Friday, May 28, 2010

გადამწყვეტი არჩევანი

გასულ კვირას ევროპულმა სახლმა საინტერესო დებატები მოაწყო ევროკავშირის პოლიტიკის შესახებ. მის გახსნაში მონაწილეობა მიიღო პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდრ კვაშნევსკიმაც.. ჩემ შეკითხვაზე, თუ რა პოლიტიკური, დიპლომატიური ან ეკონომიკური ფასი შეიძლება დაადოს ევროპამ რუსეთის მიერ სამხედრო აგრესიის განმეორებას, კვაშნევსკიმ მიპასუხა, რომ თუკი რუსეთს კარგი ურთიერთობები უნდა დასავლეთთან, აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის საკითხები რაიმე ფორმით უნდა მოგვარდეს. ეს პასუხისაგან თავის არიდება იყო, ვინაიდან, როგორც ჩანს, ევროპას ამ თემაზე ფიქრი არ სურს, ან იფიქრა, მაგრამ პასუხი ჩვენთვის არასასურველია, მისი თქმა კი – უხერხული.

საქართველო რთულ საერთაშორისო პოლიტიკურ ვითარებაშია. შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა და სტრატეგია იცვლება და არა – ჩვენთვის სასიკეთოდ. პრეზიდენტ ობამას უმთავრესი საგარეო პოლიტიკური ამოცანაა ავღანეთი, ერაყი და ირანი. თეირანის ბირთვული პროგრამის პროგრესმა შეერთებული შტატები, შესაძლოა, კიდევ ახალ კონფლიქტში გარიოს – ისრაელის საშუალებით. შესაბამისად, შუა აღმოსავლეთი კვლავ რჩება ამერიკის მნიშვნელოვან პრობლემად. ამას ემატება გლობალური ომი ტერორიზმის წინააღმდეგ, სადაც პაკისტანის გაურკვეველი მომავალი ასევე საფრთხეს წარმოადგენს ამერიკისათვის, ვინაიდან ამ ბირთვული სახელმწიფოს ძალოვან ინსტიტუტებს მჭიდრო და ამასთანავე რთულ ურთიერთდამოკიდებულება აქვთ თალიბების მოძრაობასთან. ობამას მისიის ნაწილია აგრეთვე _ ბირთვული არსენალების შემცირება. ზოგადად, მისი პოლიტიკური მსოფლმხედველობა გახლავთ დიდი, რადიკალური ცვლილებები. ამ დიდი მიზნებისთვის კი, როგორც ჩანს, „პატარა დათმობები“ მისაღებია.

ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ამ ამოცანების გადაჭრაში შეერთებული შტატები რუსეთს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პარტნიორად თვლის და შესაბამისადაც იქცევა. ამერიკამ გადადო სარაკეტო თავდაცვის სისტემა, ნაკლებად უჭერს მხარს NATO-ს გაფართოებას, აღადგენს ბუშის მიერ საქართველოსთან ომის დროს გაუქმებულ ბირთვული თანამშრომლობის პაქტს, ვინაიდან „აღარ მიიჩნევს საქართველოს მდგომარეობას დაბრკოლებად ამ საკითხში“. ამ ყველაფრის სიმბოლური აღმნიშვნელი კი ამერიკელი სამხედრო ქვეითების წითელ მოედანზე 9 მაისის აღლუმში მონაწილეობა გახდა. როგორც quid-pro-quo, ობამამ რუსეთის მიერ ირანის მიმართ „ტონის გამკაცრება,“ მის წინააღმდეგ სანქციებზე ზოგადი თანხმობა და ავღანეთისკენ მიმავალი ტვირთმზიდების რუსეთის ცაზე არც თუ ბევრი გადაფრენა მიიღო. ამერიკამ ბევრი დათმო და ჯერჯერობით ცოტა მიიღო.

ევროკავშირი საკუთარ პრობლემებშია ჩაფლული. ეკონომიკური და ფინანსური კრიზისები, შიდა საკავშირო დაპირისპირება ნამდვილად გაართულებს საქართველოს მიმართ რაიმე მწყობრი საგარეო პოლიტიკური ხედვის აწყობას. მეტიც, ევროკავშირში უკვე ევროზონის რღვევის რისკებზეც საუბრობენ ეკონომისტები და პოლიტიკოსები. რამდენად დარჩება პოლონეთი ჩვენი აქტიური მხარდამჭერი პრეზიდენტ კაჩინსკის დაღუპვის შემდეგ, უახლოეს მომავალში ვნახავთ. დიდი ბრიტანეთი, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერი იყო ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებთან უნისონში მოქმედი NATO-სა და უსაფრთხოების სხვა საკითხებში, ამჟამად კოალიციურ მთავრობას აყალიბებს. ამ მთავრობაში კონსერვატორები და ლიბერალ–დემოკრატები გაიყოფენ ძალაუფლებას. ეს გადაწყვეტილებების მიღების უფრო რთული პროცესის ნიშანია, მით უმეტეს - საგარეო პოლიტიკაში, სადაც ლიბერალ–დემოკრატებსა და კონსერვატორებს ნამდვილად განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ჩვენი სამხედროები ავღანეთში ფრანგული სარდლობის ქვეშ მსახურობენ, ეს სარდლობა კი მისტრალს რუსებზე ყიდის.

ევროპელებს, უფრო მეტად, ვიდრე შეერთებულ შტატებს, სჭირდებათ რუსეთთან თანამშრომლობა და, როგორც მინიმუმ, არ სჭირდებათ პრობლემები. ამიტომაც არსებობს აღმოსავლეთის პარტნიორობის გეგმა, სადაც ვიმუშავებთ უსაფრთხოების „რბილ“ განზომილებაზე, ვისაუბრებთ სავიზო რეჟიმის გამარტივებასა და თავისუფალ ვაჭრობაზე, მაგრამ უსაფრთხოების რთულ საკითხებზე სამოქმედოდ ევროპა მზად არ არის. დასავლეთის მთავარი უსაფრთხოების გარანტი – NATO ამჟამად სტრატეგიის რეფორმის პროცესშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი სტრატეგიის შექმნამდე ეს ორგანიზაცია status-quo მოთამაშედ დარჩება მაშინ, როდესაც ანტი status-quo მოთამაშე რუსეთი აქტიურ საგარეო პოლიტიკას აწარმოებს.

ჩვენს უახლოეს სამეზობლოშიც რთული ვითარებაა. დემოკრატიის ტალღამ, რომელმაც რეგიონს გადაუარა ეკონომიკურ კრიზისებს, კორუფციასა და შიდა სახელისუფლებო დაპირისპირებას დაუთმო ასპარეზი. იანუკოვიჩის პრეზიდენტობისას კარგი შედეგი იქნება, თუკი უკრაინა არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობას. აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა გართულდა, სომხეთი კი რუსეთის ტრადიციული პარტნიორია. რეგიონის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ჯერ კიდევ ერთგული რჩება დასავლეთზე ორიენტაციისა, საქართველოა. ჩვენთან ესმით, რომ სახელმწიფოს მოწყობის დასავლური მოდელი უკეთესია, ვიდრე ის, რასაც რუსეთში ვხედავთ. ამასთან, საქართველოს რუსეთისადმი დიდი „განზიდულობა“ აქვს. ის რომ ამ სივრცეში მარტო ვართ, პრობლემაც არის და შესაძლებლობაც. პრობლემა ცხადია, შესაძლებლობა კი ისაა, რომ საქართველო შეიძლება დასავლეთის პრესტიჟის საკითხი გახდეს.

იმ საერთაშორისო ვითარებაში, რომელშიც დღეს საქართველო მოხვდა, სადაც რისკის ამპლიტუდა დასავლეთის დაბალი ინტერესიდან დიდ სახელმწიფოებს შორის რაციონალურ, თუმცა ჩვენთვის არასასურველ გარიგებამდე მერყეობს, ჩვენი მთავარი ამოცანაა სახელმწიფოებრიობისა და მიღწეული პროგრესის (უკეთესი ადმინისტრირება, კორუფციის შემცირება და სხვა) შენარჩუნება. ამ მხრივ, რამდენიმე რამ აუცილებლად და სწრაფად არის გასაკეთებელი:

პირველი – ეს მოახლოებული არჩევნების კარგად ჩატარებაა. სამართლიანი და მთავარი მოქმედი პირების მიერ მიღებული არჩევნები იმის საწინდარი იქნება, რომ ერთი მხრივ საქართველო გაიუმჯობესებს დემოკრატიის ხარისხს, ხოლო მეორე მხრივ, გამორიცხავს მასობრივ მღელვარებას, რასაც აუცილებლად გამოიყენებენ სახელმწიფოს (და არა მხოლოდ მთავრობის) წინააღმდეგ. „კარგ არჩევნებს“ სხვა დადებითი ეფექტიც ექნება: იგი გახდება საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში იმპულსი პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღებისა და ახალი, პოზიტიური პოლიტიკური იდეების განვითარებისთვის, რომელსაც სულ რამდენიმე წელიწადში მნიშვნელოვანი გამოცდა ელის – 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იქნება ჩვენი შანსი, პირველად გადავცეთ უმაღლესი ხელისუფლება მშვიდობიანი გზით. ეს დღევანდელი მთავრობის მნიშვნელოვანი მისიაა, მაგრამ ასევეა ჩვენი დიდი პასუხისმგებლობაც.

მეორე და მნიშვნელოვანი საკითხია შეიარაღებული ძალების რეფორმა. ძალზედ მნიშვნელოვანია ეროვნული სამხედრო სტრატეგიისა და უსაფრთხოების დოქტრინის დროულად მიღება და შეიარაღებული ძალების მათთან შესაბამისობაში მოყვანა. რეზერვის რეფორმა გაჭიანურდა და მისი განხორციელება აუცილებელია. თუკი ჩვენ გვინდა ‘“აგრესიის ფასის აწევა,“ მაშინ მაღალპროფესიულირეზერვის შექმნა გადაუდებელი ამოცანაა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, რეზერვზე საუბარი ძალზედ არაპოპულარულიც იყოს. შეიარაღებული ძალები საზოგადოების ანარეკლია. თუკი ვერ შევქმნით რეზერვს, რომელსაც შეეძლება ქვეყნის თავდაცვაში ეფექტური მონაწილეობა, ეს ნიშნავს, რომ არც არაფერი გვიღირს დასაცავად. ჩვენი მთავარი პრობლემა შეიარაღების ბაზრებიცაა. ჩვენმა დიპლომატიამ აქტიურად უნდა იმუშაოს იმისათვის, რომ საქართველოს ჰქონდეს მაღალტექნოლოგიური თავდაცვითი შესაძლებლობა. ჩვენ უფრო მაღალი ფასი უნდა დავადოთ ქართული არმიის ავღანეთში მონაწილეობას.

მელოსის დიალოგი ისევე აქტუალურია ჩვენს საუკუნეში, როგორც პელოპონესის ომის დროს, სადაც კარგად იცოდნენ, რომ უფლებებისა და სამართლიანობის საკითხი მხოლოდ თანასწორთა შორის განიხილება. ასეთ ასიმეტრიულ ძალთა ბალანსის ვითარებაში, შეცდომას დავუშვებთ, თუკი მცირე ევროპული მისიისა და სარკოზის გეგმის იმედზე დავტოვებთ ქვეყნის უსაფრთხოებას. სახელმწიფოთა უსაფრთხოების გარანტი ყოველთვის იყო ძალა და არა _ შეთანხმებები. ამიტომაც, შიდა ბალანსირება და რესურსების მობილიზება აუცილებელი ხდება, იქნება ეს ფინანსური თუ ადამიანური. ახალი შესყიდვების ბაზრების გახსნა და რეზერვის რეფორმა ორი საშური საქმეა.

ჩვენი პრიორიტეტების მესამე სფეროა დასავლეთის პოლიტიკურ სისტემაში ინტეგრირება. არსებულ ვითარებაში NATO-სა და ევროკავშირის წევრობა მიამიტური მოლოდინი იქნება. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ეს თემა უნდა დავივიწყოთ; მეტიც, სწორედ ამიტომ გვმართებს უფრო მაღალი აქტიურობა. მაგრამ დასავლეთის ხიბლი ისიც არის, რომ თუნდაც მისი ნაწილი არ იყო, შეიძლება ის თავად გახდეს შენი. თუკი ჩვენ ჯერ ვერ მივალთ დასავლეთთან, შეგვიძლია დასავლეთი შემოვიყვანოთ ქვეყანაში. კარგი არჩევნები, გამჭვირვალე საჯარო ინსტიტუტები, ეფექტური რეფორმები, ანგარიშვალდებული მთავრობა, თავისუფალი და პროფესიული მედია, ღირებულებებზე დაფუძნებული, პოზიტიურად მოაზროვნე პოლიტიკური პარტიები და მოქმედი სამოქალაქო საზოგადოება – არის დიდი და ფართო გზა საქართველოს ნამდვილ თანამედროვე სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისთვის.

