Friday, September 4, 2009

ახალი სტრატეგიის გასაღები

2005-2007 წლებში შექმნილი ძირითადი სამხედრო-პოლიტიკური დოკუმენტები (ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია 2005: „ეროვნული უსაფრთხოების წინაშე მდგარი საფრთხეები, რისკები და გამოწვევები“; თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2007: „ძირითადი სამხედრო ვარაუდები“) ქვეყნის წინააღმდეგ პირდაპირი აგრესიის შესაძლებლობას „მცირედ“ აფასებდა. მაშინ, როდესაც უსაფრთხოების კონცეფცია პირდაპირი აგრესიის შესაძლებლობას ნაკლები ალბათობით განიხილავდა, საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგიის დოკუმენტში (2005) ქვეყნის პირდაპირი აგრესიისაგან დაცვა პრიორიტეტთა ნუსხაში პირველ ადგილზე იყო (თავი II „საქართველოს თავდაცვის ზოგადი პრინციპები“) და აქცენტს სამხედრო და დიპლომატიურ „შეკავებაზე“ აკეთებდა. ერთი მხრივ, ეს იყო პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ერთგვარი კონფლიქტი, ხოლო მეორე მხრივ, მიზნებისა და შესაძლებლობების ერთგვარი ასიმეტრია, ვინაიდან პოლიტიკური ამოცანებიდან და გარემოებიდან გამომდინარე, ქართული ჯარი იწვრთნებოდა უფრო მცირე კონფლიქტებისა და გარე ოპერაციებისათვის, ვიდრე ტერიტორიული თავდაცვისათვის. ეფექტური ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემების სისუსტე სწორედ ამის დადასტურებაა.

სტრატეგიული ანალიზის პრობლემა არის უმთავრესი, ყველაზე მნიშვნელოვანი და გადაუდებელი საკითხი, რისი გამოსწორებაც აუცილებელია. სამხედრო წრეებში ხშირად საუბრობენ დაზვერვის გაუმჯობესებაზე. „დაზვერვა”, ვფიქრობ, ცუდი თარგმანია იმ ტერმინისა, რაც უფრო მრავლისმომცველად ასახავს ამ სფეროს მნიშვნელობას. ინგლისურ ენაზე მას intelligence ეწოდება. მაშინ როდესაც დაზვერვა უფრო ინფორმაციის შეგროვებაზე აკეთებს აქცენტს, intelligence მოიცავს ამ ინფორმაციის დაკვეთას, მოგროვებას, ანალიზს, გავრცელებასა და შეფასებას. მართალია, სამხედრო და ტაქტიკური დაზვერვა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პოლიტიკური დაზვერვა უპირატესია.

სწორი პოლიტიკური ანალიზი განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად ეფექტური იქნება ჩვენი სამხედრო ოპერაციები. ვითარების პოლიტიკური შეფასება განსაზღვრავს იმას, თუ როგორი ჯავშანტექნიკა დაგვჭირდება მომავალში. სწორედ ამიტომ, სტრატეგიული პოლიტიკური ანალიზის გაუმჯობესებით უნდა დავიწყოთ ქვეყნის მდგომარეობიდან გამოყვანა.

ამ კონტექსტში კი აუცილებელია ჯერ გადაიხედოს ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც ქვეყნის მთავარი პოლიტიკური დოკუმენტია, და ამის შემდგომ შევუდგეთ სამხედრო-სტრატეგიული დოკუმენტების ანალიზს, იქნება ეს სამხედრო სტრატეგია თუ რეზერვების რეფორმა. მართალია, რუსეთის ხელახალი აგრესია საკმაოდ რეალისტური დაშვებაა, მაგრამ მისგან თავდაცვის მექანიზმების ვარაუდის დონეზე განსაზღვრა სამხედრო სტრატეგიაში არ შეიძლება. უსაფრთხოების კონცეფცია პოლიტიკური ანალიზის პროცესია და აუცილებელია მისი სიღრმისეული ანალიზი, სანამ მისი სამხედრო რეალიზაციის გზებს დავსახავდეთ.

სამხედრო ანალიზი შეუძლებელია პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინების გარეშე. სამხედრო პოლიტიკის ტექსტებში „პოლიტიკური ეფექტიანობა“ უპირველეს ადგილს იკავებს. მოკლედ მისი განსაზღვრება შეიძლება, როგორც პროცესი, რომელიც რესურსებს წარმატებად გარდაქმნის. მსოფლიო ისტორიამ იმის ძალიან ცოტა შემთხვევა იცის, რომ გენერლებს პოლიტიკური წარუმატებლობა წარმატებად ექციოთ, მაგრამ ძალიან ბევრია პრეცედენტი, თუ როგორ შეუძლია წარმატებულ პოლიტიკას სამხედროთა წარუმატებლობის აღმოფხვრა. ამის საუკეთესო მაგალითია მეორე მსოფლიო ომი. მოკავშირეთა სამხედრო წარუმატებლობები ომის პირველ წლებში მათმა პოლიტიკურმა წარმატებებმა გამოასწორა, ნაცისტური გერმანიის ყველა ბრწყინვალე გამარჯვება ბრძოლის ველზე ასევე დიდი ნახტომი იყო მათი საბოლოო კატასტროფისაკენ. სწორედ ეფექტური პოლიტიკით შეგვიძლია რუსეთის საბრძოლო წარმატების შედეგების აღმოფხვრა. ეს არის ისეთი გამოსავალი, რომელსაც დრო, მოთმინება და ცოდნა სჭირდება. მისი შექმნა დღეს უნდა დავიწყოთ.

