Friday, May 28, 2010

გადამწყვეტი არჩევანი

გასულ კვირას ევროპულმა სახლმა საინტერესო დებატები მოაწყო ევროკავშირის პოლიტიკის შესახებ. მის გახსნაში მონაწილეობა მიიღო პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდრ კვაშნევსკიმაც.. ჩემ შეკითხვაზე, თუ რა პოლიტიკური, დიპლომატიური ან ეკონომიკური ფასი შეიძლება დაადოს ევროპამ რუსეთის მიერ სამხედრო აგრესიის განმეორებას, კვაშნევსკიმ მიპასუხა, რომ თუკი რუსეთს კარგი ურთიერთობები უნდა დასავლეთთან, აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის საკითხები რაიმე ფორმით უნდა მოგვარდეს. ეს პასუხისაგან თავის არიდება იყო, ვინაიდან, როგორც ჩანს, ევროპას ამ თემაზე ფიქრი არ სურს, ან იფიქრა, მაგრამ პასუხი ჩვენთვის არასასურველია, მისი თქმა კი – უხერხული.

საქართველო რთულ საერთაშორისო პოლიტიკურ ვითარებაშია. შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა და სტრატეგია იცვლება და არა – ჩვენთვის სასიკეთოდ. პრეზიდენტ ობამას უმთავრესი საგარეო პოლიტიკური ამოცანაა ავღანეთი, ერაყი და ირანი. თეირანის ბირთვული პროგრამის პროგრესმა შეერთებული შტატები, შესაძლოა, კიდევ ახალ კონფლიქტში გარიოს – ისრაელის საშუალებით. შესაბამისად, შუა აღმოსავლეთი კვლავ რჩება ამერიკის მნიშვნელოვან პრობლემად. ამას ემატება გლობალური ომი ტერორიზმის წინააღმდეგ, სადაც პაკისტანის გაურკვეველი მომავალი ასევე საფრთხეს წარმოადგენს ამერიკისათვის, ვინაიდან ამ ბირთვული სახელმწიფოს ძალოვან ინსტიტუტებს მჭიდრო და ამასთანავე რთულ ურთიერთდამოკიდებულება აქვთ თალიბების მოძრაობასთან. ობამას მისიის ნაწილია აგრეთვე _ ბირთვული არსენალების შემცირება. ზოგადად, მისი პოლიტიკური მსოფლმხედველობა გახლავთ დიდი, რადიკალური ცვლილებები. ამ დიდი მიზნებისთვის კი, როგორც ჩანს, „პატარა დათმობები“ მისაღებია.

ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ამ ამოცანების გადაჭრაში შეერთებული შტატები რუსეთს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პარტნიორად თვლის და შესაბამისადაც იქცევა. ამერიკამ გადადო სარაკეტო თავდაცვის სისტემა, ნაკლებად უჭერს მხარს NATO-ს გაფართოებას, აღადგენს ბუშის მიერ საქართველოსთან ომის დროს გაუქმებულ ბირთვული თანამშრომლობის პაქტს, ვინაიდან „აღარ მიიჩნევს საქართველოს მდგომარეობას დაბრკოლებად ამ საკითხში“. ამ ყველაფრის სიმბოლური აღმნიშვნელი კი ამერიკელი სამხედრო ქვეითების წითელ მოედანზე 9 მაისის აღლუმში მონაწილეობა გახდა. როგორც quid-pro-quo, ობამამ რუსეთის მიერ ირანის მიმართ „ტონის გამკაცრება,“ მის წინააღმდეგ სანქციებზე ზოგადი თანხმობა და ავღანეთისკენ მიმავალი ტვირთმზიდების რუსეთის ცაზე არც თუ ბევრი გადაფრენა მიიღო. ამერიკამ ბევრი დათმო და ჯერჯერობით ცოტა მიიღო.

ევროკავშირი საკუთარ პრობლემებშია ჩაფლული. ეკონომიკური და ფინანსური კრიზისები, შიდა საკავშირო დაპირისპირება ნამდვილად გაართულებს საქართველოს მიმართ რაიმე მწყობრი საგარეო პოლიტიკური ხედვის აწყობას. მეტიც, ევროკავშირში უკვე ევროზონის რღვევის რისკებზეც საუბრობენ ეკონომისტები და პოლიტიკოსები. რამდენად დარჩება პოლონეთი ჩვენი აქტიური მხარდამჭერი პრეზიდენტ კაჩინსკის დაღუპვის შემდეგ, უახლოეს მომავალში ვნახავთ. დიდი ბრიტანეთი, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერი იყო ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებთან უნისონში მოქმედი NATO-სა და უსაფრთხოების სხვა საკითხებში, ამჟამად კოალიციურ მთავრობას აყალიბებს. ამ მთავრობაში კონსერვატორები და ლიბერალ–დემოკრატები გაიყოფენ ძალაუფლებას. ეს გადაწყვეტილებების მიღების უფრო რთული პროცესის ნიშანია, მით უმეტეს - საგარეო პოლიტიკაში, სადაც ლიბერალ–დემოკრატებსა და კონსერვატორებს ნამდვილად განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ჩვენი სამხედროები ავღანეთში ფრანგული სარდლობის ქვეშ მსახურობენ, ეს სარდლობა კი მისტრალს რუსებზე ყიდის.