ყოველივე ეს მხოლოდ სათქმელად არის ადვილი. მაგრამ დასავლეთის „შემოყვანა“ საქართველოში შეიძლება იმის დასაბამიც გახდეს, რომ ასე საჭირო წევრობა დასავლურ სამხედრო-პოლიტიკურ კლუბში შესაძლებელი გახდეს. ეს არის ერთადერთი გზა და იქნებ უკანასკნელი არჩევანიც ქვეყნისათვის, რომელიც თანამედროვე სახელმწიფოდ გადაქცევას ცდილობს, როდესაც დიდ სახელმწიფოს სამეზობლოში არავინ უშლის თავნებობას. ცოტა ირონიაც რომ გავურიოთ (პოლიტიკას უხდება) – ჩვენი თავი ჩვენადვე ახლა ნამდვილად გვეყუდნის.


სტატია დაიწერა სპეციალურად ჟურნალ "ლიბერალისათვის"

Thursday, April 22, 2010

თავისუფალი მსოფლიო: ამერიკა, ევროპა და დასავლეთის მოულოდნელი მომავალი. თიმოთი გართონ ეში


Random House, New York. 2004
http://www.timothygartonash.com

„თავისუფალი მსოფლიოს“ ერთ–ერთი ყველაზე საინტერესოდ განხილული თემა „დასავლეთის“ კრიზისია. კერძოდ კი ის დაპირისპირება, რაც შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის წამოიშვა. ამის უშუალო მიზეზი გაარტონ ეშის აზრით ერაყის ომის წამოწყება იყო, მაგრამ ევროპულ–ამერიკულ კრიზისებს უფრო ღრმა საფუძვლები გააჩნია. ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებებში მთავარ როლს საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და რა თქმა უნდა შეერთებული შტატები თამაშობენ. ბრიტანეთი ეშის აზრით ორსახა იანუსს მოგვაგონებს, რომელსაც თანაბრად განვითარებული აქვს როგორც კონტინენტური, ასევე ტრანსატლანტიკური იდენტობა, რაც მის საგარეო პოლიტიკას უნიკალურს, თუმცა პრობლემატურს ხდის. ამასთან, დიდი ბრიტანეთი ის ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც სწორედაც რომ ამ დუალიზმის გამო შეუძლია უმთავრესი როლი ითამაშოს ევროპისა და ამერიკის მჭიდროდ შეკავშირებაში.

კონტინენტური ევროპა თავის მხრივ, ახალი იდენტობის შექმნასა თუ ძიებაშია. მისი დიდი წილი იგება იმაზე, რომ „ევროპა არ არის ამერიკა.“ აღნიშნულის საფუძველი რამოდენიმეა. პირველი, ეს არის საბჭოთა საფრთხის გაქრობა. მეორე ფაქტორია „მოკლევადიანი გაღიზიანება“ – ჯორჯ ბუშის ცალმხრივი საგარეო პოლიტიკა ერაყისა და სხვა საკითხებში, ხოლო მესამე ევროპული ანტი–ამერიკანიზმია (ისევე, როგორც ანტი–ევროპიზმი ამერიკაში). ევროპა ორ განსხვავებულ საგარეო პოლიტიკურ ხედვას შორის მერყეობს: „ევრო-გოლიზმი,“ რომელიც ამერიკისა და ნატოსაგან უფრო იზოლირებული საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს ხედავს და „ევრო-ჩერჩილიზმი,“ რომელიც მჭიდრო
ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობაში ხედავს საუკეთესო არჩევანს.

შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში დიდია რყევები იზოლაციას, უნილატერალიზმსა და მულტილატერალიზმს შორის. ასეთი ცვლილებები არღვევს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ თანამიმდევრობას. ამერიკის ევროპასთან მჭიდრო თანამშრომლობას სტრატეგიულ საკითხებში ისიც ართულებს, რომ ევროპას „ბევრი დედაქალაქი“ აქვს. სამხედრო თვალსაზრისით, ევროპა შეერთებული შტატებისათვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქმე მის ეროვნულ ინტერესებს ეხება. თავის მხრივ, ევროპელები ეძებენ საკუთარი ძალის ახალ განზომილებებს, საკუთარ „უხეშ ძალასაც,“ თუმცაღა რისთვის, ან რის წინააღმდეგ სჭირდებათ ეს ძლიერება ჯერ–ჯერობით ბუნდოვანია.

მნიშვნელოვანია ევროპელებსა და ამერიკელებს შორის განსხვავებები რელიგიის, სახელმწიფოს როლის, უთანასწორობის საკითხების, გარემოს დაცვის, სუვერენიტეტის, იარაღის ფლობის და სიკვდილით დასჯის საკითხებში. მაგალითად: ღმერთი მნიშვნელოვანი ან ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკელთა 83% ის ცხოვრებაში, მაშინ როდესაც, ევროპელთა მხოლოდ 49% მიიჩნევს ასე. ფედერალური გადასახადები ამერიკაში 30%–მდეა, ხოლო ევროპის საშუალო გადასახადი 40%–ს უტოლდება ან სჭარბობს. სიმდიდრის განაწილება ევროპაში უფრო თანაბარია, ვიდრე ამერიკაში. ამ უკანასკნელში, საშუალო ფენა პრინციპში მცირე, მაგრამ ძალიან მდიდარ ფენასა და ქრონიკულად ღარიბ ქვედა ფენას შორისაა მოქცეული. 2001 წლის 9/11–ის შემდეგ ამერიკელების 72% იყო ძალიან ამაყი თავისი ქვეყნით. ამავე კითხვაზე ინგლისელების 49% და გერმანელების 40% უპასუხა ანალოგიურად. ყოველ ათ ამერიკელზე ცხრა იარაღი მოდის, მაშინ როდესაც ევროპაში ათ ადამიანს სამზე ნაკლები ცეცხლსასროლი იარაღი აქვს. „ამერიკული ცხოვრების წესი“ ბევრად მეტ ენერგორესურსს ხარჯავს, ვიდრე ევროპული. თუკი ევროპელებმა საკუთარი სუვერენიტეტის მნიშვნელოვანი წილი ევროკავშირს გადასცეს, ამერიკელებისათვის სუვერენიტეტის „დათმობა“ მიუღებელია. ამ ფონზე, გასაკვირი არ არის, რომ 2003 წელს ევროპელთა 79% ფიქრობდა რომ მათ და ამერიკელებს განსხვავებული სოციალური და კულტურული ღირებულებები გააჩნიათ.

საინტერესო ამ წიგნში ბევრია. თუ ფიქრობთ რომ ამერიკელი კონსერვატორები გარემოსთან მებრძოლი კოვბოები არიან, საინტერესო იქნება წაიკითხოთ რომელ სახელმწიფოს აქვს უფრო „სუფთა დანახარჯი“ ერთ დოლარზე; რატომ ეწინააღმდეგებიან განვითარებადი სახელმწიფოები კარბონ დიოქსიდის გამონაბოლქვის შეზღუდვების დაწესებას მათთვის; რატომ არ ამბობენ უარს ევროპელები და ამერიკელები სუბსიდიებზე საკუთარი ინდუსტრიების მხარდასაჭერად და რა ნეგატიური გავლენა აქვს ამას სიღარიბის შემცირების ძალისხმევაზე. ამ საქმეში „ჩემპიონი“ ევროპაა: 2000 წელს ევროკავშირი 913 აშშ დოლარ სუბსიდიას ხარჯავდა ერთ ევროპელ ძროხაზე, მაშინ როდესაც მისი საგარეო დახმარება შავი აფრიკისათვის 8 აშშ დოლარი იყო ერთ ადამიანზე. მიუხედავად ამისა, ოფიციალური საგარეო დახმარების მხრივ ევროკავშირი უსწრებს შეერთებულ შტატებს.

მიუხედავად ამერიკის უპირობო სამხედრო, ტექნოლოგიური და ეკონომიკური ძლიერებისა, ევროპის მიზიდულობისა („ამერიკელები მარსიდან არიან, ევროპელები კი ვენერადან“), ახალი მოთამაშეები და საფრთხეები მნიშვნელოვნად შეამცირებენ დაასვლეთის მიერ ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების შესაძლებლობას. ამის ისტორიული შანსი არის ახლა და დღეს. ამას კი ვერც ევროპა და ვერც შეერთებული შტატები მარტო ვერ შეძლებს. ტრანსატლანტიკური ურთიერთობების შედუღაბებაში წამყვანი როლი ბრიტანეთმა უნდა ითამაშოს, სადაც ტონი ბლერის პროექტი ბრიტანეთისთვის, როგორც დიდი ტრანსატლანტიკური ხიდისა, ჯერ კიდევ ცოცხალია. ამერიკის სამხედრო და ეკონომიკური ძლიერება საშუალებას აძლევს თავისუფალ სამყაროს ხელი შეუწყოს როგორც თავისუფლების გავრცელებას, ასევე ტერორიზმის დამარცხებას, სიღარიბის დაძლევას და პლანეტის გაჯანსაღებას. ამერიკა, რომელიც „ევროპის ქალიშვილი“ იყო, ახლა „ბიძია სემია“ და მან ეს როლი კარგად უნდა შეასრულოს: მხარი დაუჭიროს ევროკავშირის ინტეგრაციას და კვლავ მიიღოს იგი როგორც სერიოზული და თანასწორი პარტნიორი.

ევროპას თავის მხრივ, აქვს შანსი დაამტკიცოს, რომ სემუელ ჰანტინგტონი ცდებოდა: მან თურქეთი და უკრაინა (მოლდოვასა და ბელორუსიასთან ერთად) უნდა მიიღოს ევროკავშირში და უჩვენოს, რომ მართლმადიდებლურ და მუსლიმანურ საზოგადოებებშიც შესაძლებელია თავისუფალი საზოგადოების არსებობა (საწინააღმდეგო აზრს ეში „ვულგარულ ჰანტინგტონიზმს“ უწოდებს). ამასთანავე, ის რაც რთული გადასახარში იქნებოდა ევროპისათვის, შედარებით ადვილია NATO-სათვის – ასეთი რუსეთია. NATO–ს შეუძლია რუსეთიც ჩააყენოს საერთო ფერხულში და ამით განამტკიცოს საერთაშორისო უსაფრთხოებაც. სწორედ ამიტომ, NATO რუსეთის ინტეგრაციას უნდა შეეცადოს.

მხოლოდ ასეთი, თამამი ისტორიული ნაბიჯებით შეიძლება ისეთი პრობლემების გადაწყვეტა, როგორებიცაა ისრაელ–პალესტინის კონფლიქტი, საერთაშორისო ტერორიზმი, სიღარიბე, ეკოლოგიური პრობლემები და ბირთვული საფრთხეები. ამ გზაზე სავალი დრო შეზღუდულია და მისი ეფექტური გამოყენება მხოლოდ ევროპისა და შეერთებული შტატების მჭიდრო თანამშრომლობითაა შესაძლებელი. სწორედ ამაშია დასავლეთის ერთგვარად მოულოდნელი მომავალიც: თუკი გამბედაობა ეყოფათ, ევროპასა და ამერიკას შეუძლიათ ერთად აჯობონ ლობისტებსა და ინტერეს ჯგუფებს, დაძლიონ „შიდა საოჯახო“ წინააღმდეგობები და გადალახონ ისტორიული ჰორიზონტები. მათ შეუძლიათ, შექმნან ახალი კავშირები და ისეთი მსოფლიო, სადაც მათი შედარებითი დასუსტების შემთხვევაშიც კი ისინი შეძლებენ თავისუფლების მხარდაჭერას მსოფლიოში.


სტატია დაიწერა სპეციალურად ჟურნალ "ლიბერალისათვის"

Saturday, April 17, 2010

ჩანაწერები ვარშავიდან

ორჯერ მომიწია ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენის მომსწრე ვყოფილიყავი სხვა ქვეყნების, სხვა ხალხების ცხოვრებაში, რომლებიც მათ მომავალ ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს და ისტორიაშიც სამუდამოდ რჩება. პირველად 2001 წლის 11 სექტემბერს, პენტაგონთან მდებარე ჩემი სახლი აღმოვაჩინე კვამლში გახვეული. ახლა კი ზუსტად იმ დღეს ჩავფრინდი ვარშავაში, როდესაც პრეზიდენტ კაჩინსკის ცხედარი ჩამოასვენეს.

ყველა სახელმწიფოს ცხოვრებაში ხდება მოვლენები, რომლებიც ერთის მხრივ, ამ ქვეყნისათვის დიდი სირთულე ან ტრაგედიაა, ხოლო მეორეს მხრივ, აჩვენებს ამ საზოგადოების ნამდვილ სახეს და შესაბამისად, საშუალებას გაძლევს დაინახო, თუნდაც ძალიან ზოგადად, თუ სად მიდის ეს ხალხი და როგორ სახელმწიფოს, როგორ მომავალს აშენებს იგი მისთვის და მისი მომავალი თაობისათვის.

მთავარი, რაც იმ დღეებში ვნახე იყო ქუჩის მუსიკოსი, რომელიც პოლონეთის ჰიმნს უკრავდა. ჩემთვის ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იმისა, რომ ამ საზოგადოების არა მხოლოდ მდიდარ, ან საშუალო ფენას აწუხებს საერთო საქმეები, არამედ მის ცალკეულ, ხშირად განცალკევებულ, თითქოს მარტო მდგომ ადამიანებსაც კი.