ამასთან ერთად ომამდელი სამხედრო ხედვა ზედმეტ ნდობას უცხადებდა საერთაშორისო თანამეგობრობას, როგორც შესაძლო ომის შემაკავებელ ფაქტორს. მომავლისთვის მნიშვნელოვანი იქნება, რომ რეალისტურად შევაფასოთ ჩვენი მოკავშირეების როგორც შესაძლებლობა, ასევე მონდომება, პასუხისმგებლობა აიღოს ჩვენ უსაფრთხოებაზე. რაც უნდა დამაჯერებლად ჟღერდეს უცხოელ დიპლომატთა განცხადებები, უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დაცვის ფორმალური პასუხისმგებლობა დღეს არც ერთ ჩვენ მოკავშირეს და არც ერთ ალიანსს არ გააჩნია. სწორედ ამიტომ, კარგი იქნება, თუკი სამომავლო ხედვები სამხედრო პოლიტიკასთან დაკავშირებით იმასაც გაითვალისწინებს, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ იმ შემთხვევაში, თუკი საერთაშორისო მხარდაჭერა არასაკმარისი ან დაგვიანებული აღმოჩნდება. საბოლოო ჯამში, ეს ქვეყანა მისი მოქალაქეების ასაშენებელია და არა უცხოელი დიპლომატებისა.

დღეს ჩვენ ისეთ ვითარებაში ვართ, როდესაც გვაქვს მოკლევადიანი საფრთხეები, რომლებზეც არ არსებობს მოკლევადიანი პასუხები. გვაქვს აგრესიის საფრთხე და არ გვაქვს სათანადო შესაძლებლობა, დამოუკიდებლად დავიცვათ მისგან თავი; გვჭირდება მტკიცე ხასიათის, გამოცდილი, განათლებული სამხედრო ლიდერები და არ გვაქვს საამისოდ საჭირო გამოცდილება და შესაბამისი ინსტიტუტები; გვჭირდება მართებული სტრატეგიული ანალიზი, მაგრამ საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ჩვენი განათლების სისტემა ძალიან ახალგაზრდაა იმისათვის, რომ ეს სწრაფად უზრუნველყოს. სამწუხაროდ, ჩვენი უსაფრთხოება უფრო მეტად ჩვენი მოკავშირეების დიპლომატიაზეა დამოკიდებული, ვიდრე ჩვენს ხელთ არსებულ სამხედრო ინსტრუმენტებზე. ამ ვითარებაში ერთადერთი და სწორი გამოსავალია სამომავლოდ ეფექტური სამხედრო პოლიტიკის შექმნისა და განხორციელების საფუძვლების დღეს შექმნა.

მინისტრის ხედვა, რომელიც დღევანდელი ომის შემდგომ განახლებული ერთადერთი ფორმალური დოკუმენტია, სამხედრო პოლიტიკაში მართებულად აკეთებს აქცენტს სამოქალაქო განათლების გაუმჯობესებაზე სამხედრო პოლიტიკისათვის მნიშვნელოვან სფეროებში. სამხედრო სისტემის წარმატებას სამოქალაქო სისტემის წარმატება განაპირობებს და აქ საჯარო სექტორის გაუმჯობესება, მათგან „მსწავლელი ინსტიტუტების“ შექმნა გადაუდებელი ამოცანაა.

ჩვენ გვჭირდება ქართული სამხედრო სკოლის შექმნა, ქართული სამხედრო აზრის განვითარება და ქართული სამხედრო კულტურისა და ტრადიციის ეტაპობრივი ჩამოყალიბება. ჩვენ დღეს გვჭირდება სამხედრო ლიდერები, რომელთაც შეეძლებათ როგორც პოლიტიკის ანალიზი, აგრეთვე მებრძოლთა შორის დისციპლინის განმტკიცება და მაგალითის მიცემა. ჩვენ გვჭირდება არსებულ პირობებთან (მცირე სახელმწიფო, დაკარგული ტერიტორიები, ძლიერი და აგრესიული მეზობელი) ადაპტირებული, საქართველოსათვის უნიკალური საბრძოლო დოქტრინის, გნებავთ, სამხედრო სკოლის შექმნა. ამის საფუძვლის ჩაყრა დღეს შეიძლება და, ჩვენი მოკავშირეების დახმარებით, მანამდე უნდა გავძლოთ, სანამ ეს ყველაფერი შედეგს მოიტანს. ისრაელთან ანალოგიები მხოლოდ გეოგრაფიულ განზომილებაშია მართებული, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - სამხედრო-პოლიტიკური, დიპლომატიური ან თუნდაც ტექნოლოგიური თვალსაზრისით. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ისრაელი არაოფიციალური ბირთვული სახელმწიფოა.

სამხედრო წარუმატებლობების ანატომიაში სამი ტიპის წარუმატებლობას გამოყოფენ:
■ წარუმატებლობა მოსალოდნელი სიტუაციისათვის მომზადებაში;
■ წარუმატებლობა ახალ და მოულოდნელ პირობებთან ადაპტირებაში;
■ წარუმატებლობა გამოცდილების გაანალიზებაში.

