიოდშივე გამოჩნდება, დღეს ამაზე საუბარი ადრეა. მიუხედავად ყველაფრისა, პასუხისმგებლობის გრძნობა, სოლიდარობა და ნდობა თავის როლს ნამდვილად ითამაშებს და ეს, მინდა მჯეროდეს, სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენი მეგობარი სახელმწიფო ასეთად დარჩება და კიდევ უფრო ძლიერი იქნება. ამასობაში კი ჩვენც და სხვებმაც, ვინც საკუთარ თავს თანამედროვე, დემოკრატიულ სახელმწიფოში ეძებს, შეგვიძლია ბევრი რამ დავინახოთ და ვისწავლოთ კანონის, სოლიდარობის, პოლიტიკისა და ნდობის შესახებ, ქვეყნისათვის ყველაზე მძიმე დროსაც კი.