ადამიანების, ისევე როგორც საზოგადოებისა და ქვეყნების სახეს არა მათი წარმატება, არამედ მათი წარუმატებლობა ან ტრაგედია აჩვენებს. ის, თუ როგორ ზეიმობ გამარჯვებას არაფრისმთქმელია, როგორ უმკლავდები წარუმატებლობასა თუ ტკივილს – ყველაფრის. პირველი და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც შეიგრძნობდი და დაინახავდი ამ დღეებში არის პოლონელების უაღრესად დიდი სოლიდარობის განცდა, მათი ძალიან დიდი პატრიოტიზმი. ამ ქალაქის მაცხოვრებელთა სახეზე იკითხებოდა არა შიში, ან დაბნეულობა, არამედ იმ დიდი ტრაგედიის ღრმა განცდა, რაც ქვეყანას ეწია. ქუჩების პირას, ბარებსა და რესტორნებთან და რაც მთავარია, კერძო საცხოვრებელი ბინებიდან ყველგან გამოფენელი იყო პოლონეთის დროშები შავი არშიებით. ბარები და რესტორნები ცარიელი, თუმცა იქაც, სადაც კანტი–კუნტად ნახავდი ადამიანებს ვერ გაიგონებდი მხიარულებას, ყველა უყურებდა სამგლოვიარო ცერემონიალს რომელიც ქალაქში მიმდინარეობდა. პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, ისევე როგორც სამთავრობო ორგანიზაციების შესასვლელები სავსე იყო სანთლებითა და ყვავილებით, ხოლო ხალხი ჩამწკრივებული პრეზიდენტისათვის უკანასკნელი პატივის მისაგებად.

ყოველივე ეს იმით არის მნიშვნელოვანი რომ პრეზიდენტი კაჩინსკი იყო პრეზიდენტი... პოლონელებისათვის ის არ ყოფილა არც ერის მხსნელი, არც რაიმე დრამატული, დიდი პოლიტიკური გადატრიალების შემოქმედი. მისი მხარდამჭერების დიდი ნაწილი საშუალო და მეტი ასაკის ადამიანები იყვნენ, მას ხშირად აკრიტიკებდნენ ევრო–სკეპტიციზმისა და რუსეთთან გართულებული ურთიერთობის გამო. სწორედ ამიტომ უფრო არის ასეთი სოლიდარობა მნიშვნელოვანი, რადგან ის საზოგადოების პოლიტიკურ შეგნებაზე მიუთითებს. კაჩინსკი არ იყო პოლიტიკური მესია, რომელიც ყველას უყვარს, მაგრამ პოლონეთში არის საზოგადოება, რომელიც აფასებს ადამიანებს, პატივს სცემს და ამაყობს თავისი სახელმწიფო ინსტიტუტებით.

სახელმწიფოებრიობის, ამ სახელმწიფოებრიობისათვის ბრძოლისა და ომის ხანგრძლივი, უწყვეტი გამოცდილება მნიშვნელოვანია ადამიანების შეგნების ჩამოყალიბებაში და იმაში, რომ მათ ზუსტად გაიგონ იმ საზოგადო მოვლენების მნიშვნელობა, რაც მათ გარშემო ხდება. დარწმუნებული ვარ არც ერთ პოლონელს არ შეშლია რა უნდა გაეკეთებინა და როგორ უნდა მოქცეულიყო ამ ვითარებაში: ისინი შეიკრიბნენ პრეზიდენტის სასახლესთან და მას მერე შეუძლებელი იყო თავისუფლად გაგევლო იმ უბანში. იგი სავსე იყო ცერემონიალში მონაწილე ადამიანებით, რომლებსაც მიჰქონდათ ყვავილები და სანთლები, რომლებიც ჩერდებოდნენ ქალაქის ყველა საგაზეთო და სარეკლამო ჯიხურზე განთავსებულ დაღუპულთა პორტრეტებთან და კითხულობნენ მათ ბიოგრაფიებს. ტურისტებიც კი, ხალხი ვისაც ნაკლები საერთო შეიძლება ჰქონდეთ ამ მოვლენებთან, ამ პროცესის მართლაც გულითადი, ნამდვილი მონაწილენი იყვნენ. მათ შორის იყო ქართული სათვისტომოს ნაწილი და იმ დროს იქ მყოფი ქართული დელეგაციებიც.

რაც შეეხება პოლიტიკას. პოლიტიკა ცოტა ხნით გაჩერებულია, მაგრამ რა თქმა უნდა ცოტა ხნით, რადგან პოლიტიკა პოლიტიკაა, ადამიანები ადამიანები არიან და ქვეყანას მართვა ჭირდება. ორი საკითხი ამ დღეებშივე ამოტივტივდა მსჯელობისათვის: კრიზისის მენეჯმენტი (და ამისათვის საჭირო გეგმები) და შიდა პოლიტიკა. ბუნებრივია, არჩევნები კონსტიტუციის თანახმად დაინიშნება, მაგრამ პოლონეთისთვისაც კი, რომელიც ევროკავშირისა და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრია და შესაბამისად არ ემუქრება რაიმე მნიშვნელოვანი საგარეო თუ საშინაო რყევები ამხელა დანაკლისის ანაზღაურება რთული იქნება. მმართველი პოლიტიკური ელიტის დიდი ნაწილის სიკვდილი რთულია როგორც სახელმწიფოსათვის, ასევე პარტიისათვის. ამასთან, ამ შემთხვევამ გამოავლინა იმ პროცედურების არსებობის მნიშვნელობა, რომელიც ასეთ კრიზისულ ვითარებაში იმუშავებს. სახელმწიფოთა უმრავლესობას (შეერთებული შტატებისაგან განსხვავებით) არ აქვს ზუსტად და სრულად განსაზღვრული პროცედურები იმის თაობაზე თუ ვინ შეიძლება იყოს ერთდროულად ერთ თვითმფრინავში და ვისზე და როგორ გადადის მეთაურობა ზემოდან ქვემოთ კრიზისის შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, ის ადამიანები, რომელთაც ვესაუბრებოდი დარწმუნებულნი არიან, რომ სამართლებრივი, კონსტიტუციური კრიზისის შემთხვევაშიც კი (თუკი მაგალითად პარლამენტის თამჯდომარეც დაიღუპებოდა ავიაკატასტროფაში) პოლონეთი მშვიდად მოახერხებდა ახალ არჩევნებამდე მისვლასა და სტაბილურ ტრანზიციას.

პირველ ნაწილში სოლიდარობაზე მხოლოდ ემოციური შთაბეჭდილების გამო არ მისაუბრია. კანონები ნდობის კომპენსირების საშუალებაა, ხელისუფლება კი ამ კანონების/კონტრაქტების გარანტორი. ხალხებს, სადაც ადამიანები ერთმანეთს არ იცნობენ და ერთმანეთთან ნაკლები საერთო აქვთ, სჭირდებათ დაწერილი წესები, რაც მათ ამ უნდობლობას გადაალახინებს. მაგრამ ისეთ საზოგადოებას, რომელსაც ასეთი სოლიდარობის განცდა გააჩნია, ნამდვილად შეუძლია ღირსეულად გადალახოს დიდი ტრაგედიები და კრიზისები ისე, რომ იქიდან კიდევ უფრო ძლიერი გამოვიდეს. ამითაც განსხვავდება მოქალაქეთა საზოგადოება ხალხთა უბრალო კრებულისაგან. საზოგადოებას მეტხანს შეუძლია თვითორგანიზება, თვითკონტროლი და მობილიზაცია, ეს უკანასკნელი კი კონტროლის დაკარგვის შემთხვევაში უცებ დაქუცმაცდება ტომებათ და უბნებად.

საინტერესოა ამ მოვლენის შესაძლო გავლენა საგარეო პოლიტიკაზეც, მათ შორის ჩვენზე. პოლონეთი ევროკავშირის ერთ–ერთი ცენტრალური ქვეყანაა, დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობით. როგორ იქნება მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ ჩვენზეც აისახება. პოლონეთის საქართველოსადმი სოლიდური მხარდაჭერა ისტორიული გამოცდილების, პოლონეთის პრეზიდენტის საქართველოსადმი პირადი კეთილგანწყობის და პოლონელების რუსეთისადმი ფრთხილი და კრიტიკული პოზიციით იყო განპირობებული. პრეზიდენტ კაჩინსკის პირადი ფაქტორი სამწუხაროდ აღარ არსებობს. რამდენად დიდია პირადი სიმპატიების როლი (თუნდაც პრეზიდენტის) ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ორიენტირებაში ამ და ახალი პრეზიდენტის მაგალითზეც გამოჩნდება.

ერთ–ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ბევრი უკვე ფიქრობს, არის ის, თუ როგორ განვითარდება პოლიტიკური მოვლენები მომავალში. აქ საუბარი იმაზეა, თუ როგორ მოახდენენ პარტიები და პოლიტიკოსები პოზიცირებას მას მერე, რაც ეს მტკივნეული დღეები გაივლის. დასუსტდება თუ არა ძალიან მმართველი პარტია და როგორ გამოიყენებენ ამას ოპოზიციის ლიდერები. ან პირიქით, შეეცდება თუ არა მმართველი პარტია ამ ტრაგედიის თავის სასარგებლოდ გამოყენებას და შესაძლებელია თუ არა ისე მოხდეს, რომ პოლონეთს დომინანტი პარტია ჰყავდეს რომელიმე შემთხვევაში. ბევრი რამ ახლო მომავალში გამოჩნდება, პოლონეთის საშინაო პოლიტიკური ცვლილებების კონტურები, რომლებიც მერე საგარეო პოლიტიკაზეც მოახდენენ ზეგავლენას წინასაარჩევნო პერიოდშივე გამოჩნდება, დღეს ამაზე საუბარი ადრეა. მიუხედავად ყველაფრისა, პასუხისმგებლობის გრძნობა, სოლიდარობა და ნდობა თავის როლს ნამდვილად ითამაშებს და ეს, მინდა მჯეროდეს, სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენი მეგობარი სახელმწიფო ასეთად დარჩება და კიდევ უფრო ძლიერი იქნება. ამასობაში კი ჩვენც და სხვებმაც, ვინც საკუთარ თავს თანამედროვე, დემოკრატიულ სახელმწიფოში ეძებს, შეგვიძლია ბევრი რამ დავინახოთ და ვისწავლოთ კანონის, სოლიდარობის, პოლიტიკისა და ნდობის შესახებ, ქვეყნისათვის ყველაზე მძიმე დროსაც კი.

Wednesday, March 10, 2010

კარლ ფონ კლაუსევიცი – "ომის შესახებ" (მიმოხილვა დაიწერა სპეციალურად ჟურნალ "ლიბერალისთვის").

რამდენი წიგნი უნდა წაიკითხო ისე, რომ თავად არ მოგინდეს წიგნის დაწერაო, - ერთმა კარგმა მასწავლებელმა თქვა. მართლაც ძალიან მინდა წიგნის დაწერა, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერც დრო მოვნახე ამის საცდელად და ვერც რესურსები. სამაგიეროდ, წიგნების შესახებ შემიძლია ვწერო, მით უმეტეს, ამაში არც ჩემი ამჟამინდელი საქმიანობა მზღუდავს. ამიტომაც, გადავწყვიტე პერიოდულად მიმოვიხილო ის წიგნები და ხანდახან ის მნიშვნელოვანი, საინტერესო სამეცნიერო პუბლიკაციები, რასაც ჩემი პროფესიული საქმიანობისას ვიყენებ.

ჩემი საქმიანობა ზოგადად პოლიტიკის ანალიზი და პოლიტიკის რჩევაა; უფრო კონკრეტულად – უსაფრთხოების პოლიტიკის კვლევა, სპეციფიურად კი სტრატეგიული კვლევები, ანუ შეიარაღებული ძალებისა და პოლიტიკის ურთიერთმიმართება, შეიარაღებული ძალების სამსახური პოლიტიკის საქმეში. სწორედ ამ თემებს შეეხება ის ლიტერატურა, რომლის განხილვასაც პერიოდულად ვაპირებ.

წიგნების მიმოხილვის სერიას, რომელსაც ახლა ვიწყებ, რამოდენიმე მიზანი აქვს: პოპულარიზაცია გავუწიო პროფესიული ლიტერატურის კითხვას დაინტერესებულ საზოგადოებაში და დავეხმარო მას ამ დიდ და ვრცელ სამყაროში უკეთესად ორიენტაციაში. თანამედროვე პერიოდის ერთ-ერთი თავისებურება ხომ ისიც არის, რომ დღეს ინფორმაციის ნაკლებობა კი არა, მისი სიჭარბეა. გლობალიზაციამ, საზღვრების შედარებით გახსნამ და კომუნიკაციის გაადვილებამ ჩვენთვის უამრავი მასალა გახადა ხელმისაწვდომი. როგორც უილიამ არქინმა ერთხელ თქვა, ჩვენ „უპატრონო ბიბლიოთეკების“ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც უამრავი რამაა ხელმისაწვდომი, მაგრამ ხშირად არ ვიცით, რა სად მდებარეობს. მეორე მიზანი იმ სტუდენტების მხარდაჭერაა, რომლებსაც კითხვა არ ეზარებათ და რჩევა სჭირდებათ. მესამე მიზანი კი ზოგადად წიგნების მიმოხილვის თემის პოპულარიზაციაა, შესაძლოა - პროფესიული ლიტერატურის თარგმანისაც.