„ძველმა ხედვამ“ მთავარი რისკი სწორად ვერ გათვალა: საქართველო აღმოჩნდა პირდაპირი აგრესიის წინაშე, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობამ ვერ მოახერხა მისი შეკავება. მცირე მასშტაბის კონფლიქტის ნაცვლად, ქვეყანა ფართომასშტაბიანი, ტრადიციული ომის წინაშე აღმოჩნდა. სამხედრო სისტემას გაუჭირდა მტრის ინიციატივის შედეგად შექმნილ რეალობასთან ადაპტაცია, გვქონდა სერიოზული პრობლემები დისციპლინაში, ორგანიზებასა და კომუნიკაციაში (როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო); ორი შეცდომა რთული შეცდომაა, სამივე ერთად კი - კატასტროფული. სანამ ახალი ხედვა ფორმირების პროცესშია, კარგი იქნება მესამე წარუმატებლობის: „გაკვეთილების გაუთვალისწინებლობის“ თავიდან აცილება. „გაკვეთილების სწავლა“ პოლიტიკური პროცესია, რაც შემდგომ დაგვეხმარება იმაში, რომ მოსალოდნელი სიტუაციაც გავთვალოთ და სწორად ადაპტაციაც მოვახერხოთ.

საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია, რომლის ძირითადი პრინციპებიც საქართველოს თავდაცვის კონფერენციაზეც (19-20 მაისი, ბათუმი) განიხილეს, მართებულად ეყრდნობა სამხედრო სტრატეგიის ფუნდამენტურ პრინციპებს იმ საკითხებში, რომლებიც მნიშვნელოვანია მცირერიცხოვანი შეიარაღებული ძალებისათვის. რუსეთთან შედარებით, ჩვენი სამხედრო სისუსტის გათვალისწინებით, ძირითადი აქცენტი მოწინააღმდეგის სამხედრო-პოლიტიკურ და დიპლომატიურ შეკავებაზე (რომელიც გარკვეულწილად „ძველი ხედვის“ ნაწილიც იყო) კეთდება. განიხილება როგორც კონვენციური, ასევე არაკონვენციური ომის შესაძლებლობები, დეცენტრალიზებული მართვის უპირატესობა, „მაქსიმალური თავშეკავების“ პრინციპი და „ტოტალური და უპირობო თავდაცვის“ კონცეფცია.

დეცენტრალიზაციის პოლიტიკა სწორია, მაგრამ რთული. თუკი ბრძანება უნდა შეიცავდეს ყველაფერს, გარდა იმისა, რასაც ბრძოლის ველზე სამხედრო თავადაც გააკეთებს (ჰელმუტ ფონ მოლტკე), მაშინ სამხედრო ლიდერებს ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღების საუკეთესო შესაძლებლობები უნდა ჰქონდეთ, რაც მათ უკეთესი განათლებით უნდა მიაღწიონ. მოუმზადებელი დეცენტრალიზაცია, შესაძლოა, ქაოსის საწყისი გახდეს. აქცენტები ინიციატივის შენარჩუნებასა და მოქნილობაზე, მობილობასა და ერთიანობაზე, რაც აგრეთვე გათვალისწინებულია სტრატეგიაში, მნიშვნელოვანია მრავალრიცხოვანი მოწინააღმდეგის შემთხვევაში ძალების გადარჩენისა და ოპერაციული წარმატების მიღწევის თვალსაზრისით _ ეს სწორი პრინციპებია არსებული ძალთა ბალანსის გათვალისწინებით. ომის შემდგომ პერიოდში მნიშვნელოვანია პრიორიტეტი მაღალი მორალის შენარჩუნებაზე. მორალის ამაღლებისათვის სოციალური დაცვა და ნათელი პოლიტიკური მიზნები აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობებია. მორალის საფუძველი დისციპლინაა და ის პრობლემები, რაც გასულ წელს გამოჩნდა, მხოლოდ მკაცრი ორგანიზებისა და ერთობლივი, ხშირი რუტინული წვრთნების შედეგად შეიძლება აღმოიფხვრას.

საინტერესოა „მაქსიმალური თავშეკავების“ პრინციპი, რომელიც განიხილება, როგორც ახალი სამხედრო სტრატეგიის ნაწილი. აქ მნიშვნელოვანი იქნება იმ ზღვარის განსაზღვრა, რომლის იქითაც „თავშეკავება“ დაუშვებელია. ეს ზუსტად ისეთი მნიშვნელობის შემთხვევაა, როდესაც ომის საქმეებს მხოლოდ გენერლებს ვერ მიანდობ. ეს არა იმდენად სამხედროების, არამედ უფრო პოლიტიკოსების საქმეა. აქაც სამხედრო სტრატეგია პოლიტიკურ ანალიზთან მჭიდრო კავშირში უნდა იყოს. „ტოტალური და უპირობო თავდაცვის“ კონცეფცია მნიშვნელოვანია მისი პოლიტიკური შინაარსით. მას შეუძლია მოწინააღმდეგისათვის აგრესიის ფასის „აწევა“ არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისითაც. მაგრამ ასეთი კონცეფციის რეალობაში განხორციელება მასშტაბურ ცვლილებებს მოითხოვს სამოქალაქო თავდაცვის, რეზერვების მართვისა და სამხედრო-სამოქალაქო განათლების მხრივ. უკეთესი იქნება თუკი ამ კონცეფციის რეალიზაციის გზები უფრო ნათლად იქნება დანახული.