ევროპელებს, უფრო მეტად, ვიდრე შეერთებულ შტატებს, სჭირდებათ რუსეთთან თანამშრომლობა და, როგორც მინიმუმ, არ სჭირდებათ პრობლემები. ამიტომაც არსებობს აღმოსავლეთის პარტნიორობის გეგმა, სადაც ვიმუშავებთ უსაფრთხოების „რბილ“ განზომილებაზე, ვისაუბრებთ სავიზო რეჟიმის გამარტივებასა და თავისუფალ ვაჭრობაზე, მაგრამ უსაფრთხოების რთულ საკითხებზე სამოქმედოდ ევროპა მზად არ არის. დასავლეთის მთავარი უსაფრთხოების გარანტი – NATO ამჟამად სტრატეგიის რეფორმის პროცესშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი სტრატეგიის შექმნამდე ეს ორგანიზაცია status-quo მოთამაშედ დარჩება მაშინ, როდესაც ანტი status-quo მოთამაშე რუსეთი აქტიურ საგარეო პოლიტიკას აწარმოებს.

ჩვენს უახლოეს სამეზობლოშიც რთული ვითარებაა. დემოკრატიის ტალღამ, რომელმაც რეგიონს გადაუარა ეკონომიკურ კრიზისებს, კორუფციასა და შიდა სახელისუფლებო დაპირისპირებას დაუთმო ასპარეზი. იანუკოვიჩის პრეზიდენტობისას კარგი შედეგი იქნება, თუკი უკრაინა არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობას. აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა გართულდა, სომხეთი კი რუსეთის ტრადიციული პარტნიორია. რეგიონის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ჯერ კიდევ ერთგული რჩება დასავლეთზე ორიენტაციისა, საქართველოა. ჩვენთან ესმით, რომ სახელმწიფოს მოწყობის დასავლური მოდელი უკეთესია, ვიდრე ის, რასაც რუსეთში ვხედავთ. ამასთან, საქართველოს რუსეთისადმი დიდი „განზიდულობა“ აქვს. ის რომ ამ სივრცეში მარტო ვართ, პრობლემაც არის და შესაძლებლობაც. პრობლემა ცხადია, შესაძლებლობა კი ისაა, რომ საქართველო შეიძლება დასავლეთის პრესტიჟის საკითხი გახდეს.

იმ საერთაშორისო ვითარებაში, რომელშიც დღეს საქართველო მოხვდა, სადაც რისკის ამპლიტუდა დასავლეთის დაბალი ინტერესიდან დიდ სახელმწიფოებს შორის რაციონალურ, თუმცა ჩვენთვის არასასურველ გარიგებამდე მერყეობს, ჩვენი მთავარი ამოცანაა სახელმწიფოებრიობისა და მიღწეული პროგრესის (უკეთესი ადმინისტრირება, კორუფციის შემცირება და სხვა) შენარჩუნება. ამ მხრივ, რამდენიმე რამ აუცილებლად და სწრაფად არის გასაკეთებელი:

პირველი – ეს მოახლოებული არჩევნების კარგად ჩატარებაა. სამართლიანი და მთავარი მოქმედი პირების მიერ მიღებული არჩევნები იმის საწინდარი იქნება, რომ ერთი მხრივ საქართველო გაიუმჯობესებს დემოკრატიის ხარისხს, ხოლო მეორე მხრივ, გამორიცხავს მასობრივ მღელვარებას, რასაც აუცილებლად გამოიყენებენ სახელმწიფოს (და არა მხოლოდ მთავრობის) წინააღმდეგ. „კარგ არჩევნებს“ სხვა დადებითი ეფექტიც ექნება: იგი გახდება საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში იმპულსი პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებისა და ახალი, პოზიტიური პოლიტიკური იდეების განვითარებისთვის, რომელსაც სულ რამდენიმე წელიწადში მნიშვნელოვანი გამოცდა ელის – 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იქნება ჩვენი შანსი, პირველად გადავცეთ უმაღლესი ხელისუფლება მშვიდობიანი გზით. ეს დღევანდელი მთავრობის მნიშვნელოვანი მისიაა, მაგრამ ასევეა ჩვენი დიდი პასუხისმგებლობაც.