ყველა მიმოხილვა სუბიექტურია და ყოვლისმომცველი ვერ იქნება. ამა თუ იმ ნაშრომის მიმოხილვაც, რასაც დავწერ, ალბათ მხოლოდ იმ საკითხებს ასახავს, რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია, მეხსიერებაში ჩამრჩა, და მივიჩნევ, რომ მოცემულ გარემოში ჩემი წარმოსახვითი მკითხველისთვის მნიშვნელოვანია.

ჩემი პირველი მიმოხილვა კლაუსევიცის „ომის შესახებ“ იქნება.

”ომის შესახებ” ისეთი წიგნია, რომელზეც ბევრს საუბრობენ და იშვიათად კითხულობენ. მისი ლეიტმოტივი და ზოგიერთისათვის ყველაზე წინააღმდეგობრივი მოსაზრება იმაში მდგომარეობს, რომ „ომი პოლიტიკის გაგრძელებაა სხვა საშუალებებით... არა იზოლირებული აქტი, არამედ მისი ნამდვილი ინსტრუმენტი“. თუკი მართლაც ასეა, მაშინ ომი ისეთივე და იმდენადვე ლეგიტიმური მოქმედებაა, როგორც და რამდენადაც თავად პოლიტიკაა ლეგიტიმური. მეტიც, პოლიტიკა განსაზღვრავს ომის ფორმასა და შინაარსს. როგორიცაა პოლიტიკა, ისეთია ომი. იგი არ იწყება იქ, სადაც პოლიტიკა და დიპლომატია მთავრდება; პირიქით, კლაუსევიცის მტკიცებით, იგი მხოლოდ და მხოლოდ ერთი არჩევანია პოლიტიკურ არჩევანთა გამაში და, ამასთანავე, არავითარ შემთხვევაში უკანასკნელი - არსებობს არჩევანები, რომლებიც ომზე უარესია. ამ არგუმენტის კარგი ნიმუშია დებატები იმის თაობაზე, უმჯობესი იქნებოდა თუ არა ჰიტლერის წინააღმდეგ პრევენციული ომი. მართალია, ასეთ ომში მისი წამომწყები ყოველთვის რისკავს, რომ „მილიტარისტისა“ და „აგრესორის“ სტატუსს დაიმსახურებს, მაგრამ, ამ შემთხვევაში, „თავშეკავება“ მსოფლიოს 60, 000. 000 დაღუპულ ადამიანად და ტოტალური ბირთვული ომის საფრთხედ დაუჯდა.

მას შემდეგ, რაც ადამ სმიტმა „სახელმწიფოთა სიმდიდრე“ დაწერა, გაჩნდა იმედი, რომ ადამიანები კონფლიქტებს პრაგმატულად მოაგვარებდნენ; რომ გამოჩნდა გზა, რომელიც დისპუტების სამხედრო მეთოდით გადაწყვეტას კომერციულით შეცვლიდა. თუმცაღა, ეს მოლოდინი მცდარი აღმოჩნდა. ადამიანები მზად არიან, დაღვარონ სისხლი ერთი შეხედვით ისეთ არაპრაგმატული მიზნებისათვის როგორიცაა ღირსება, პატივი, ეროვნული სიამაყე და სხვა. სწორედ ამიტომ, კლაუსევიცი ომის საზოგადო მიზეზად სწორედ ადამიანთა და სახელმწიფოთა ბუნებრივ (და ლოგიკურ) „არარაციონალიზმს“ და შეზღუდულ ცოდნასა და ინფორმაციას მიიჩნევს. ამასთან, იგი ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს საზოგადოებების თუ ლიდერების განწყობებს. „ომები იწყება არა მტრული ემოციების, არამედ მტრული ინტერესების გამო“, - წერს იგი.

ბრძოლა და შეტაკება კომერციული ტრანზაქციის მსგავსია. „ომის მიზანია, ვაიძულოთ მოწინააღმდეგე, დაჰყვეს ჩვენ ნებას“, – ომის პროცესი რესურსების ხარჯვა და რესურსების მოპოვებაა, ვიდრე რომელიმე მხარე არ მივა იმ მდგომარეობამდე, როდესაც მისი ხარჯი გადააჭარბებს სარგებელს/პოლიტიკურ ამოცანას. სწორედ ეს თემაა ამ წიგნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი სამხედრო და პოლიტიკურ აზრში. შეკითხვა: „რამდენს გავიღებთ მოცემული პოლიტიკური მიზნისათვის“ საგულისხმოა ნებისმიერი საზოგადოებისათვის, ნებისმიერ დროს. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც პოლიტიკის გადასაწყვეტია. აქედანაა კლაუსევიცის მოწოდება პოლიტიკის სამხედრო საქმეზე დომინირებისათვის. პოლიტიკის კონტროლი ომზე არის პოლიტიკის დილემა და პოლიტიკოსის ამოცანა.

ომს საკუთარი ლოგიკა აქვს. პოლიტიკისა და ომის ლოგიკის შეთავსება ხშირად რთული საქმეა. ომის მიზეზები არარაციონალურია, მაგრამ არც სტრატეგიაა სრულად რაციონალური. დაწერილი მაქსიმებისა თუ დოქტრინების მოყვარულთა იმედგასაცრუებლად, „ომის შესახებ“ სტრატეგიასა და სამხედრო პოლიტიკას არა ჭადრაკის, არამედ ბანქოს თამაშს უფრო ადარებს. სამხედრო პოლიტიკა და სტრატეგია რისკით მანიპულირებაა, და არა მწყობრი მოქმედებათა სისტემა. ჩვენ არა მარტო ის არ ვიცით, თუ რა რესურსი აქვს ჩვენ მოწინააღმდეგეს, არამედ არც ის, თუ რა რესურსი გვაქვს თავად ჩვენ, რადგანაც მხოლოდ ჩვენ ხელთ არსებულ ბანქოს ქაღალდებს ვხედავთ და არ ვიცით, რამდენად სასარგებლოა იგი მეტოქის რესურსებთან შედარებით. ამიტომაც, „გაჭრის თუ არა ჩვენი კოზირი“ დიდწილად შესაძლებლობასა და ალბათობაზეა დამოკიდებული, რასაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ – შესაძლებლობის გამოყენება მხედართმთავრის შანსია. ამასთანავე, საზოგადოებები არ არიან თანასწორნი ომისა და პოლიტიკის საქმეში. „შემოქმედებით უნარი“ და „თავისუფალი სული“ ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებებია სამხედრო ლიდერისთვის. შესაბამისად, მხოლოდ მაღალგანვითარებულ საზოგადოებებს შეუძლიათ ჰყავდეთ სამხედრო გენიოსები (ნაპოლეონი), მაშინ როდესაც ბარბაროსებს შეუძლიათ ჰყავდეთ მხოლოდ მამაცი მეომრები (სპარტაკი).

“ომს მართავს ზიზღი და ძალადობა (ადამიანები ბრძოლის ველზე), შანსი და შესაძლებლობა (სამხედრო ხელმძღვანელობა), და სუბორდინაცია (პოლიტიკა), რაც ომის „პარადოქსულ სამებაში“ ერთიანდება. სწორედ აღნიშნული განაპირობებს, ერთი მხრივ, ომის სირთულეს და, მეორე მხრივ, ომში წარმატებას”, _ წერს კლაუსევიცი. რთულია ერთი მიზნისაკენ შეწყობილად იარონ დაღლილმა და გაბრაზებულმა მებრძოლებმა, გაურკვევლობაში მოქმედმა მხედართმთავარმა და დედაქალაქში დაბინავებულმა დიპლომატებმა. სწორედ ეს არის ომის სირთულე, სადაც აუცილებელია ომის პოლიტიკური კონტროლი, მაგრამ პოლიტიკაც იძულებულია, მხარი აუბას ომისგან ფორმირებულ ახალ გარემოს.

ამ წიგნის მნიშვნელოვანი დანატოვარია ომების კლასიფიკაცია, სადაც კლაუსევიცი რამდენიმე საინტერესო განსაზღვრებას გვთავაზობს. უპირველეს ყოვლისა, ესაა „აბსოლუტური“ და „შეზღუდული“ ომები. სწორედ იძულებასა და განადგურებას შორის არის ის მნიშვნელოვანი განსხვავებები, რასაც „ომის შესახებ“ ზედმიწევნით კარგად აღწერს. „შეზღუდული ომი,“ „აბსოლუტური ომისაგან” განსხვავებით, მიზნად არ ისახავს მოწინააღმდეგის, როგორც პოლიტიკური სუბიექტის განადგურებას, მის წაშლას პოლიტიკური რუკიდან. შეზღუდული ომის ამოცანა მოწინააღმდეგის იძულებაა, და არა მისი განადგურება. “თუმცაღა, ომის ბუნების ნაწილი ესკალაციაა”, - წერს კლაუსევიცი. და ვინაიდან მცირე ომს, შესაძლოა, დიდი ომი მოჰყვეს, აბსოლუტური, ნამდვილი, ომისათვის მზადყოფნა არის სახელმწიფოს აუცილებელი წინდახედულობა, მისი მოვალეობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ომი ძალების სრული მობილიზაციით უნდა წარმოებდეს. ესაა მოსაზრება, რომელსაც ზოგიერთი სპეციალისტი სახიფათოდ მიიჩნევს.

სკეპტიკურია კლაუსევიცი სტრატეგიის ტრადიცული გაგების მიმართაც. კარგი სტრატეგიის დაწერა ადვილია, რადგან მისი ძირითადი ელემენტები ყველასათვის ნაცნობია. მთავარი სირთულე კარგი იდეების კარგად რეალიზაციაა. “ომში ყველაფერი მარტივია, - ამბობს იგი, - მაგრამ ყველაზე მარტივი გადაწყვეტილებების განხორციელებაც კი უკიდურეს სირთულეებთანაა დაკავშირებული – სწორედ ამიტომ, ჩვენ გვჭირდება მტკიცე და არა აუცილებლად დიადი გონების ხელმძღვანელები“. შესაბამისად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ომში მორალურ და ადამიანურ ფაქტორებს, სამხედრო ლიდერების მზადყოფნას ენიჭება.

განსხვავებით გავრცელებული მოსაზრებისა, რომ ომებს იწყებენ და ამთავრებენ პოლიტიკოსები, მაგრამ მართავენ სამხედროები, კლაუსევიცი ომში ყველა დონეზე პოლიტიკის პრიმატზე საუბრობს. „ომში ყველაფერი პოლიტიკურია,“ მცირე გადაწყვეტილებებს, რომელთაც შეიძლება სამხედროებისთვის მხოლოდ და მხოლოდ ტაქტიკური მნიშვნელობა აქვთ, შესაძლოა, სინამდვილეში დიდი პოლიტიკური წონა ჰქონდეთ (გერმანიის თავდასხმა ნეიტრალურ ბელგიაზე გერმანელ სამხედროთათვის ოპერაციული გადაეწყვეტილება იყო, ამერიკელი და ბრიტანელი პოლიტიკოსებისათვის კი ომში ჩართვის მთავარი პოლიტიკური მიზეზი).

ყველაფერს თავისი სასრული აქვს. ასეა ომიც, რომელიც აუცილებლად უნდა დასრულდეს რომელიმე მხარის გამარჯვებით. მაგრამ მნიშვნელოვანია ლიდერებმა იცოდნენ, თუ სად „მოიპოვება“ წარმატება – აქაც, პოლიტიკური გარემო განსაზღვრავს „გამარჯვების მდებარეობას.“ სამი რამ განაპირობებს გამარჯვებას: მოწინააღმდეგის ძალების განადგურება, ტერიტორიის ოკუპირება და წინააღმდეგობის ნების გატეხვა. ეს უკანასკნელი ამ მხრივ უმთავრესია – შედარებით ადვილია ახალი არმიის შეკრება, პარტიზანული ომის გაგრძელება და ახალი მოკავშირეების შეძენა, მაგრამ ბევრად რთულია გატეხილი მორალის აღდგენა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, თუ რა იწვევს ამ უკანასკნელს, სად არის მოწინააღმდეგის „მიზიდულობის ცენტრი.“ ასეთი სახელმწიფოთა წინააღმდეგ ომში დედაქალაქის ოკუპაციაა, ალიანსის შემთხვევაში მათი ინტერესთა ერთობლიობა, აჯანყებებში კი - ლიდერები. სწორედ აქ გამოდის წინა პლანზე “Vom Kriege-ს“ ის უმნიშვნელოვანესი პოსტულატი, რომ ომი არა „განყენებული აქტია“ არამედ „ნამდვილი პოლიტიკური ინსტრუმენტი.“ შესაბამისად, სტრატეგია ომშიც კი შეუძლებელია იყოს მხოლოდ სამხედრო. არსებობს პოლიტიკური ამოცანები, რომელთა გადაჭრაც შეუძლებელია მხოლოდ სამხედრო ძალით.