სტრატეგიულ და დოქტრინულ საკითხებთან ერთად გასათვალისწინებელია სამხედრო სტრატეგიის ფინანსური მხარეებიც. შედარებით მცირერიცხოვანი, არაკონვენციური ომის შესაძლებლობების მქონე, მობილური და მოქნილი ძალები ნიშნავს არა უფრო იაფ, არამედ უფრო ძვირ არმიას, რადგან ის მაღალ საბრძოლო თუ საინფორმაციო-სადაზვერვო ტექნოლოგიებზე უფრო მეტად არის დამოკიდებული, ვიდრე მრავალრიცხოვანი, მასობრივი არმიები. დამატებით დანახარჯებს მოითხოვს რეზერვების სისტემის რეფორმა, მასშტაბური თავდაცვის მომზადება და მისი უზრუნველყოფა. რამდენად მოხერხდება შეიარაღებული ძალების ტექნოლოგიური გადაიარაღება, გადამზადება და საერთო „გადაწყობა“ გლობალური და ლოკალური ეკონომიკური და ფინანსური სიძნელეების ფონზე, მნიშვნელოვან კვლევას მოითხოვს. ერთი საკითხია სწორი სტრატეგიული ფორმის შერჩევა, ხოლო მეორეა მისი ტექნოლოგიური და ლოგისტიკური უზრუნველყოფა. ბუნებრივია, რომ ნატო-სთან თავსებადობის მიღწევა უნდა დარჩეს პრიორიტეტად. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ როგორც ქვეყნის პოლიტიკური ვექტორი, რასაც ახალი სამხედრო სტრატეგიის სამუშაო ვერსია პრიორიტეტთა ნუსხაში მართებულად ათავსებს.

მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიის სამუშაო ვერსიაში ჩანს წარსული გაკვეთილების გათვალისწინების მცდელობა, მთავარი პრობლემა არა ხედვაში, არამედ ხედვის რეალიზაციაშია. ჩვენ გვჭირდება „დიდი სტრატეგია“ იმისათვის, რომ სამხედრო სტრატეგიის წარმატებული რეალიზაცია მოვახერხოთ. პოლიტიკური ეფექტიანობის ამაღლება, სტრატეგიული ანალიზის გაუმჯობესება, სამხედრო ლიდერთა უკეთესი განათლება პრიორიტეტებია, რაზეც უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია. სწორედ ამ მიმართულებით იყო შეცდომები და ხარვეზები ძველ ხედვებში და მინდა, იმედი ვიქონიო, რომ ახალი ხედვა უფრო რეალისტური აღმოჩნდება, როგორც ძველის ანალიზში, ასევე ახლის დაგეგმვაში.

პასუხი ჩვენ პრობლემებზე არის - განვითარება, პოლიტიკური სისტემის სიჯანსაღე და მისი სიძლიერე. მხოლოდ მრავალმხრივად განვითარებულ საზოგადოებებს შეუძლიათ ისეთი სამხედრო სისტემების შექმნა, რომლებიც დამარცხებებსაც გაუძლებენ და შეცდომებზეც ისწავლიან. სწორედ ამიტომ ვერ შეძლო რომაელთა დამარცხება ბრწყინვალე ჰანიბალმაც კი.

სტატია პირველად დაიბეჭდა ჟურნალ "ლიბერალის" 2009 წლის 12 აგვისტოს ნომერში

Wednesday, May 27, 2009

საქართველოს არჩევანი

26 მაისს საქართველომ მთავარი ეროვნული დღესასწაული აღნიშნა. დამოუკიდებლობიდან დღემდე ქვეყანამ მრავალი სირთულე და წინააღმდეგობა გამოიარა. დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ტვირთი რთული სატარებელია ახალგაზრდა, გამოუცდელი სახელმწიფოსათვის. საინტერესოა გადავხედოთ განვითარების იმ ტრაექტორიას, რაც დღეს საქართველოს აქვს მით უმეტეს, რომ აგვისტოს ომის შემდგომ განსაკუთრებით იმძლავრა პოლიტიკის ანალიზის მოთხოვნამ და საჭიროებამ.

ომის შემდგომ პოლიტიკის კომენტატორების, საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ნაწილში ისმის მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ საქართველომ უნდა გაატაროს ”ბალანსირებული პოლიტიკა,” რომელიც როგორღაც დააბალანსებდა დასავლეთისა და რუსეთის ინტერესებს საქართველოში და ამით საქართველოს მისცემდა უსაფრთხოების მეტ გარანტიებს; რომ ასეთი ბალანსირება ისტორიული კანონზომიერებითა და პოლიტიკური მიზანშეწონილებით არის განპირობებული. ხშირად ასეთი პოლიტიკის მაგალითად ჩვენივე რეგიონის ქვეყნები, სომხეთი და აზერბაიჯანი განიხილება ხოლმე, რომელნიც თითქოს ასეთი პოლიტიკის საშუალებით ახერხებენ რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის შენარჩუნებას. ამ ორ სახელმწიფოზე ქვემოთ ვისაუბრებთ, მანამდე კი სასარგებლო იქნება მოკლედ გავიხსენოთ თუ რას ნიშნავს ”ბალანსირება” (საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერებაში) სინამდვილეში, რა არჩევანის წინაშე დგას საქართველო და ბოლოს, რატომ არის შეუძლებელი და შესაძლოა საზიანოც ”ბალანსირების” ის მოდელი, რომლის თაობაზეც ამ ბოლო დროს საუბრობენ.