მეორე და მნიშვნელოვანი საკითხია შეიარაღებული ძალების რეფორმა. ძალზედ მნიშვნელოვანია ეროვნული სამხედრო სტრატეგიისა და უსაფრთხოების დოქტრინის დროულად მიღება და შეიარაღებული ძალების მათთან შესაბამისობაში მოყვანა. რეზერვის რეფორმა გაჭიანურდა და მისი განხორციელება აუცილებელია. თუკი ჩვენ გვინდა ‘“აგრესიის ფასის აწევა,“ მაშინ მაღალპროფესიულირეზერვის შექმნა გადაუდებელი ამოცანაა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, რეზერვზე საუბარი ძალზედ არაპოპულარულიც იყოს. შეიარაღებული ძალები საზოგადოების ანარეკლია. თუკი ვერ შევქმნით რეზერვს, რომელსაც შეეძლება ქვეყნის თავდაცვაში ეფექტური მონაწილეობა, ეს ნიშნავს, რომ არც არაფერი გვიღირს დასაცავად. ჩვენი მთავარი პრობლემა შეიარაღების ბაზრებიცაა. ჩვენმა დიპლომატიამ აქტიურად უნდა იმუშაოს იმისათვის, რომ საქართველოს ჰქონდეს მაღალტექნოლოგიური თავდაცვითი შესაძლებლობა. ჩვენ უფრო მაღალი ფასი უნდა დავადოთ ქართული არმიის ავღანეთში მონაწილეობას.

მელოსის დიალოგი ისევე აქტუალურია ჩვენს საუკუნეში, როგორც პელოპონესის ომის დროს, სადაც კარგად იცოდნენ, რომ უფლებებისა და სამართლიანობის საკითხი მხოლოდ თანასწორთა შორის განიხილება. ასეთ ასიმეტრიულ ძალთა ბალანსის ვითარებაში, შეცდომას დავუშვებთ, თუკი მცირე ევროპული მისიისა და სარკოზის გეგმის იმედზე დავტოვებთ ქვეყნის უსაფრთხოებას. სახელმწიფოთა უსაფრთხოების გარანტი ყოველთვის იყო ძალა და არა _ შეთანხმებები. ამიტომაც, შიდა ბალანსირება და რესურსების მობილიზება აუცილებელი ხდება, იქნება ეს ფინანსური თუ ადამიანური. ახალი შესყიდვების ბაზრების გახსნა და რეზერვის რეფორმა ორი საშური საქმეა.

ჩვენი პრიორიტეტების მესამე სფეროა დასავლეთის პოლიტიკურ სისტემაში ინტეგრირება. არსებულ ვითარებაში NATO-სა და ევროკავშირის წევრობა მიამიტური მოლოდინი იქნება. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ეს თემა უნდა დავივიწყოთ; მეტიც, სწორედ ამიტომ გვმართებს უფრო მაღალი აქტიურობა. მაგრამ დასავლეთის ხიბლი ისიც არის, რომ თუნდაც მისი ნაწილი არ იყო, შეიძლება ის თავად გახდეს შენი. თუკი ჩვენ ჯერ ვერ მივალთ დასავლეთთან, შეგვიძლია დასავლეთი შემოვიყვანოთ ქვეყანაში. კარგი არჩევნები, გამჭვირვალე საჯარო ინსტიტუტები, ეფექტური რეფორმები, ანგარიშვალდებული მთავრობა, თავისუფალი და პროფესიული მედია, ღირებულებებზე დაფუძნებული, პოზიტიურად მოაზროვნე პოლიტიკური პარტიები და მოქმედი სამოქალაქო საზოგადოება – არის დიდი და ფართო გზა საქართველოს ნამდვილ თანამედროვე სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისთვის.

ყოველივე ეს მხოლოდ სათქმელად არის ადვილი. მაგრამ დასავლეთის „შემოყვანა“ საქართველოში შეიძლება იმის დასაბამიც გახდეს, რომ ასე საჭირო წევრობა დასავლურ სამხედრო-პოლიტიკურ კლუბში შესაძლებელი გახდეს. ეს არის ერთადერთი გზა და იქნებ უკანასკნელი არჩევანიც ქვეყნისათვის, რომელიც თანამედროვე სახელმწიფოდ გადაქცევას ცდილობს, როდესაც დიდ სახელმწიფოს სამეზობლოში არავინ უშლის თავნებობას. ცოტა ირონიაც რომ გავურიოთ (პოლიტიკას უხდება) – ჩვენი თავი ჩვენადვე ახლა ნამდვილად გვეყუდნის.


სტატია დაიწერა სპეციალურად ჟურნალ "ლიბერალისათვის"