ზოგადად, „ომის შესახებ“ რთული და შრომატევადი საკითხავია. მის კრიტიკოსებს ბევრი საინტერესო არგუმენტი აქვთ. მაგრამ ამ წიგნში ის თემებია განხილული, რის გარშემოც ტრიალებს თანამედროვე სამხედრო აზრი და დებატები სამხედრო პოლიტიკაზე. “შეიძლება თუ არა კლაუსევიცის წაკითხვა დაგვეხმაროს ერაყში“?სტატიებს მსგავსი სათაურებით მრავლად შეხვდებით დასავლურ პრესასა და სამხედრო ალმანახებში. “შეუძლებელია, ისტორიამ აგვიხსნას თეორია, რადგანაც მრავალნაირი ისტორია არსებობს, თეორიამ უნდა აგვიხსნას ისტორია”, – ამტკიცებდა კლაუსევიცი. ამ მხრივ, მისი სოციალური თეორია ომის ბუნების თაობაზე აუცილებელი საკითხავია როგორც უსაფრთხოების სტუდენტებისათვის, ასევე იმ საჯარო მოხელეებისთვის, რომელნიც ქვეყნის სამხედრო პოლიტიკის ფორმირებაში მონაწილეობენ.

Friday, September 4, 2009

ახალი სტრატეგიის გასაღები

2005-2007 წლებში შექმნილი ძირითადი სამხედრო-პოლიტიკური დოკუმენტები (ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია 2005: „ეროვნული უსაფრთხოების წინაშე მდგარი საფრთხეები, რისკები და გამოწვევები“; თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2007: „ძირითადი სამხედრო ვარაუდები“) ქვეყნის წინააღმდეგ პირდაპირი აგრესიის შესაძლებლობას „მცირედ“ აფასებდა. მაშინ, როდესაც უსაფრთხოების კონცეფცია პირდაპირი აგრესიის შესაძლებლობას ნაკლები ალბათობით განიხილავდა, საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგიის დოკუმენტში (2005) ქვეყნის პირდაპირი აგრესიისაგან დაცვა პრიორიტეტთა ნუსხაში პირველ ადგილზე იყო (თავი II „საქართველოს თავდაცვის ზოგადი პრინციპები“) და აქცენტს სამხედრო და დიპლომატიურ „შეკავებაზე“ აკეთებდა. ერთი მხრივ, ეს იყო პოლიტიკური და სამხედრო ანალიზის ერთგვარი კონფლიქტი, ხოლო მეორე მხრივ, მიზნებისა და შესაძლებლობების ერთგვარი ასიმეტრია, ვინაიდან პოლიტიკური ამოცანებიდან და გარემოებიდან გამომდინარე, ქართული ჯარი იწვრთნებოდა უფრო მცირე კონფლიქტებისა და გარე ოპერაციებისათვის, ვიდრე ტერიტორიული თავდაცვისათვის. ეფექტური ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემების სისუსტე სწორედ ამის დადასტურებაა.

სტრატეგიული ანალიზის პრობლემა არის უმთავრესი, ყველაზე მნიშვნელოვანი და გადაუდებელი საკითხი, რისი გამოსწორებაც აუცილებელია. სამხედრო წრეებში ხშირად საუბრობენ დაზვერვის გაუმჯობესებაზე. „დაზვერვა”, ვფიქრობ, ცუდი თარგმანია იმ ტერმინისა, რაც უფრო მრავლისმომცველად ასახავს ამ სფეროს მნიშვნელობას. ინგლისურ ენაზე მას intelligence ეწოდება. მაშინ როდესაც დაზვერვა უფრო ინფორმაციის შეგროვებაზე აკეთებს აქცენტს, intelligence მოიცავს ამ ინფორმაციის დაკვეთას, მოგროვებას, ანალიზს, გავრცელებასა და შეფასებას. მართალია, სამხედრო და ტაქტიკური დაზვერვა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პოლიტიკური დაზვერვა უპირატესია.

სწორი პოლიტიკური ანალიზი განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად ეფექტური იქნება ჩვენი სამხედრო ოპერაციები. ვითარების პოლიტიკური შეფასება განსაზღვრავს იმას, თუ როგორი ჯავშანტექნიკა დაგვჭირდება მომავალში. სწორედ ამიტომ, სტრატეგიული პოლიტიკური ანალიზის გაუმჯობესებით უნდა დავიწყოთ ქვეყნის მდგომარეობიდან გამოყვანა.

ამ კონტექსტში კი აუცილებელია ჯერ გადაიხედოს ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც ქვეყნის მთავარი პოლიტიკური დოკუმენტია, და ამის შემდგომ შევუდგეთ სამხედრო-სტრატეგიული დოკუმენტების ანალიზს, იქნება ეს სამხედრო სტრატეგია თუ რეზერვების რეფორმა. მართალია, რუსეთის ხელახალი აგრესია საკმაოდ რეალისტური დაშვებაა, მაგრამ მისგან თავდაცვის მექანიზმების ვარაუდის დონეზე განსაზღვრა სამხედრო სტრატეგიაში არ შეიძლება. უსაფრთხოების კონცეფცია პოლიტიკური ანალიზის პროცესია და აუცილებელია მისი სიღრმისეული ანალიზი, სანამ მისი სამხედრო რეალიზაციის გზებს დავსახავდეთ.

სამხედრო ანალიზი შეუძლებელია პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინების გარეშე. სამხედრო პოლიტიკის ტექსტებში „პოლიტიკური ეფექტიანობა“ უპირველეს ადგილს იკავებს. მოკლედ მისი განსაზღვრება შეიძლება, როგორც პროცესი, რომელიც რესურსებს წარმატებად გარდაქმნის. მსოფლიო ისტორიამ იმის ძალიან ცოტა შემთხვევა იცის, რომ გენერლებს პოლიტიკური წარუმატებლობა წარმატებად ექციოთ, მაგრამ ძალიან ბევრია პრეცედენტი, თუ როგორ შეუძლია წარმატებულ პოლიტიკას სამხედროთა წარუმატებლობის აღმოფხვრა. ამის საუკეთესო მაგალითია მეორე მსოფლიო ომი. მოკავშირეთა სამხედრო წარუმატებლობები ომის პირველ წლებში მათმა პოლიტიკურმა წარმატებებმა გამოასწორა, ნაცისტური გერმანიის ყველა ბრწყინვალე გამარჯვება ბრძოლის ველზე ასევე დიდი ნახტომი იყო მათი საბოლოო კატასტროფისაკენ. სწორედ ეფექტური პოლიტიკით შეგვიძლია რუსეთის საბრძოლო წარმატების შედეგების აღმოფხვრა. ეს არის ისეთი გამოსავალი, რომელსაც დრო, მოთმინება და ცოდნა სჭირდება. მისი შექმნა დღეს უნდა დავიწყოთ.

ამასთან ერთად ომამდელი სამხედრო ხედვა ზედმეტ ნდობას უცხადებდა საერთაშორისო თანამეგობრობას, როგორც შესაძლო ომის შემაკავებელ ფაქტორს. მომავლისთვის მნიშვნელოვანი იქნება, რომ რეალისტურად შევაფასოთ ჩვენი მოკავშირეების როგორც შესაძლებლობა, ასევე მონდომება, პასუხისმგებლობა აიღოს ჩვენ უსაფრთხოებაზე. რაც უნდა დამაჯერებლად ჟღერდეს უცხოელ დიპლომატთა განცხადებები, უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დაცვის ფორმალური პასუხისმგებლობა დღეს არც ერთ ჩვენ მოკავშირეს და არც ერთ ალიანსს არ გააჩნია. სწორედ ამიტომ, კარგი იქნება, თუკი სამომავლო ხედვები სამხედრო პოლიტიკასთან დაკავშირებით იმასაც გაითვალისწინებს, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ იმ შემთხვევაში, თუკი საერთაშორისო მხარდაჭერა არასაკმარისი ან დაგვიანებული აღმოჩნდება. საბოლოო ჯამში, ეს ქვეყანა მისი მოქალაქეების ასაშენებელია და არა უცხოელი დიპლომატებისა.

დღეს ჩვენ ისეთ ვითარებაში ვართ, როდესაც გვაქვს მოკლევადიანი საფრთხეები, რომლებზეც არ არსებობს მოკლევადიანი პასუხები. გვაქვს აგრესიის საფრთხე და არ გვაქვს სათანადო შესაძლებლობა, დამოუკიდებლად დავიცვათ მისგან თავი; გვჭირდება მტკიცე ხასიათის, გამოცდილი, განათლებული სამხედრო ლიდერები და არ გვაქვს საამისოდ საჭირო გამოცდილება და შესაბამისი ინსტიტუტები; გვჭირდება მართებული სტრატეგიული ანალიზი, მაგრამ საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ჩვენი განათლების სისტემა ძალიან ახალგაზრდაა იმისათვის, რომ ეს სწრაფად უზრუნველყოს. სამწუხაროდ, ჩვენი უსაფრთხოება უფრო მეტად ჩვენი მოკავშირეების დიპლომატიაზეა დამოკიდებული, ვიდრე ჩვენს ხელთ არსებულ სამხედრო ინსტრუმენტებზე. ამ ვითარებაში ერთადერთი და სწორი გამოსავალია სამომავლოდ ეფექტური სამხედრო პოლიტიკის შექმნისა და განხორციელების საფუძვლების დღეს შექმნა.

მინისტრის ხედვა, რომელიც დღევანდელი ომის შემდგომ განახლებული ერთადერთი ფორმალური დოკუმენტია, სამხედრო პოლიტიკაში მართებულად აკეთებს აქცენტს სამოქალაქო განათლების გაუმჯობესებაზე სამხედრო პოლიტიკისათვის მნიშვნელოვან სფეროებში. სამხედრო სისტემის წარმატებას სამოქალაქო სისტემის წარმატება განაპირობებს და აქ საჯარო სექტორის გაუმჯობესება, მათგან „მსწავლელი ინსტიტუტების“ შექმნა გადაუდებელი ამოცანაა.

ჩვენ გვჭირდება ქართული სამხედრო სკოლის შექმნა, ქართული სამხედრო აზრის განვითარება და ქართული სამხედრო კულტურისა და ტრადიციის ეტაპობრივი ჩამოყალიბება. ჩვენ დღეს გვჭირდება სამხედრო ლიდერები, რომელთაც შეეძლებათ როგორც პოლიტიკის ანალიზი, აგრეთვე მებრძოლთა შორის დისციპლინის განმტკიცება და მაგალითის მიცემა. ჩვენ გვჭირდება არსებულ პირობებთან (მცირე სახელმწიფო, დაკარგული ტერიტორიები, ძლიერი და აგრესიული მეზობელი) ადაპტირებული, საქართველოსათვის უნიკალური საბრძოლო დოქტრინის, გნებავთ, სამხედრო სკოლის შექმნა. ამის საფუძვლის ჩაყრა დღეს შეიძლება და, ჩვენი მოკავშირეების დახმარებით, მანამდე უნდა გავძლოთ, სანამ ეს ყველაფერი შედეგს მოიტანს. ისრაელთან ანალოგიები მხოლოდ გეოგრაფიულ განზომილებაშია მართებული, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - სამხედრო-პოლიტიკური, დიპლომატიური ან თუნდაც ტექნოლოგიური თვალსაზრისით. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ისრაელი არაოფიციალური ბირთვული სახელმწიფოა.

სამხედრო წარუმატებლობების ანატომიაში სამი ტიპის წარუმატებლობას გამოყოფენ:
■ წარუმატებლობა მოსალოდნელი სიტუაციისათვის მომზადებაში;
■ წარუმატებლობა ახალ და მოულოდნელ პირობებთან ადაპტირებაში;
■ წარუმატებლობა გამოცდილების გაანალიზებაში.

„ძველმა ხედვამ“ მთავარი რისკი სწორად ვერ გათვალა: საქართველო აღმოჩნდა პირდაპირი აგრესიის წინაშე, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობამ ვერ მოახერხა მისი შეკავება. მცირე მასშტაბის კონფლიქტის ნაცვლად, ქვეყანა ფართომასშტაბიანი, ტრადიციული ომის წინაშე აღმოჩნდა. სამხედრო სისტემას გაუჭირდა მტრის ინიციატივის შედეგად შექმნილ რეალობასთან ადაპტაცია, გვქონდა სერიოზული პრობლემები დისციპლინაში, ორგანიზებასა და კომუნიკაციაში (როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო); ორი შეცდომა რთული შეცდომაა, სამივე ერთად კი - კატასტროფული. სანამ ახალი ხედვა ფორმირების პროცესშია, კარგი იქნება მესამე წარუმატებლობის: „გაკვეთილების გაუთვალისწინებლობის“ თავიდან აცილება. „გაკვეთილების სწავლა“ პოლიტიკური პროცესია, რაც შემდგომ დაგვეხმარება იმაში, რომ მოსალოდნელი სიტუაციაც გავთვალოთ და სწორად ადაპტაციაც მოვახერხოთ.

საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია, რომლის ძირითადი პრინციპებიც საქართველოს თავდაცვის კონფერენციაზეც (19-20 მაისი, ბათუმი) განიხილეს, მართებულად ეყრდნობა სამხედრო სტრატეგიის ფუნდამენტურ პრინციპებს იმ საკითხებში, რომლებიც მნიშვნელოვანია მცირერიცხოვანი შეიარაღებული ძალებისათვის. რუსეთთან შედარებით, ჩვენი სამხედრო სისუსტის გათვალისწინებით, ძირითადი აქცენტი მოწინააღმდეგის სამხედრო-პოლიტიკურ და დიპლომატიურ შეკავებაზე (რომელიც გარკვეულწილად „ძველი ხედვის“ ნაწილიც იყო) კეთდება. განიხილება როგორც კონვენციური, ასევე არაკონვენციური ომის შესაძლებლობები, დეცენტრალიზებული მართვის უპირატესობა, „მაქსიმალური თავშეკავების“ პრინციპი და „ტოტალური და უპირობო თავდაცვის“ კონცეფცია.

დეცენტრალიზაციის პოლიტიკა სწორია, მაგრამ რთული. თუკი ბრძანება უნდა შეიცავდეს ყველაფერს, გარდა იმისა, რასაც ბრძოლის ველზე სამხედრო თავადაც გააკეთებს (ჰელმუტ ფონ მოლტკე), მაშინ სამხედრო ლიდერებს ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღების საუკეთესო შესაძლებლობები უნდა ჰქონდეთ, რაც მათ უკეთესი განათლებით უნდა მიაღწიონ. მოუმზადებელი დეცენტრალიზაცია, შესაძლოა, ქაოსის საწყისი გახდეს. აქცენტები ინიციატივის შენარჩუნებასა და მოქნილობაზე, მობილობასა და ერთიანობაზე, რაც აგრეთვე გათვალისწინებულია სტრატეგიაში, მნიშვნელოვანია მრავალრიცხოვანი მოწინააღმდეგის შემთხვევაში ძალების გადარჩენისა და ოპერაციული წარმატების მიღწევის თვალსაზრისით _ ეს სწორი პრინციპებია არსებული ძალთა ბალანსის გათვალისწინებით. ომის შემდგომ პერიოდში მნიშვნელოვანია პრიორიტეტი მაღალი მორალის შენარჩუნებაზე. მორალის ამაღლებისათვის სოციალური დაცვა და ნათელი პოლიტიკური მიზნები აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობებია. მორალის საფუძველი დისციპლინაა და ის პრობლემები, რაც გასულ წელს გამოჩნდა, მხოლოდ მკაცრი ორგანიზებისა და ერთობლივი, ხშირი რუტინული წვრთნების შედეგად შეიძლება აღმოიფხვრას.

საინტერესოა „მაქსიმალური თავშეკავების“ პრინციპი, რომელიც განიხილება, როგორც ახალი სამხედრო სტრატეგიის ნაწილი. აქ მნიშვნელოვანი იქნება იმ ზღვარის განსაზღვრა, რომლის იქითაც „თავშეკავება“ დაუშვებელია. ეს ზუსტად ისეთი მნიშვნელობის შემთხვევაა, როდესაც ომის საქმეებს მხოლოდ გენერლებს ვერ მიანდობ. ეს არა იმდენად სამხედროების, არამედ უფრო პოლიტიკოსების საქმეა. აქაც სამხედრო სტრატეგია პოლიტიკურ ანალიზთან მჭიდრო კავშირში უნდა იყოს. „ტოტალური და უპირობო თავდაცვის“ კონცეფცია მნიშვნელოვანია მისი პოლიტიკური შინაარსით. მას შეუძლია მოწინააღმდეგისათვის აგრესიის ფასის „აწევა“ არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისითაც. მაგრამ ასეთი კონცეფციის რეალობაში განხორციელება მასშტაბურ ცვლილებებს მოითხოვს სამოქალაქო თავდაცვის, რეზერვების მართვისა და სამხედრო-სამოქალაქო განათლების მხრივ. უკეთესი იქნება თუკი ამ კონცეფციის რეალიზაციის გზები უფრო ნათლად იქნება დანახული.

სტრატეგიულ და დოქტრინულ საკითხებთან ერთად გასათვალისწინებელია სამხედრო სტრატეგიის ფინანსური მხარეებიც. შედარებით მცირერიცხოვანი, არაკონვენციური ომის შესაძლებლობების მქონე, მობილური და მოქნილი ძალები ნიშნავს არა უფრო იაფ, არამედ უფრო ძვირ არმიას, რადგან ის მაღალ საბრძოლო თუ საინფორმაციო-სადაზვერვო ტექნოლოგიებზე უფრო მეტად არის დამოკიდებული, ვიდრე მრავალრიცხოვანი, მასობრივი არმიები. დამატებით დანახარჯებს მოითხოვს რეზერვების სისტემის რეფორმა, მასშტაბური თავდაცვის მომზადება და მისი უზრუნველყოფა. რამდენად მოხერხდება შეიარაღებული ძალების ტექნოლოგიური გადაიარაღება, გადამზადება და საერთო „გადაწყობა“ გლობალური და ლოკალური ეკონომიკური და ფინანსური სიძნელეების ფონზე, მნიშვნელოვან კვლევას მოითხოვს. ერთი საკითხია სწორი სტრატეგიული ფორმის შერჩევა, ხოლო მეორეა მისი ტექნოლოგიური და ლოგისტიკური უზრუნველყოფა. ბუნებრივია, რომ ნატო-სთან თავსებადობის მიღწევა უნდა დარჩეს პრიორიტეტად. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ როგორც ქვეყნის პოლიტიკური ვექტორი, რასაც ახალი სამხედრო სტრატეგიის სამუშაო ვერსია პრიორიტეტთა ნუსხაში მართებულად ათავსებს.

მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიის სამუშაო ვერსიაში ჩანს წარსული გაკვეთილების გათვალისწინების მცდელობა, მთავარი პრობლემა არა ხედვაში, არამედ ხედვის რეალიზაციაშია. ჩვენ გვჭირდება „დიდი სტრატეგია“ იმისათვის, რომ სამხედრო სტრატეგიის წარმატებული რეალიზაცია მოვახერხოთ. პოლიტიკური ეფექტიანობის ამაღლება, სტრატეგიული ანალიზის გაუმჯობესება, სამხედრო ლიდერთა უკეთესი განათლება პრიორიტეტებია, რაზეც უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია. სწორედ ამ მიმართულებით იყო შეცდომები და ხარვეზები ძველ ხედვებში და მინდა, იმედი ვიქონიო, რომ ახალი ხედვა უფრო რეალისტური აღმოჩნდება, როგორც ძველის ანალიზში, ასევე ახლის დაგეგმვაში.

პასუხი ჩვენ პრობლემებზე არის - განვითარება, პოლიტიკური სისტემის სიჯანსაღე და მისი სიძლიერე. მხოლოდ მრავალმხრივად განვითარებულ საზოგადოებებს შეუძლიათ ისეთი სამხედრო სისტემების შექმნა, რომლებიც დამარცხებებსაც გაუძლებენ და შეცდომებზეც ისწავლიან. სწორედ ამიტომ ვერ შეძლო რომაელთა დამარცხება ბრწყინვალე ჰანიბალმაც კი.

სტატია პირველად დაიბეჭდა ჟურნალ "ლიბერალის" 2009 წლის 12 აგვისტოს ნომერში

Wednesday, May 27, 2009

საქართველოს არჩევანი

26 მაისს საქართველომ მთავარი ეროვნული დღესასწაული აღნიშნა. დამოუკიდებლობიდან დღემდე ქვეყანამ მრავალი სირთულე და წინააღმდეგობა გამოიარა. დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ტვირთი რთული სატარებელია ახალგაზრდა, გამოუცდელი სახელმწიფოსათვის. საინტერესოა გადავხედოთ განვითარების იმ ტრაექტორიას, რაც დღეს საქართველოს აქვს მით უმეტეს, რომ აგვისტოს ომის შემდგომ განსაკუთრებით იმძლავრა პოლიტიკის ანალიზის მოთხოვნამ და საჭიროებამ.

ომის შემდგომ პოლიტიკის კომენტატორების, საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ნაწილში ისმის მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ საქართველომ უნდა გაატაროს ”ბალანსირებული პოლიტიკა,” რომელიც როგორღაც დააბალანსებდა დასავლეთისა და რუსეთის ინტერესებს საქართველოში და ამით საქართველოს მისცემდა უსაფრთხოების მეტ გარანტიებს; რომ ასეთი ბალანსირება ისტორიული კანონზომიერებითა და პოლიტიკური მიზანშეწონილებით არის განპირობებული. ხშირად ასეთი პოლიტიკის მაგალითად ჩვენივე რეგიონის ქვეყნები, სომხეთი და აზერბაიჯანი განიხილება ხოლმე, რომელნიც თითქოს ასეთი პოლიტიკის საშუალებით ახერხებენ რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის შენარჩუნებას. ამ ორ სახელმწიფოზე ქვემოთ ვისაუბრებთ, მანამდე კი სასარგებლო იქნება მოკლედ გავიხსენოთ თუ რას ნიშნავს ”ბალანსირება” (საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერებაში) სინამდვილეში, რა არჩევანის წინაშე დგას საქართველო და ბოლოს, რატომ არის შეუძლებელი და შესაძლოა საზიანოც ”ბალანსირების” ის მოდელი, რომლის თაობაზეც ამ ბოლო დროს საუბრობენ.

განსხვავებით ჩვენში გავრცელებული მოსაზრებისა, ბალანსირება არ ნიშნავს (ორი ან მეტი) სახელმწიფოს ინტერესის ”შეზავებას” ან მათთვის თანაბარი ასპარეზის მიცემას. ტერმინი ”ბალანსირება” ძალთა ბალანსის თეორიის ნაწილია და მისი ტრადიციული ინტერპრეტაცია აღნიშნავს ერთი სახელმწიფოს გავლენის წინააღმდეგ მოქმედებას შიდა რესურსების მობილიზაციით, სხვა სუსტ ან ძლიერ სახელმწიფოსთან თანამშრომლობით. ბალანსირების ანალიზი და მისი განმარტებები და ინტერპრეტაციები მოცემულია ჯონ მეირშაიმერთან, ქენეთ უოლთსთან, სთივენ უოლთთან და სხვა რეალისტ ავტორებთან. ჩვენს შემთხვევაში, საქართველო ცდილობს რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური სიძლიერის დაბალანსებას დასავლურ სამხედრო-პოლიტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციით და შეერთებულ შტატებთან პარტნიორობით. სხვაგვარი გაგება ”ბალანსირებისა,” რომელიც იქნებოდა თეორიულად გამართული, დაეყრდონობა ისტორიულ გამოცდილებას და იქნებოდა პრაქტიკაში გამოყენებადი, საერთაშორისო პოლიტიკაში არ არსებობს. ეს სტატიაც ამ საკითხის განხილვისათვის იწერება.

უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ვნახოთ თუ რა ტიპის რუსულ ინტერესებსა და პოლიტიკასთან გვაქვს საქმე საქართველოში. რუსული პოლიტიკა საქართველოს ინტერესებთან მიმართებაში ”ნეგატიურია” - საქართველოს არასოდეს მიუღია ”პოზიტიური რუსული წინადადება” იმის თაობაზე, თუ რას მიიღებდა ქვეყანა რუსეთთან თანამშრომლობის შედეგად. ”რუსული წინადადება,” თუკი ასეთი ოდესმე არსებობდა, ყოველთვის მდგომარეობდა მხოლოდ იმაში, რომ რუსეთი არ “დასჯიდა” საქართველოს თანამშრომლობის სანაცვლოდ. მუქარაზე დაფუძნებული პოლიტიკა საკმაოდ სერიოზული და ანგარიშგასაწევი რამაა, რადგან იგი ეფექტური იარაღია პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი შედარებით ძლიერი სახელმწიფოების ხელში შედარებით სუსტ სახელმწიფოთა წინააღმდეგ, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოშიც გამოჩნდა. თუმცაღა, მუქარასა და იძულებას, თავისი კონკრეტული დანიშნულება აქვს პოლიტიკის არსენალში და იგი უვარგისია მაშინ, როდესაც საუბარი თანამშრომლობასა და ალიანსებს შეეხება. იძულება კარგი ინსტრუმენტია ექსპანსიის, ძალის პროეცირების, მოწინააღმდეგის ინტერესების შესალახად და მისი მოკავშირეების გასანეიტრალებლად, მაგრამ იგი გამოუსადეგარია, როგორც ინსტრუმენტი თანამშრომლობის შესაქმნელად. თანამშრომლობას სჭირდება ბევრად მეტი რამ, ვიდრე სახელმწიფოთა შორის ასიმეტრიული ძალთა თანაფარდობაა. იმისათვის რომ თანამშრომლობა შედგეს, უნდა არსებობდეს მნიშვნელოვანი პოზიტიური (და არა ნეგატიური მაგალითად, ”გადარჩენა”) პოლიტიკური, სტრატეგიული, ეკონომიკური ინტერესები და საერთო ღირებულებები.