განსხვავებით ჩვენში გავრცელებული მოსაზრებისა, ბალანსირება არ ნიშნავს (ორი ან მეტი) სახელმწიფოს ინტერესის ”შეზავებას” ან მათთვის თანაბარი ასპარეზის მიცემას. ტერმინი ”ბალანსირება” ძალთა ბალანსის თეორიის ნაწილია და მისი ტრადიციული ინტერპრეტაცია აღნიშნავს ერთი სახელმწიფოს გავლენის წინააღმდეგ მოქმედებას შიდა რესურსების მობილიზაციით, სხვა სუსტ ან ძლიერ სახელმწიფოსთან თანამშრომლობით. ბალანსირების ანალიზი და მისი განმარტებები და ინტერპრეტაციები მოცემულია ჯონ მეირშაიმერთან, ქენეთ უოლთსთან, სთივენ უოლთთან და სხვა რეალისტ ავტორებთან. ჩვენს შემთხვევაში, საქართველო ცდილობს რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური სიძლიერის დაბალანსებას დასავლურ სამხედრო-პოლიტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციით და შეერთებულ შტატებთან პარტნიორობით. სხვაგვარი გაგება ”ბალანსირებისა,” რომელიც იქნებოდა თეორიულად გამართული, დაეყრდონობა ისტორიულ გამოცდილებას და იქნებოდა პრაქტიკაში გამოყენებადი, საერთაშორისო პოლიტიკაში არ არსებობს. ეს სტატიაც ამ საკითხის განხილვისათვის იწერება.

უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ვნახოთ თუ რა ტიპის რუსულ ინტერესებსა და პოლიტიკასთან გვაქვს საქმე საქართველოში. რუსული პოლიტიკა საქართველოს ინტერესებთან მიმართებაში ”ნეგატიურია” - საქართველოს არასოდეს მიუღია ”პოზიტიური რუსული წინადადება” იმის თაობაზე, თუ რას მიიღებდა ქვეყანა რუსეთთან თანამშრომლობის შედეგად. ”რუსული წინადადება,” თუკი ასეთი ოდესმე არსებობდა, ყოველთვის მდგომარეობდა მხოლოდ იმაში, რომ რუსეთი არ “დასჯიდა” საქართველოს თანამშრომლობის სანაცვლოდ. მუქარაზე დაფუძნებული პოლიტიკა საკმაოდ სერიოზული და ანგარიშგასაწევი რამაა, რადგან იგი ეფექტური იარაღია პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი შედარებით ძლიერი სახელმწიფოების ხელში შედარებით სუსტ სახელმწიფოთა წინააღმდეგ, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოშიც გამოჩნდა. თუმცაღა, მუქარასა და იძულებას, თავისი კონკრეტული დანიშნულება აქვს პოლიტიკის არსენალში და იგი უვარგისია მაშინ, როდესაც საუბარი თანამშრომლობასა და ალიანსებს შეეხება. იძულება კარგი ინსტრუმენტია ექსპანსიის, ძალის პროეცირების, მოწინააღმდეგის ინტერესების შესალახად და მისი მოკავშირეების გასანეიტრალებლად, მაგრამ იგი გამოუსადეგარია, როგორც ინსტრუმენტი თანამშრომლობის შესაქმნელად. თანამშრომლობას სჭირდება ბევრად მეტი რამ, ვიდრე სახელმწიფოთა შორის ასიმეტრიული ძალთა თანაფარდობაა. იმისათვის რომ თანამშრომლობა შედგეს, უნდა არსებობდეს მნიშვნელოვანი პოზიტიური (და არა ნეგატიური მაგალითად, ”გადარჩენა”) პოლიტიკური, სტრატეგიული, ეკონომიკური ინტერესები და საერთო ღირებულებები.

თუკი მსჯელობის გასამარტივებლად საქართველოსა და რუსეთს მცირე ხნით იზოლაციაში განვიხილავთ ვნახავთ, რომ ამ ორი სახელმწიფოს ინტერესები მხოლოდ ეკონომიკასა და ბიზნესში შეიძლება გადაიკვეთოს, ხოლო დანარჩენი სამი: პოლიტიკა, სტრატეგია და ღირებულებები შეუთავსებელი თუ არა, წინააღმდეგობრივი მაინც არის. პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველო დასავლეთზე და დასავლური სახელმწიფო მოწყობის ტიპზე ორიენტირებული საზოგადოება და სახელმწიფოა. საქართველოში ჯერ კიდევ არის დიდი რაოდენობა მოსახლეობისა, რომელიც ფიქრობს რომ რუსეთი არის ხსნა პრობლემებისაგან და გზა ეკონომიკური კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისაკენ, მაგრამ ასეთ ჯგუფებს აკლიათ ორგანიზება და კომპეტენტური ლიდერები, რომლებიც მათი შეხედულებების ეფექტურ სამოქმედო გეგმად ფორმირებას და ამ გეგმის პოლიტიკაში რეალიზაციას შესძლებდნენ. თანამედროვე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების აქტიური და ორგანიზებული ნაწილი კი დასავლური ტიპის ან დასავლური განათლებითა და მოდელებით აზროვნებს და მისთვის დემოკრატია შესაძლებლობის, ინიციატივის, კანონისა და უსაფრთხოების სამყაროა. მართალია ჩვენთან ჯერ კიდევ სუსტია დემოკრატიული ინსტიტუტები და ტრადიციები, მაგრამ დემოკრატიის მოთხოვნა ქვეყანაში ძლიერია.

რუსეთის მიერ ათწლეულების, თუ არა საუკუნეების განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოებრობისადმი აქტიურმა მტრობამ საქართველოს ხედვა დასავლეთს მიაჯაჭვა. მაშინ როდესაც საქართველო დასავლეთსა და შესაბამისად დემოკრატიაში შესაძლებლობას, თავისუფლებასა და ინდივიდუალიზმს ხედავს, რუსეთი დასავლეთსა და ლიბერალურ დემოკრატიას მტრულად აღიქვამს. ”სუვერენული დემოკრატიისა” და ”ძალაუფლების ვერტიკალის” რუსული პლაგიატი, ლიბერალურ დემოკრატიას ისევე უყურებს როგორც ბინ-ლადენი და მისი ალ-ყაიდა: ლიბერალიზმი (რუსულ ვერსიაში) და სეკულარიზმი (ალ-ყაიდას ვერსია) ”სამოქალაქო” რელიგიებია, რომლებიც ემუქრება ტრადიციულ ღირებულებებს, რელიგიასა და მორალს; ეროვნულ, ეთნიკურ თუ რელიგიურ ინტერესებს. ლიბერალიზმისა და სეკულარიზმის შიში და ერთგვარი მიუღებლობა მოქალაქეთა სხვადასხვა ფენებში საქართველოს პრობლემაც არის. ეს მისი ეკონომიკის და პოლიტიკური ინსტიტუტების სისუსტისა და განათლების დაბალი დონის შედეგია და ”ქვემოდან,” ანუ ხალხთა მასების ნაწილიდან მოდის. აღნიშნულის მიუღებლობას კი რუსეთში ზემოხსენებულ ფაქტორებთან ერთად ”ძალაუფლების ვერტიკალის” მიერ წარმოებული პროპაგანდა ემატება, ანუ მას რუსული ელიტის დიდი ნაწილიც იზიარებს. ეს კი მნიშვნელოვანი განსხვავებაა. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ხშირად ამბობენ ხოლმე, შეძლებული რუსი შვილებს ინგლისში ასწავლის, ფულს შვეიცარიაში ინახავს და ზაფხულში ნიცის სანაპიროზე ერთობა, იგი მაინც დასცინის იმ დემორატიას, რომელიც ყოველივე ამის უსაფრთხოდ კეთების საშუალებას მასაც აძლევს.

ვინაიდან სტრატეგია პოლიტიკას ემსახურება, შესაბამისად განსხვავებულია ის მიდგომები, რომლებიც საქართველოს აქვს საკუთარი მიზნების რეალიზაციისათვის. NATO-სა და ევროკავშირისაკენ სწრაფვა, დასავლეთის სამხედრო კამპანიებში მონაწილეობა სწორედ ამ სტრატეგიის გამოხატულებაა. გასაკვირი არაფერია იმაში, რომ სუსტი სახელმწიფო უფრო ძლიერ (ჩვენს შემთხვევაში უძლიერეს) სახელმწიფოთა ალიანსთან მეგობრობასა და კავშირს ესწრაფვოდეს. რუსეთი თავის მხრივ, მოქმედებს დასავლეთის ექსპანსიის წინააღმდეგ, რაც მან 2008 წელს საკმაო წარმატებით მოახერხა, როდესაც შეაჩერა საქართველოსა და უკრაინისათვის MAP-ის მიცემის პროცესი. 2008 წლის აგვისტოში კი მან ძლიერი დარტყმა მიაყენა უპირველეს ყოვლისა საქართველოს, ხოლო შემდეგ დასავლეთისა და შეერთებული შტატების ინტერესებსა და საერთაშორისო პრესტიჟს ჩვენს წინააღმდეგ ომითა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაზიანებით.

ეკონომიკის მხრივ, საქართველოს მნიშვნელოვანი ინტერესები გააჩნია რუსეთში და ასევე რუსეთსაც, ოღონდ მას არა უშუალოდ საქართველოში, არამედ ”საქართველოზე გავლით,” ამ სიტყვის როგორც გადატანითი, ასევე პირდაპირი მნიშვნელობით. რუსული ბაზრის დაკეტვა, მშრომელთა მიგრაციის შეზღუდვა და სხვა პრობლემები საგრძნობლად აზარალებს ჩვენს ეკონომიკას. რუსული ბაზრის დაკარგვა არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისათვის იქნებოდა სერიოზული ეკონომიკური დანაკარგი, მაგრამ მეორეს მხრივ, თუკი ინდუსტრიები, რომლებიც სარგებლობდნენ რუსული ბაზრით წარმატებულად გააგრძელებენ ბაზრების დივერსიფიკაციას, ზარალის შემცირება შესაძლებელი გახდება. მუშახელის მიგრაციის საკითხიც სტრუქტურული საკითხია და დროთა განმავლობაში აღნიშნული უმუშევრობის ერთგვარი კომპენსაციაც მოსალოდნელია. მეორეს მხრივ, კანონზე დაფუძნებულ სახელმწიფოებში უფრო უსაფრთხოა ბიზნესის წარმოება, იგი უფრო მდგრადია და ნაკლებად ექვემდებარება პოლიტიკურ რყევებს. ამასთან, მსოფლიო მრავალ საინტერესო ეკონომიკურ პერსპექტივას გვთავაზობს გლობალიზაციისა და ლიბერალური ეკონომიკის პირობებში.