თუკი მსჯელობის გასამარტივებლად საქართველოსა და რუსეთს მცირე ხნით იზოლაციაში განვიხილავთ ვნახავთ, რომ ამ ორი სახელმწიფოს ინტერესები მხოლოდ ეკონომიკასა და ბიზნესში შეიძლება გადაიკვეთოს, ხოლო დანარჩენი სამი: პოლიტიკა, სტრატეგია და ღირებულებები შეუთავსებელი თუ არა, წინააღმდეგობრივი მაინც არის. პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველო დასავლეთზე და დასავლური სახელმწიფო მოწყობის ტიპზე ორიენტირებული საზოგადოება და სახელმწიფოა. საქართველოში ჯერ კიდევ არის დიდი რაოდენობა მოსახლეობისა, რომელიც ფიქრობს რომ რუსეთი არის ხსნა პრობლემებისაგან და გზა ეკონომიკური კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისაკენ, მაგრამ ასეთ ჯგუფებს აკლიათ ორგანიზება და კომპეტენტური ლიდერები, რომლებიც მათი შეხედულებების ეფექტურ სამოქმედო გეგმად ფორმირებას და ამ გეგმის პოლიტიკაში რეალიზაციას შესძლებდნენ. თანამედროვე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების აქტიური და ორგანიზებული ნაწილი კი დასავლური ტიპის ან დასავლური განათლებითა და მოდელებით აზროვნებს და მისთვის დემოკრატია შესაძლებლობის, ინიციატივის, კანონისა და უსაფრთხოების სამყაროა. მართალია ჩვენთან ჯერ კიდევ სუსტია დემოკრატიული ინსტიტუტები და ტრადიციები, მაგრამ დემოკრატიის მოთხოვნა ქვეყანაში ძლიერია.

რუსეთის მიერ ათწლეულების, თუ არა საუკუნეების განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოებრობისადმი აქტიურმა მტრობამ საქართველოს ხედვა დასავლეთს მიაჯაჭვა. მაშინ როდესაც საქართველო დასავლეთსა და შესაბამისად დემოკრატიაში შესაძლებლობას, თავისუფლებასა და ინდივიდუალიზმს ხედავს, რუსეთი დასავლეთსა და ლიბერალურ დემოკრატიას მტრულად აღიქვამს. ”სუვერენული დემოკრატიისა” და ”ძალაუფლების ვერტიკალის” რუსული პლაგიატი, ლიბერალურ დემოკრატიას ისევე უყურებს როგორც ბინ-ლადენი და მისი ალ-ყაიდა: ლიბერალიზმი (რუსულ ვერსიაში) და სეკულარიზმი (ალ-ყაიდას ვერსია) ”სამოქალაქო” რელიგიებია, რომლებიც ემუქრება ტრადიციულ ღირებულებებს, რელიგიასა და მორალს; ეროვნულ, ეთნიკურ თუ რელიგიურ ინტერესებს. ლიბერალიზმისა და სეკულარიზმის შიში და ერთგვარი მიუღებლობა მოქალაქეთა სხვადასხვა ფენებში საქართველოს პრობლემაც არის. ეს მისი ეკონომიკის და პოლიტიკური ინსტიტუტების სისუსტისა და განათლების დაბალი დონის შედეგია და ”ქვემოდან,” ანუ ხალხთა მასების ნაწილიდან მოდის. აღნიშნულის მიუღებლობას კი რუსეთში ზემოხსენებულ ფაქტორებთან ერთად ”ძალაუფლების ვერტიკალის” მიერ წარმოებული პროპაგანდა ემატება, ანუ მას რუსული ელიტის დიდი ნაწილიც იზიარებს. ეს კი მნიშვნელოვანი განსხვავებაა. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ხშირად ამბობენ ხოლმე, შეძლებული რუსი შვილებს ინგლისში ასწავლის, ფულს შვეიცარიაში ინახავს და ზაფხულში ნიცის სანაპიროზე ერთობა, იგი მაინც დასცინის იმ დემორატიას, რომელიც ყოველივე ამის უსაფრთხოდ კეთების საშუალებას მასაც აძლევს.

ვინაიდან სტრატეგია პოლიტიკას ემსახურება, შესაბამისად განსხვავებულია ის მიდგომები, რომლებიც საქართველოს აქვს საკუთარი მიზნების რეალიზაციისათვის. NATO-სა და ევროკავშირისაკენ სწრაფვა, დასავლეთის სამხედრო კამპანიებში მონაწილეობა სწორედ ამ სტრატეგიის გამოხატულებაა. გასაკვირი არაფერია იმაში, რომ სუსტი სახელმწიფო უფრო ძლიერ (ჩვენს შემთხვევაში უძლიერეს) სახელმწიფოთა ალიანსთან მეგობრობასა და კავშირს ესწრაფვოდეს. რუსეთი თავის მხრივ, მოქმედებს დასავლეთის ექსპანსიის წინააღმდეგ, რაც მან 2008 წელს საკმაო წარმატებით მოახერხა, როდესაც შეაჩერა საქართველოსა და უკრაინისათვის MAP-ის მიცემის პროცესი. 2008 წლის აგვისტოში კი მან ძლიერი დარტყმა მიაყენა უპირველეს ყოვლისა საქართველოს, ხოლო შემდეგ დასავლეთისა და შეერთებული შტატების ინტერესებსა და საერთაშორისო პრესტიჟს ჩვენს წინააღმდეგ ომითა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაზიანებით.

ეკონომიკის მხრივ, საქართველოს მნიშვნელოვანი ინტერესები გააჩნია რუსეთში და ასევე რუსეთსაც, ოღონდ მას არა უშუალოდ საქართველოში, არამედ ”საქართველოზე გავლით,” ამ სიტყვის როგორც გადატანითი, ასევე პირდაპირი მნიშვნელობით. რუსული ბაზრის დაკეტვა, მშრომელთა მიგრაციის შეზღუდვა და სხვა პრობლემები საგრძნობლად აზარალებს ჩვენს ეკონომიკას. რუსული ბაზრის დაკარგვა არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისათვის იქნებოდა სერიოზული ეკონომიკური დანაკარგი, მაგრამ მეორეს მხრივ, თუკი ინდუსტრიები, რომლებიც სარგებლობდნენ რუსული ბაზრით წარმატებულად გააგრძელებენ ბაზრების დივერსიფიკაციას, ზარალის შემცირება შესაძლებელი გახდება. მუშახელის მიგრაციის საკითხიც სტრუქტურული საკითხია და დროთა განმავლობაში აღნიშნული უმუშევრობის ერთგვარი კომპენსაციაც მოსალოდნელია. მეორეს მხრივ, კანონზე დაფუძნებულ სახელმწიფოებში უფრო უსაფრთხოა ბიზნესის წარმოება, იგი უფრო მდგრადია და ნაკლებად ექვემდებარება პოლიტიკურ რყევებს. ამასთან, მსოფლიო მრავალ საინტერესო ეკონომიკურ პერსპექტივას გვთავაზობს გლობალიზაციისა და ლიბერალური ეკონომიკის პირობებში.

ღირებულებები მნიშვნელოვანია, ვინაიდან ისინი კვებავენ პოლიტიკურ და საზოგადო დისკურსს. საქართველოსა და რუსეთის არჩევანები აქაც რადიკალურად განსხვავებულია, რაც ხშირად არჩევანით, ზოგჯერ კი აუცილებლობით არის განპირობებული. მაშინ როდესაც კრემლმა გადაწყვიტა რომ მისი კამპანია მედიის წინააღმდეგ კარგი მიდგომა იყო პოლიტიკის საკეთებლად, საქართველოში ”იმედის” წინააღმდეგ 2007 წელს განხორციელებული მოქმედება შეცდომად მიიჩნევა; მაშინ როდესაც საქართველოში უკმაყოფილო ხალხი პიკეტირებს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ, კეტავს ქალაქის მთავარ გამზირს და იყენებს ოპოზიციურ ტელე-არხებს, რუსეთში ასეთი რამ უკვე დიდი ხანია წარმოუდგენელია. საქართველოში მარგინალური პოლიტიკური გავლენის მქონე ჯგუფები რადიკალურ-ნაციონალისტური, რევანშისტული დაჯგუფებებია; რუსეთში მარგინალური პოლიტიკური გავლენა დემოკრატიულ ძალებს აქვთ. რუსეთს არ გააჩნია ღირებულებითი ხიბლი და ”რბილ ძალად” წოდებული გავლენა, რათა მიიზიდოს მოკავშირეები. დრო, როდესაც მას ასეთი ”რბილი გავლენა” ჰქონდა კომუნიზმის, როგორც მსოფლიო ომში გამარჯვებული იდეოლოგიის დამარცხებასთან ერთად წავიდა. დღეს კი, როდესაც ევროკავშირი ”აღმოსავლეთის პარტნიორობას” სთავაზობს მეზობელ სახელმწიფოებს, რუსეთი მათ გაზის მიწოდებას უწყვეტს და საქართველოს ბალისტიკურ რაკეტებს უშენს. ღირებულებითი არჩევანი ნათელია, ჩვენთვის განსაკუთრებით და უფრო მწვავედ აგვისტოს შემდეგ.

საქართველოს დემოკრატიული და დასავლური ტრაექტორია გამოწვეულია, როგორც დემოკრატიის მიზიდულობით, ასევე დასავლეთის მხარდაჭერის აუცილებლობით, რომლის დაკარგვაც საქართველოსათვის დამღუპველი იქნება. შესაბამისად, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პრობლემებთან ჭიდილმა შესაძლოა ქვეყანა სისტემური გაძლიერების გზაზე დააყენოს. რუსეთს დასავლეთის მხარდაჭერა არ სჭირდება და შესაბამისად, მათი თანამშრომლობა სხვა ხარისხისა და მასშტაბისაა. საქართველოსა და რუსეთს სხვადასხვა სტანდარტებით სჯიან და მათ მიმართ განსხვავებული მოლოდინები არსებობს. რუსეთის სტაბილურობა და ზეგავლენა ძირითადად საწვავის ფასებს, პუტინის მკაცრად რაციონალურ მმართველობას და ელიტების ამ მმართველობით კმაყოფილებას ეფუძნება. სწორედ ამიტომ, რუსეთის პოლიტიკური ზეობა შეიძლება მისი სისტემური დასუსტებით დასრულდეს და რუსეთი გადაიქცეს მსოფლიო უსაფრთხოების დიდ პრობლემად და არა მისი გადაჭრის მნიშვნელოვან ნაწილად.

დავუბრუნდეთ ხშირად ”ბალანსირების” მაგალითად მიჩნეულ სომხეთს და გარკვეულწილად აზერბაიჯანს. სომხეთი ერთგვარი ”ურთიერთთავსებადობის” პოლიტიკას ეწევა, სინამდვილეში კი მისი სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურა რუსეთის მიერ არის ”დაყადაღებული.” აზერბაიჯანი ბალანსირებას იმით ცდილობს, რომ ნავთობს რუსეთშიც ყიდის, NATO-ს წევრობას აქტიურად არ ითხოვს, მაგრამ თანამშრომლობს მასთან. თითქოსდა, ორივე სახელმწიფოს წარმატებით უნდა ჰქონდეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხი გადაწვეტილი. მაგრამ ”ურთიერთთავსებადობის,” ან ორ ძალას შორის ბალანსირების ილუზიასა და ამ მიდგომის თეორიულ და პრაქტიკულ სისუსტეს წერტილს ყარაბაღი უსვამს: სომხეთს აზერბაიჯანის ტერიტორიის დიდი ნაწილი უკავია. სახელმწიფოთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ფორმულაში ბალანსირების ასეთი გაგება ნეიტრალურია - იგი არ განაპირობებს პოლიტიკურ დივიდენდებს, რადგან მთავარი მაინც ის არის, რომელი სახელმწიფო ან მხარე არის უფრო ინტეგრირებული, უფრო შეკავშირებული დიდ ძალასთან. ასეთი კი ამ ეტაპზე და განსაკუთრებით ყარაბაღის კონტექსტში სომხეთია. ასეთი ბალანსირების მოჩვენებითობას თუნდაც ის ადასტურებს, თუ რა სწრაფად თქვა უარი სომხეთმა NATO-ს წვრთნებში მონაწილეობაზე რუსეთის მოთხოვნის შედეგად და რაოდენ ენერგიულად უჭერს მხარს აზერბაიჯანი ნაბუკოს პროექტს, რომელიც რუსეთის გავლენის შესუსტებისაკენ არის მიმართული. სწორედ ამიტომ, ასეთი ”ბალანსირება” დიპლომატიური ეტიკეტის ნაწილია და არა სახელმწიფოთა წარმატებული პოზიცირება საერთაშორისო სისტემაში ან მით უმეტეს, რაიმე სახის მწყობრი თეორია მცირე სახელმწიფოს ეფექტური საგარეო პოლიტიკისათვის.

ისევე როგორც ნებისმიერ სხვა კონკურენციაში, მათ შორის გავლენის სფეროებისათვის პაექრობაში, უნდა გაიმარჯვოს ან დასავლეთმა (უფრო კონკრეტულად კი შეერთებულმა შტატებმა) ან რუსეთმა. ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეთათვის დასავლეთის გამარჯვება ეროვნული ინტერესების ნაწილია, ვინაიდან მეორე ან უკეთესი ალტერნატივა არ არსებობს, არსებობს რუსეთის სრული გავლენის გარდაუვალობა და/ან საქართველოს, როგორც თანამედროვე სახელმწიფოს იდეის მორიგი მარცხი. სწორედ ამიტომ, ჩვენი სახელმწიფო და თუ გნებავთ, სასიცოცხლო ინტერესი არის ის, რომ მივაღწიოთ მდგრად უსაფრთხოებას, განვითარებას და ლიბერალურ-დემოკრატიული პროცესების შეუქცევადობას. ჩვენი სტრატეგიის მთავარი ღერძი დასავლეთზე და მის სამხედრო - პოლიტიკურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობაზე გადის.