ღირებულებები მნიშვნელოვანია, ვინაიდან ისინი კვებავენ პოლიტიკურ და საზოგადო დისკურსს. საქართველოსა და რუსეთის არჩევანები აქაც რადიკალურად განსხვავებულია, რაც ხშირად არჩევანით, ზოგჯერ კი აუცილებლობით არის განპირობებული. მაშინ როდესაც კრემლმა გადაწყვიტა რომ მისი კამპანია მედიის წინააღმდეგ კარგი მიდგომა იყო პოლიტიკის საკეთებლად, საქართველოში ”იმედის” წინააღმდეგ 2007 წელს განხორციელებული მოქმედება შეცდომად მიიჩნევა; მაშინ როდესაც საქართველოში უკმაყოფილო ხალხი პიკეტირებს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ, კეტავს ქალაქის მთავარ გამზირს და იყენებს ოპოზიციურ ტელე-არხებს, რუსეთში ასეთი რამ უკვე დიდი ხანია წარმოუდგენელია. საქართველოში მარგინალური პოლიტიკური გავლენის მქონე ჯგუფები რადიკალურ-ნაციონალისტური, რევანშისტული დაჯგუფებებია; რუსეთში მარგინალური პოლიტიკური გავლენა დემოკრატიულ ძალებს აქვთ. რუსეთს არ გააჩნია ღირებულებითი ხიბლი და ”რბილ ძალად” წოდებული გავლენა, რათა მიიზიდოს მოკავშირეები. დრო, როდესაც მას ასეთი ”რბილი გავლენა” ჰქონდა კომუნიზმის, როგორც მსოფლიო ომში გამარჯვებული იდეოლოგიის დამარცხებასთან ერთად წავიდა. დღეს კი, როდესაც ევროკავშირი ”აღმოსავლეთის პარტნიორობას” სთავაზობს მეზობელ სახელმწიფოებს, რუსეთი მათ გაზის მიწოდებას უწყვეტს და საქართველოს ბალისტიკურ რაკეტებს უშენს. ღირებულებითი არჩევანი ნათელია, ჩვენთვის განსაკუთრებით და უფრო მწვავედ აგვისტოს შემდეგ.

საქართველოს დემოკრატიული და დასავლური ტრაექტორია გამოწვეულია, როგორც დემოკრატიის მიზიდულობით, ასევე დასავლეთის მხარდაჭერის აუცილებლობით, რომლის დაკარგვაც საქართველოსათვის დამღუპველი იქნება. შესაბამისად, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პრობლემებთან ჭიდილმა შესაძლოა ქვეყანა სისტემური გაძლიერების გზაზე დააყენოს. რუსეთს დასავლეთის მხარდაჭერა არ სჭირდება და შესაბამისად, მათი თანამშრომლობა სხვა ხარისხისა და მასშტაბისაა. საქართველოსა და რუსეთს სხვადასხვა სტანდარტებით სჯიან და მათ მიმართ განსხვავებული მოლოდინები არსებობს. რუსეთის სტაბილურობა და ზეგავლენა ძირითადად საწვავის ფასებს, პუტინის მკაცრად რაციონალურ მმართველობას და ელიტების ამ მმართველობით კმაყოფილებას ეფუძნება. სწორედ ამიტომ, რუსეთის პოლიტიკური ზეობა შეიძლება მისი სისტემური დასუსტებით დასრულდეს და რუსეთი გადაიქცეს მსოფლიო უსაფრთხოების დიდ პრობლემად და არა მისი გადაჭრის მნიშვნელოვან ნაწილად.

დავუბრუნდეთ ხშირად ”ბალანსირების” მაგალითად მიჩნეულ სომხეთს და გარკვეულწილად აზერბაიჯანს. სომხეთი ერთგვარი ”ურთიერთთავსებადობის” პოლიტიკას ეწევა, სინამდვილეში კი მისი სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურა რუსეთის მიერ არის ”დაყადაღებული.” აზერბაიჯანი ბალანსირებას იმით ცდილობს, რომ ნავთობს რუსეთშიც ყიდის, NATO-ს წევრობას აქტიურად არ ითხოვს, მაგრამ თანამშრომლობს მასთან. თითქოსდა, ორივე სახელმწიფოს წარმატებით უნდა ჰქონდეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხი გადაწვეტილი. მაგრამ ”ურთიერთთავსებადობის,” ან ორ ძალას შორის ბალანსირების ილუზიასა და ამ მიდგომის თეორიულ და პრაქტიკულ სისუსტეს წერტილს ყარაბაღი უსვამს: სომხეთს აზერბაიჯანის ტერიტორიის დიდი ნაწილი უკავია. სახელმწიფოთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ფორმულაში ბალანსირების ასეთი გაგება ნეიტრალურია - იგი არ განაპირობებს პოლიტიკურ დივიდენდებს, რადგან მთავარი მაინც ის არის, რომელი სახელმწიფო ან მხარე არის უფრო ინტეგრირებული, უფრო შეკავშირებული დიდ ძალასთან. ასეთი კი ამ ეტაპზე და განსაკუთრებით ყარაბაღის კონტექსტში სომხეთია. ასეთი ბალანსირების მოჩვენებითობას თუნდაც ის ადასტურებს, თუ რა სწრაფად თქვა უარი სომხეთმა NATO-ს წვრთნებში მონაწილეობაზე რუსეთის მოთხოვნის შედეგად და რაოდენ ენერგიულად უჭერს მხარს აზერბაიჯანი ნაბუკოს პროექტს, რომელიც რუსეთის გავლენის შესუსტებისაკენ არის მიმართული. სწორედ ამიტომ, ასეთი ”ბალანსირება” დიპლომატიური ეტიკეტის ნაწილია და არა სახელმწიფოთა წარმატებული პოზიცირება საერთაშორისო სისტემაში ან მით უმეტეს, რაიმე სახის მწყობრი თეორია მცირე სახელმწიფოს ეფექტური საგარეო პოლიტიკისათვის.