ჩვენი წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მოახერხებს ქვეყანა ომის შემდგომი რყევებიდან ფეხზე დადგომას და სამხედრო უსაფრთხოებისა და პოლიტიკური სტაბილურობის მეტ-ნაკლებად პროგნოზირებადი რეჟიმის შექმნას; რაც ძალიან მნიშვნელოვანია - რამდენაც შესაძლებელი იქნება ახალი, ეფექტური რეფორმების განხორციელება; მაგრამ მხოლოდ ჩვენი არჩევანი საკმარისი არ არის, რამდენად ეფექტურიც არ უნდა იყოს ჩვენი დიპლომატია და რაოდენ ბრძენიც ჩვენი პოლიტიკური საზოგადოება. მრავალი სხვა ფაქტორი ზემოქმედებს იმაზე, მოხვდება თუ არა დასავლეთის სტრატეგიული და არა პერიფერული ინტერესების ზონაში საქართველო. ეს დამოკიდებულია დემოკრატიული სამყაროს ლიდერის - შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების განსაზღვრებისა და ფორმირების პროცესის შედეგებზე, რომელიც ახლა მიმდინარეობს; ეს განპირობებული იქნება იმით, თუ რამდენად მოახერხებენ შეერთებული შტატები და ევროკავშირი უნისონში მოქმედებას საქართველო-რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებით და რამდენ ძალისხმევას გაიღებენ ისინი ჩვენთვის; დასასრულს, ეს ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ კიდევ რა მოხდება ხვალ მსოფლიოში. ეს ის საკითხებია, რომლებზეც ჯერ არ გვაქვს პასუხები, ზოგიერთ საკითხზე კი პასუხები უბრალოდ არ არსებობს. მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ თუ რა არის ჩვენი ეროვნული ინტერესი და შევეცადოთ ამ ინტერესის გააზრებას, საზოგადოებაში კომუნიკაციას და მის რეალიზაციას და არა მის ხელოვნურ მოდიფიკაციას. ეს ჩვენი: სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკის მეცნიერთა თუ პოლიტიკოსთა პასუხისმგებლობაა. მეორე და არა ნაკლებ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ამ არჩევანის დაცვაა, რომელსაც მნიშვნელოვანი საფრთხეები ემუქრება და მომავალშიც დაემუქრება.

საქართველო და რუსეთი იმყოფებიან რადიკალურად განსხვავებულ ისტორიულ გზებზე. მიუხედავად იმისა, რომ საწყისი პოზიციების - თუნდაც მხოლოდ ისტორიული ქრონომეტრაჟის გამო, ერთმანეთთან მსგავსებებიც შეიძლება მრავლად აღმოვაჩინოთ, ორი სახელმწიფო და ორი საზოგადოება სხვადასხვა გზით მიემართებიან ისტორიული მომავლისაკენ. მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც აუცილებლად უნდა დაისვას, არის ის, თუ რამდენად შეუქცევადია ეს ისტორიული ტრაექტორია. ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი ახლა და საქართველოსათვის ჯერ სამწუხაროდ არ არსებობს. მაგრამ არსებული განსხვავებები, დღეისათვის გაკეთებული არჩევანები ამ ორი საზოგადოების განსხვავებული და შეუთავსებელი განვითარების ტრაექტორიებზე მიუთითებს. რუსეთისა და საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობა მაშინ, როდესაც ეროვნული ინტერესები ასე განსხვავებულია შეუძლებელია. ასეთ ვითარებაში რეალური ალტერნატივები არის არაკეთილმეზობლურ რეჟიმში არსებობა ან ერთის მიერ მეორის ინტერესების დასათმობად იძულება (ომი).

სწორედ პოლიტიკური, ეკონომიკური, სტრატეგიული და ღირებულებითი ფაქტორების გათვალისწინებით ფორმირდება ეროვნული ინტერესები. ამ მხრივ, სასწორი საქართველოსათვის დასავლური ტიპის სახელმწიფოებრიობისაკენ იხრება. სწორედ აღნიშნული განაპირობებს რუსეთის ეროვნული ინტერესების კონფლიქტს ჩვენთან და პირიქით. ამ არჩევანების, ინტერსებისა და მთავარი მოთამაშეების ”დაბალანსება” შეუძლებელია. როდესაც მხოლოდ ოთხი ქვაა: პოლიტიკა, ეკონომიკა, სტრატეგია და ღირსებულებები და ოთხივე პინის ერთ მხარეს დევს, შეუძლებელია სასწორის წონასწორობაში მოყვანა მსჯელობის დეფორმაციის გარეშე.

ლევან ცუცქირიძე

დაიბეჭდა გაზეთ ”24 საათში” 1 ივნისი, 2009

Monday, December 8, 2008

მცირე სახელმწიფოთა რეალობა

ძლიერ და სუსტ სახელმწიფოებს, ისევე როგორც დიდსა და მცირეებს, ხშირად უწევთ იმაზე ფიქრი თუ როდის, რა მასშტაბით და ფორმით მიმართონ შეიარაღებულ ძალას, როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტს. ზოგიერთი (ძლიერი) ამას მაშინ აკეთებს, როდესაც საჭიროდ ჩათვლის. სხვანი (სუსტები) კი მაშინ, როდესაც მხოლოდ ომზე უარესი არჩევანი რჩებათ.

შეიარაღებული ძალა სახელმწიფოს არსებობის განუყოფელი ატრიბუტია, მაგრამ მისი გამოყენების ლოგიკა განსხვავებულია დიდი და მცირე სახელმწიფოებისათვის. კლაუზევიცი ორი ტიპის, ”პოზიტიურ” და ”ნეგატიურ” პოლიტიკურ მიზანს განმარტავს, რომელთა მიღწევასაც სახელმწიფოები ცდილობენ. ”პოზიტიური” ისეთი ტიპის მიზნებია, რომელთა რეალიზაციაც სახელმწიფოს რაიმეს შემატებს (მაგალითად ტერიტორიას). ”ნეგატიური მიზანი” კი სახელმწიფოს არაფერს მატებს, მხოლოდ უნარჩუნებს (მაგალითად სუვერენიტეტს). ძლიერი სახელმწიფოები შეიარაღებულ ძალებს ორივე, ”პოზიტიური” თუ ”ნეგატიური” მიზნებისათვის იყენებენ. მცირე და შედარებით სუსტები კი ძირითადად ”ნეგატიური” პოლიტიკური მიზნების რეალიზაციით არიან დაკავებულნი. ამას განაპირობებს საერთაშორისო პოლიტიკის ხასიათი, სადაც ეროვნული უსაფრთხოება მთავარი ამოცანაა, შეიარაღებული ძალების მშენებლობა და ეფექტური გამოყენება კი ეროვნული უსაფრთხოების მთავარი გარანტი. ასეთ პირობებში კი ბუნებრივია, მცირე სახელმწიფონი შედარებით უფრო დაუცველნი არიან.

სამხედრო ძალა, პოლიტიკა და დიპლომატია ისეთი ერთობაა, სადაც სამივე კომპონენტის ეფექტური ურთიერთქმედება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აქაც მნიშვნელოვანი განსხვავებებია დიდ და მცირე სახელმწიფოებს შორის. ძლიერი ეკონომიკისა და შეიარაღებული ძალების მქონე სახელმწიფოებს შეუძლიათ ძალის გამოყენებით პოლიტიკური მიზნების მიღწევა და მიღებული შედეგების დიპლომატიით განმტკიცება. მეტიც, მათ შეუძლიათ მხოლოდ ძალის გამოყენების მუქარით ან სულაც მის გარეშეც მიაღწიონ სასურველს. სუსტ სახელმწიფოებს კი ამდენი არჩევანი არ გააჩნიათ. მათ შეიარაღებულ ძალებს შეზღუდული შესაძლებლობები გააჩნიათ სხვებთან შედარებით. ამიტომაც არის რომ ისინი ძირითადად ”ნეგატიურ” პოლიტიკურ მიზნებზე ახდენენ ორიენტირებას.

ტერიტორიულად მცირე ქვეყანათა შორის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო ისრაელია, რომელიც არაოფიციალურ ბირთვულ სახელმწიფოდაც ითვლება. ისრაელი ასევე შეერთებული შტატების “მთავარი არა-ნატოელი მოკავშირეა” და ამერიკა ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმისა, რომ ისრაელი დღესაც არსებობს. ასეთი ძლიერი შეიარაღებული ძალებისა და საგარეო მხარდაჭერის მქონე ისრაელიც კი საკუთარი თავის გადარჩენისათვის ბრძოლით არის დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა რეგულარულად ომობს და ხშირად არის ”ომის წამომწყები” იგი შედარებით უფრო იშვიათად არის ”ომის მიზეზი.” ის ტერიტორიებიც კი, რომელიც ისრაელმა არაბულ სახელმწიფოებთან ომებში დაისაკუთრა, უფრო და უფრო რთული შესანარჩუნებელი ხდება მრავალი პოლიტიკური, სამართლებრივი, დემოგრაფიული თუ მორალური თვალსაზრისით.

სხვა ქვეყნები რაღა თქმა უნდა ბევრად უფრო კონსერვატიულნი არიან ისრაელთან შედარებით. რუსეთ-საქართველოს ომმა გვიჩვენა, თუ რაოდენ რთულ ვითარებაში არიან სახელმწიფოები, რომელნიც აგრესიული და ძლიერი მეზობლის წინააღმდეგ ცდილობენ ბალანსირებას. ჩვენც ძალიან მტკივნეულად გვიწევს მსოფლიო პოლიტიკურ რეალობასთან ადაპტირება. იმასთან, რომ საერთაშორისო სამართლით გარანტირებული თანასწორუფლებიანობა სულაც არ ნიშნავს თანასწორ შესაძლებლობებს თუნდაც დიპლომატიურ არენაზე; მსოფლიო არ იმართება დემოკრატიის იდეალებით, მეგობრობა სახელმწიფოთა შორის ანგარებიანია და არც პრაგმატიზმი და რაციონალობაა ხშირად პოლიტიკის საფუძველი. ასე რომ იყოს, პოლიტიკური უთანხმოებები ვახშამზე ხელმოწერილი გარიგებებით დამთავრდებოდა. მსოფლიო ისევ ისეთია, როგორიც იყო ათენისა და სპარტას ომების დროს, სადაც მთავარი ღირებულება ძალაუფლება და გავლენაა, ვინაიდან მხოლოდ მას შეუძლია უზრუნველყოს მოქმედების თავისუფლება. დღესაც, ისევე როგორც ანტიკურ საბერძნეთში, გამარჯვებული მართალი კი არ გამოდის, არამედ ძლიერი.

ჩვენი, ისევე როგორც სხვა მცირე სახელმწიფოთა შესაძლებლობები შეზღუდულია, ეს კი იმას ნიშნავს რომ ამოცანები ამ, შეზღუდული შესაძლებლობების გათვალისწინებით უნდა დავსახოთ. ისეთი მცირე ქვეყნები, რომელნიც მათზე ძლიერთა გარემოცვაში არიან, შეიარაღებულ ძალებს იყენებენ არა პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, არამედ პოლიტიკის მიერ უკვე მიღწეული მიზნების შესანარჩუნებლად. მათთვის ასეთი მიდგომა არა არჩევანი, არამედ არასასურველი აუცილებლობაა. იგი ბევრ კომპრომისს, დიდი დროის ხარჯვას, ცოტა შესაძლებლობებს და მცირე მიღწევებს ნიშნავს. ჩვენნაირი სახელმწიფოები უსაფრთხოებას და უპირატესობას საერთაშორისო ორგანიზაციებში (საუკეთესო შემთხვევაში სამხედრო ალიანსებში, თუმცა ეს ცალკე საუბრის თემაა) და ეკონომიკურ ფორუმებზე, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონფერენციებზე და საერთაშორისო სამართლის იმ რთულ სამყაროში ეძებენ, სადაც მოსამართლეებს ჯერ კიდევ სხვები ნიშნავენ. მაგრამ რადგანაც ასეთია რეალობა, ყველაზე სწორი არჩევანი ამ რეალობაში ადგილის მოძებნა და საკუთარი როლის პოვნაა, რაც სამწუხაროდ, მაინც ვერ იძლევა უსაფრთხოების დამარწმუნებელ პირობას. მაგრამ ვინაიდან მცირე სახელმწიფოები იმ ოკეანეში ცხოვრობენ, სადაც ტალღებს დიდები აგორებენ, მათი არჩევანი უპირველეს ყოვლისა უკეთესი ნავის მშენებლობაა და არა ამ სახელმწიფოთა ავიამზიდების ჩაძირვაზე ოცნება.

ლევან ცუცქირიძე


სტატია დაიბეჭდა 10 დეკემბერს გაზეთ ”24 საათში”