ისევე როგორც ნებისმიერ სხვა კონკურენციაში, მათ შორის გავლენის სფეროებისათვის პაექრობაში, უნდა გაიმარჯვოს ან დასავლეთმა (უფრო კონკრეტულად კი შეერთებულმა შტატებმა) ან რუსეთმა. ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეთათვის დასავლეთის გამარჯვება ეროვნული ინტერესების ნაწილია, ვინაიდან მეორე ან უკეთესი ალტერნატივა არ არსებობს, არსებობს რუსეთის სრული გავლენის გარდაუვალობა და/ან საქართველოს, როგორც თანამედროვე სახელმწიფოს იდეის მორიგი მარცხი. სწორედ ამიტომ, ჩვენი სახელმწიფო და თუ გნებავთ, სასიცოცხლო ინტერესი არის ის, რომ მივაღწიოთ მდგრად უსაფრთხოებას, განვითარებას და ლიბერალურ-დემოკრატიული პროცესების შეუქცევადობას. ჩვენი სტრატეგიის მთავარი ღერძი დასავლეთზე და მის სამხედრო - პოლიტიკურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობაზე გადის.

ჩვენი წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მოახერხებს ქვეყანა ომის შემდგომი რყევებიდან ფეხზე დადგომას და სამხედრო უსაფრთხოებისა და პოლიტიკური სტაბილურობის მეტ-ნაკლებად პროგნოზირებადი რეჟიმის შექმნას; რაც ძალიან მნიშვნელოვანია - რამდენაც შესაძლებელი იქნება ახალი, ეფექტური რეფორმების განხორციელება; მაგრამ მხოლოდ ჩვენი არჩევანი საკმარისი არ არის, რამდენად ეფექტურიც არ უნდა იყოს ჩვენი დიპლომატია და რაოდენ ბრძენიც ჩვენი პოლიტიკური საზოგადოება. მრავალი სხვა ფაქტორი ზემოქმედებს იმაზე, მოხვდება თუ არა დასავლეთის სტრატეგიული და არა პერიფერული ინტერესების ზონაში საქართველო. ეს დამოკიდებულია დემოკრატიული სამყაროს ლიდერის - შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების განსაზღვრებისა და ფორმირების პროცესის შედეგებზე, რომელიც ახლა მიმდინარეობს; ეს განპირობებული იქნება იმით, თუ რამდენად მოახერხებენ შეერთებული შტატები და ევროკავშირი უნისონში მოქმედებას საქართველო-რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებით და რამდენ ძალისხმევას გაიღებენ ისინი ჩვენთვის; დასასრულს, ეს ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ კიდევ რა მოხდება ხვალ მსოფლიოში. ეს ის საკითხებია, რომლებზეც ჯერ არ გვაქვს პასუხები, ზოგიერთ საკითხზე კი პასუხები უბრალოდ არ არსებობს. მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ თუ რა არის ჩვენი ეროვნული ინტერესი და შევეცადოთ ამ ინტერესის გააზრებას, საზოგადოებაში კომუნიკაციას და მის რეალიზაციას და არა მის ხელოვნურ მოდიფიკაციას. ეს ჩვენი: სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკის მეცნიერთა თუ პოლიტიკოსთა პასუხისმგებლობაა. მეორე და არა ნაკლებ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ამ არჩევანის დაცვაა, რომელსაც მნიშვნელოვანი საფრთხეები ემუქრება და მომავალშიც დაემუქრება.

საქართველო და რუსეთი იმყოფებიან რადიკალურად განსხვავებულ ისტორიულ გზებზე. მიუხედავად იმისა, რომ საწყისი პოზიციების - თუნდაც მხოლოდ ისტორიული ქრონომეტრაჟის გამო, ერთმანეთთან მსგავსებებიც შეიძლება მრავლად აღმოვაჩინოთ, ორი სახელმწიფო და ორი საზოგადოება სხვადასხვა გზით მიემართებიან ისტორიული მომავლისაკენ. მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც აუცილებლად უნდა დაისვას, არის ის, თუ რამდენად შეუქცევადია ეს ისტორიული ტრაექტორია. ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი ახლა და საქართველოსათვის ჯერ სამწუხაროდ არ არსებობს. მაგრამ არსებული განსხვავებები, დღეისათვის გაკეთებული არჩევანები ამ ორი საზოგადოების განსხვავებული და შეუთავსებელი განვითარების ტრაექტორიებზე მიუთითებს. რუსეთისა და საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობა მაშინ, როდესაც ეროვნული ინტერესები ასე განსხვავებულია შეუძლებელია. ასეთ ვითარებაში რეალური ალტერნატივები არის არაკეთილმეზობლურ რეჟიმში არსებობა ან ერთის მიერ მეორის ინტერესების დასათმობად იძულება (ომი).

სწორედ პოლიტიკური, ეკონომიკური, სტრატეგიული და ღირებულებითი ფაქტორების გათვალისწინებით ფორმირდება ეროვნული ინტერესები. ამ მხრივ, სასწორი საქართველოსათვის დასავლური ტიპის სახელმწიფოებრიობისაკენ იხრება. სწორედ აღნიშნული განაპირობებს რუსეთის ეროვნული ინტერესების კონფლიქტს ჩვენთან და პირიქით. ამ არჩევანების, ინტერსებისა და მთავარი მოთამაშეების ”დაბალანსება” შეუძლებელია. როდესაც მხოლოდ ოთხი ქვაა: პოლიტიკა, ეკონომიკა, სტრატეგია და ღირსებულებები და ოთხივე პინის ერთ მხარეს დევს, შეუძლებელია სასწორის წონასწორობაში მოყვანა მსჯელობის დეფორმაციის გარეშე.

ლევან ცუცქირიძე

დაიბეჭდა გაზეთ ”24 საათში” 1 ივნისი, 2009